Accessibility links

logo-print

რეალურად არარეალური თვითმმართველობა

  • ნინო როდონაია

საქართველოს პარლამენტი "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანული კანონის" და "თბილისის შესახებ კანონის" შეცვლას აპირებს.

ცვლილებათა კანონპროექტები, რომლის ავტორი და განხილვის ინიციატორი დეპუტატი გიგა ბოკერიაა, აღტაცებას არ იწვევს არც არასამთავრობო სექტორსა და არც თავად პარლამენტის წევრთა დიდ ნაწილში.

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სადაც, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და ურბანული ინსტიტუტის ინიციატივით, თვითმმართველობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა, პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია არ მისულა. მას, როგორც ორი ახალი კანონპროექტის ავტორს, "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანული კანონის" და "თბილისის შესახებ კანონის" მოსალოდნელ ცვლილებებზე უნდა ესაუბრა. გიგა ბოკერიას ნაცვლად, ეს მისია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა საკმაოდ ლაკონურად შეასრულა.

ძირითადი, რაც კანონპროექტების დამტკიცების შემთხვევაში შეიცვლება ის არის, რომ თბილისისა და ფოთის მერებსაც, სხვა ქალაქების მსგავსად, საკრებულოები აირჩევენ, ამავე საკრებულოებს კი, წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, მერების, გამგებლებისა და საკრებულოების თავმჯდომარეებისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლება ექნებათ.

მომზადებულ ცვლილებებს არასერიოზულსა და ნაჩქარევს უწოდებენ არა მხოლოდ დამოუკიდებელი ექსპერტები, არამედ პარლამენტის წევრებიც:

[ვანო ხუხუნაიშვილის ხმა] "ეს კანონპროექტი ვერ პასუხობს ვერც ერთ საკითხს, რომელიც დღეს დგას ჩვენი საზოგადოების წინაშე. მათ შორის, უპირველესად, იმ საკითხს, რომელიც სათაურშია მოცემული და გულისხმობს თვითმმართველობის ატანას რაიონულ დონეზე. ამ კანონპროექტში მსგავსი არაფერი არ არის. სამწუხაროდ, ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არ არის რეალური მზაობა და წარმოდგენა თვითმმართველობაზე. ეს არის ფაქტი."

ვანო ხუხუნაიშვილს, რომელიც დეცენტრალიზაციის საკითხთა სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა, მიაჩნია, რომ რეალური თვითმმართველობის დამყარებას კონკრეტული პროგრამა და ხელისუფლების პოლიტიკური ნება სჭირდება. ვანო ხუხუნაიშვილისგან განსხვავებით, გარკვეულ პროგრესს უკვე ხედავს დეპუტატი ალექსანდრე შალამბერიძე:

[ალექსანდრე შალამბერიძის ხმა] "ხელისუფლება ერთი წლის მოსულია და უკვე არსებობს კანონპროექტი, რომ არჩევითი იყოს თბილისისა და ფოთის მერები. ეს მისასალმებელია, რადგან ამ ხალხს აღარ დანიშნავს ცენტრალური ხელისუფლება და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა თავად განსაზღვრონ საკუთარი ბედი. არის იმის მექანიზმიც, რომ ხელმძღვანელებს აირჩევს საკრებულო და ეს დემოკრატიულობას არაფრით არ აკნინებს." (სტილი დაცულია)

პარლამენტისთვის შეთავაზებულ ახალ მოდელს თვითმმართველობის ორგანოთა "ფსევდოარჩევითობას" უწოდებს პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილი:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] "პრაქტიკულად გვთავაზობენ იმას, რომ დედაქალაქის მერი აირჩიოს მაჟორიტარული წესით არჩეულმა საკრებულომ. რაც ყველაზე საინტერესოა, არ არის არავითარი ვალდებულება, რომ დედაქალაქის მერად იყოს არჩეული საკრებულოს წევრი. რუმინეთის პრეზიდენტის არჩევნების შედეგი თუ ასე აშინებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ დედაქალაქის მერობიდან პრეზიდენტობამდე გზა არის, ეს ცნობილი რამ არის. ზოგიერთი მერი დედაქალაქისა ხდება ქვეყნის პრეზიდენტი და უფრო მეტი ვერ ხდება." (სტილი დაცულია)

რაც შეეხება რეგიონებს, დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მომავალი არჩევნები პირველი პოლიტიკური დათვალიერება იქნება, ცენტრალურ ხელისუფლებას კი რეგიონებში ოპოზიციური პარტიების სერიოზული კონკურენციის შიში აქვს და საამისოდ მზად არ არის:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] "ამიტომ ის სპობს კონკურენციის საჭიროებას და ამბობს, რომ მოდი, მაჟორიტარებმა აირჩიონ თბილისის მერი და, საერთოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით იყოს მაჟორიტარული არჩევნები. მე ამას ვარქმევ, რომ იქნება უბნის ყოჩების საკრებულო." (სტილი დაცულია)

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2006 წელს გაიმართება. მანამდე კი ხელისუფლება, რომელსაც საერთაშორისო ვალდებულება აქვს, შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწის სურვილის იმიტირებას ცდილობს, თუმცა ქვეყნის მოქალაქეებს მერებისა და გამგებლების პირდაპირ არჩევნებს ვერ ანდობს.
XS
SM
MD
LG