Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ ქუთათელაძე – 80. “ჯურღაის ფარი” – დაგვიანებული აღიარება


ჩვენი დღევანდელი პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება.

პროგრამის პირველ ნახევარში ქართველ მხატვარ გურამ ქუთათელაძეს გავიხსენებთ. წელს მას 80 წელი შეუსრულდებოდა. პროგრამის მეორე ნახევარში გიამბობთ ფილმზე, რომლის გადაღებიდან 60 წელი გავიდა. თუმცა სიკო დოლიძისა და დავით რონდელის ეს სურათი, “ჯურღაის ფარი”, სტალინის ხელისუფლებამ არა 1944 წელს, არამედ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გამოუშვა ეკრანებზე.


თავისი თაობის გამოჩენილი ქართველი მხატვრებისგან განსხვავებით, გურამ ქუთათელაძეს, რომელსაც ახლობლები და მეგობრები “ხიტას” ეძახდნენ, თბილისის სამხატვრო აკადემია არ დაუმთავრებია. მეორე მსოფლიო ომი მთავრდებოდა, როცა ხიტა ქუთათათელაძემ მოსკოვის სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტი დაამთავრა, ანუ ის უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც სოცრეალიზმის “მექად” ითვლებოდა. თბილისის აკადემიისგან განსხვავებით, მოსკოვის სამხატვრო ინსტიტუტში სრულიად გამორიცხული იყო სოციალისტური რეალიზმის საზღვრებიდან ოდნავი გადახვევაც კი. ამისათვის სტუდენტებს “ორიანს” კი არ უწერდნენ, როგორც თბილისში, არამედ პირდაპირ რიცხავდნენ ინსტიტუტიდან.

სურიკოვის ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ხიტა ქუთათელაძე ბრუნდება თბილისში, სადაც მას სრულიად განსხვავებული სიტუაცია ხვდება: ფერწერაში მოსასვლელად ემზადება ახალი თაობა, ხიტა ქუთათელაძის თაობა – ედმონდ კალანდაძე, ჯიფსონ ხუნდაძე, ზურაბ ნიჟარაძე, რომლებიც მზად არიან “გადაატრიალონ” ქართული ფერწერის ენა. ოღონდ ამ გადატრიალებას “რევოლუციას” არავინ უწოდებს – მათ მხოლოდ იმ ტრადიციების აღდგენა უნდათ, რომელიც წლების მანძილზე მკვიდრდებოდა ქართულ ფერწერაში და რომელიც ხელის ერთი მოსმით გაანადგურეს სოცრეალისტებმა.

არც ხიტა ქუთათელაძე იყო “რევოლუციონერი” ფერწერაში. იგი, ალბათ, უფრო დავით კაკაბაძის ტრადიციების გამგრძელებლად უნდა მოვიაზროთ. მხატვარი, რომელიც ახერხებს შეუთავსოს ერთმანეთს პეიზაჟის ეპიკურობა და დეკორატიულობა – ქმნის ფერადოვან ხალიჩას, თავისი თაობის ქართველი მხატვრების მსგავსად, არ მალავს, რომ შთაგონებულია იმპრესიონისტების ხელოვნებით, მაგრამ, ამავე დროს, ცდილობს გამოხატოს არა იმდენად წამი, შთაბეჭდილება, რამდენადაც არსი ბუნებისა, ის, რაც არასდროს იცვლება.

პეიზაჟი ის ჟანრია, რომელსაც ხიტა ქუთათელაძემ სიცოცხლის ბოლომდე არ უღალატა. იგი ხატავდა იმერეთის, ქართლის პეიზაჟებს... ქმნიდა ფერწერულ ვარიაციებს წელიწადის სხვადასხვა დროის თემაზე.

ხიტა ქუთათელაძე საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა – 1979 წელს. გარდაცვალებამდე ხიტა ქუთათელაძე თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა. თუმცა იმის სწავლება, როგორ უნდა მიაღწიო ჰარმონიას მარადიულსა და წამიერს შორის და, რაც მთავარია, როგორ უნდა გამოხატო ეს მთლიანობა ფერწერაში, ალბათ, შეუძლებელია.

[პირველი ნაწილის დასასრული]

ფილმი-კონცერტის ჟანრი კინოში ხმის მოსვლისთანავე დამკვიდრდა. თუმცა საბჭოთა კავშირში უფრო მუსიკალური ფილმები მოსწონდათ (თუნდაც ალექსანდროვის მიუზიკლები), ვიდრე ფილმი-კონცერტები. ყოველთვის მიაჩნდათ, რომ მაყურებელი არ წავა იმ ფილმის სანახავად, რომელსაც ან არა აქვს სიუჟეტი, ან აქვს სქემატური სიუჟეტი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული მუსიკალური ნომრების გაერთიანებისთვის იგონებენ ხოლმე. შემთხვევითი არ არის, რომ ფილმი-კონცერტის ჟანრი პოპულარული გახდა ტელევიზიის გაჩენის შემდეგ. ფილმი-კონცერტი მშვენივრად მოერგო ტელევიზიის სპეციფიკას და არა კინოს.

მაგრამ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვითარება კულტურაში ძირეულად შეიცვალა. ჰოლივუდმა ფილმ-კონცერტების გადაღებას მოუხშირა. ამერიკელები თავიანთი ჯარისკაცების გამხნევებას ცდილობდნენ. საბჭოთა კინემატოგრაფისტები ამჯერად ამერიკელებს ვერ მიბაძავდნენ – არადა, იმავე გრიგორი ალექსანდროვის სურათებს თუ გავიხსენებთ, ამის დიდი სურვილი ყოველთვის ჰქონდათ. ომის პერიოდში საბჭოთა კავშირში ეგრეთ წოდებული “მცირეფილმიანობის ეპოქა” დაიწყო – ხელისუფლებას კინოს განვითარებისთვის ფული აღარ ჰქონდა, მით უმეტეს, ფილმ-კონცერტებისთვის.

ამ დროს ინიციატივით თბილისის კინოსტუდია გამოვიდა. მსახიობები მზად იყვნენ უხელფასოდ ემუშავათ და გაემხნევებინათ ჯარისკაცები. საქართველოს ასეთი პროფესიონალები მრავლად მოეპოვებოდა. ფილმი-კონცერტი მათი პოპულარიზაციის საშუალებას იძლეოდა. თანაც, სიკო დოლიძეს, რომელსაც დავით რონდელთან ერთად ფილმი-კონცერტის, “ჯურღაის ფარის”, გადაღების იდეა დაებადა, მოსკოვმა მანამდე გიორგი ლეონიძის სცენარი დაუწუნა, “გიორგი სააკაძე” არ გადააღებინა. მაგრამ ჭიაურელის “გიორგი სააკაძემ” თბილისის სტუდიას კოსტიუმებიც დაუტოვა, დეკორაციებიც. მოკლედ, საქართველოში ფილმი-კონცერტის გადაღების ყველა საშუალება შეიქმნა. მოსკოვისთვის კი ასეთი ფილმი ხელსაყრელიც იყო: აუცილებელი გახდა ბელადის გამხნევება ქართული ცეკვა-თამაშით. გასულ წელს, სიკო დოლიძის საიუბილეო საღამოზე, კინომცოდნე ოლღა თაბუკაშვილმა ამგვარად ახსნა “ჯურღაის ფარის” გადაღება:

[ოლღა თაბუკაშვილის ხმა] “გადაწყვიტა იმ დროს, როცა საბჭოთა ჯარები უკან იხევენ, იმ დროს, როცა იღუპებიან ქართველი ახალგაზრდები, მათ სჭირდებათ “პატრიოტული შეძახილი”, ლეგენდა იმაზე, რომ ფარი, რომელიც ხეზეა მიმაგრებული, როცა ქვეყანას უჭირს, შესძახებს ერს ბრძოლისაკენ.”(სტილი დაცულია)

მაგრამ “ჯურღაის ფარი” ძალიან სწრაფად მოხსნეს ეკრანებიდან და, რაც მთავარია, არ უჩვენეს ნომერ პირველ საბჭოთა მაყურებელს, იოსებ სტალინს. ოფიციალური ვერსიით, გენერალისიმუსს იმხანად ფილმი-კონცერტებისთვის არ ეცალა. თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომელიც სიკო დოლიძის ქალიშვილმა, ქეთი დოლიძემ, გაგვაცნო:

[ქეთი დლიძის ხმა]“როდესაც მე სულ რაღაც ორიოდე წლის წინ ვნახე ეს ფილმი, გამაოგნა იმან, რომ ამ გაგანია ომის დროს, კომუნისტური რეჟიმის დროს, რამდენია ღმერთზე ლაპარაკი, რწმენაზე, ჩვენს მეფეებზე, ჩვენს წარსულზე.”(სტილი დაცულია)

მაგრამ სტალინს სწორედაც რომ უყვარდა “მეფეებზე, წარსულზე” გადაღებული ფილმები. მოსკოვში ამას მოგვიანებით მიხვდებიან, როცა ბელადი ეკრანებიდან კარგა ხნის წინ მოხსნილი “ჯურღაის ფარის” ბედით დაინტერესდება:

[ქეთი დოლიძის ხმა] “მერე ეს ფილმი თითქოს გაქრა. და 1948 წელს დედაჩემი მამას ურეკავს და ეუბნება: სიკო, რაღაცა ხდება მოსკოვში, ყველგან გამოკრულია “ჯურღაის ფარის” აფიშები. არ ვიცი, რას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ რაღაცა ხდება...სტალინი მიემართებოდა თავისი აგარაკისკენ, მანქანაში იჯდა ბერია და კიდევ ორი ადამიანი, სტალინმა იკითხა... “ჯურღაის ფარი” რა იქნა? არ გამოვიდა ეკრანებზე? რატომ არ გვინახავს? ფილმი სტალინს ადგილზე დახვდა, სტალინმა ნახა და თქვა: “მე მგონი, ეს ფილმი ჩვენს პრემიას იმსახურებს”... ფილმი სასწრაფოდ გამოუშვეს ეკრანებზე...”

დავით რონდელი და სიკო დოლიძე, აგრეთვე ფილმში მონაწილე არტისტები - ვახტანგ ჭაბუკიანი, დავით ბადრიძე, ქეთო ჯაფარიძე, მედეა ჯაფარიძე და, რა თქმა უნდა, დავით გამრეკელი, რომელსაც “ჯურღაის ფარში” რამდენიმე ნომერი ერგო, სტალინური პრემიით დააჯილდოეს.

[მუსიკა: დავით გამრეკელი “ჯურღაის ფარში”]

მხატვრული სისუსტის მიუხედავად, “ჯურღაის ფარის” მნიშვნელობა ქართულ კინოში თუნდაც ისაა, რომ ფირზე აღიბეჭდა და ჩვენამდე შემორჩა ქართველი მსახიობების ხელოვნება... მოსკოვმა მაინც ვერ შეძლო და ვერ დაუმალა ეს ხელოვნება მსოფლიოს – “ჯურღაის ფარი”, პირველი საბჭოთა ფილმი-კონცერტი, 50-იანი წლების ბოლომდე დარჩა ეკრანებზე.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG