Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია თავად პროცესი


17 დეკემბერს გადაწყდა, რომ ევროკავშირი გაწევრიანებაზე

მოლაპარაკებას თურქეთთან 2005 წლის 3 ოქტომბერს დაიწყებს. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე არსებობდა არაერთი კითხვა და პრობლემა ოფიციალურ, თუ არაოფიციალურ დონეზე. თითქმის ყველა მათგანი უპასუხოდ დარჩა, თუ არ ჩავთვლით კვიპროსის საკითხზე მიღებულ კომპრომისულ გადაწყვეტილებას. რას ნიშნავს ის, რაც გასულ პარასკევს ბრიუსელში გადაწყდა? რა სახის ევროკავშირში ინტეგრაცია სურს თურქეთს? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გაზეთ "უოლ სტრიტ ჯერნალის" თანამშრომელს – ჰიუ პოუპს ნინო გელაშვილი ტელეფონით სტამბულში დავუკავშირდი:

-
ცნობილია, რომ ზოგიერთ ექსპერტს, ანალიტიკოსს, აგრეთვე პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები შეიძლება 10 წელიწადს, ან კიდევ უფრო მეტ ხანს გაგრძელდეს. ხომ ვერ გვეტყოდით, რანაირ ევროკავშირში სურს გაწევრიანება თურქეთს?

-
კარგი შეკითხვაა იმ თვალსაზრისით, რომ თურქეთს ბევრი არ უფიქრია იმ დეტალებზე, რასაც ევროკავშირის წევრობა გულისხმობს. არსებობს ევროკავშირის 30 ათას გვერდიანი კანონმდებლობა, რომელიც თურქეთმა უნდა შეითვისოს და აამოქმედოს, ვიდრე ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ეს საკმაოდ რთული იქნება, ვგულისხმობ: ეკოლოგიურ და ყველა სხვა სტანდარტებს, რომელთა მიღწევასაც ევროპამ ნახევარი საუკუნე მოანდომა, თურქეთს კი ამისთვის სავარაუდოდ ათი წელი ეძლევა. ამ გზის გავლა ერთია, მაგრამ მიზეზი, რის გამოც თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყვიტა, სხვაა და ის უფრო ფსიქოლოგიური კატეგორიის არის. თურქეთი ცდილობს იპოვნოს ადგილი და ურჩევნია ის მიაკუთვნონ დასავლეთის, ევროპის ჯგუფის ქვეყნებს, ვიდრე ახლო აღმოსავლეთისას, ანდა, თუ შეიძლება ითქვას, "უიმედო, დაკარგული ქვეყნების" ჯგუფს. ამიტომ ისწრაფვის ის ევროპისკენ. თურქეთს სურთ ფედერალური ტიპის ევროპა, ისეთივე, როგორიც ბრიტანეთს და შესაძლოა, პოლონეთს სურს და არ სურს ისეთი მტკიცედ შეკრული ევროპა, როგორსაც საფრანგეთი და გერმანია ისურვებდნენ.

-
თქვენ ფსიქოლოგიური ფაქტორი ახსენეთ. შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ევროკავშირში თურქეთის შესვლა არის არა მხოლოდ ხელისუფლების ინიციატივა, არამედ თურქეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის პოზიციაც. არის თუ არა ეს საზოგადო პოზიცია, რომ თურქებს სურთ ევროპის ნაწილი გახდნენ?

-
როგორც ჩანს (საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებს ვგულისხმობ), თურქებს სურთ ევროპის ნაწილი გახდნენ. და ეს ძალიან პოპულარული საკითხია, ძირითადად იმის გამო, რომ თურქებს სჯერათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მათ კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს. თურქეთის ხელისუფლებასაც სურს ქვეყნის განვითარება და სტაბილურობა. გახდება თუ არა თურქეთი ათ წელიწადში ევროკავშირის წევრი, სხვა საკითხია და ეს ათი წლის მერე გამოჩნდება. ის, რაც ახლა თურქეთის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, არის პროცესი, რომლის განმავლობაშიც ევროპა მოახდენს ზეწოლას თურქეთზე მისი წინსვლისა და მოდერნიზაციისთვის.

-
ევროკავშირის ბოლო სამიტამდე იყო არაერთი საკითხი, რომლებზე თურქეთის პასუხსაც უნდა განეპირობებინა ევროკავშირის გადაწყვეტილება მოლაპარაკების დაწყების თაობაზე. ერთ-ერთი ამ საკითხთაგან იყო კვიპროსი, მეორე, უფრო არაოფიციალური – სომხეთი. კვიპროსის საკითხი არ გადაწყდა ის, როგორც ამას ევროკავშირი და კერძოდ კვიპროსი ისურვებდა. რას იტყოდით იმ კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც კვიპროსს შეეხებოდა. თითქოს ის სანახევროდ მოგვარდა.

-
ვერ ვიტყოდი, რომ სანახევროდ მოგვარდა. მიმაჩნია, რომ მათ საკითხის გადაწყვეტა უბრალოდ კიდევ ერთი წლით გადადეს, რითაც საკითხის გადაჭრისთვის დრო დაიმატეს. ჩემი აზრით, თურქეთისთვის კვიპროსზე შეთავაზებული გადაწყვეტილება საკმაოდ უსამართლო იყო. რადგან გამოდის, რომ ევროკავშირი თურქეთს კვიპროსზე დამპყრობ ძალად განიხილავს და არად დაგიდევთ წარსულს, როცა 15 წლიან სისხლისღვრა დიდწილად ბერძნების მოქმედებამაც განაპირობა. ამდენად მიმაჩნია, რომ ეს წელიწადი სასარგებლო იქნება. თურქეთი მზად არის კომპრომისისთვის და ეს თუ გახსოვთ, მიმდინარე წლის დასაწყისშიც დადასტურდა, როცა კვიპროსის თურქეთის მხარემ თანხმობა განაცხადა გაეროს გეგმის შესრულებაზე, ბერძნული ნაწილი კი წინააღმდეგი გამოვიდა. გაეროს გეგმას ევროკავშირიც უჭერდა მხარს. ასე რომ თურქეთი მზად არის თანამშრომლობისთვის, კვიპროსის საერთაშორისოდ აღიარებული ბერძნული ხელისუფლება კი ნაკლებად თანამშრომლურია. მიმაჩნია, რომ კვიპროსი ევროპის პრობლემა ხდება და, სავარაუდოდ, გაიზრდება ზეწოლა ბერძნულ ხელისუფლებაზე და მომავალი ერთი წლის მანძილზე შესაძლებელი გახდება კვიპროსზე შეთანხმების მიღწევა. რაც შეეხება სომხეთს, ეს ძალიან რთული საკითხია. თურქები თანახმა იქნებოდნენ სომხეთთან საზღვრის გახსნაზე, მაგრამ თურქეთში ძალიან ძლიერი პრო-აზერბაიჯანული ლობია და ვიდრე მთიანი ყარაბაღის საკითხი არ გადაწყდება, თურქეთს გაუჭირდება ამ ლობის წინააღმდეგ წასვლა. ამ საკითხზე თურქეთზე დიდი ზეწოლაა შტატებისა და ევროკავშირის მხრიდანაც. თუმცა, ეს არ არის კრიტიკული საკითხი. თურქეთს შეუძლია მისი გადაჭრა. უფრო მწვავედ დგას (და ეს ისევ და ისევ უფრო ფსიქოლოგიური კატეგორიის საკითხია) სომხების გენოციდის აღიარების საკითხი, რომელზეც საფრანგეთი ამახვილებს ყურადღებას. თურქეთი უარყოფს გენოციდის ფაქტს. აქ სირთულეს წარმოადგენს ისიც, რომ თურქეთში შიშობენ, რომ გენოციდის აღიარებით, მას შეიძლება გერმანიასა და შვეიცარიაში მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების გენოციდის აღიარების მსგავსად გენოციდის მსხვერპლთა რეაბილიტაციაზე პასუხისმგებლობაც დაეკისროს. რა თქმა უნდა, ებრაელებისა და სომხების შემთხვევები ერთმანეთს არ შეედრება მასშტაბით გინდა თუ სისტემურობით, მაგრამ, სავარაუდოდ, დადგება რეაბილიტაციის საკითხი, რაც შეიძლება კანონიერი მოთხოვნაც იყოს. საქმე ის არის, რომ ეს დიდი ხნის წინ მოხდა და დაღუპულთა ჩონჩხების მოძიება-შესწავლა ძალიან რთული იქნება.

-
თურქეთი არის პირველი უმეტესწილად მუსულმანური ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირში შესვლა სურს. როგორ გგონიათ, არის თუ არა ეს ევროკავშირისთვის პრობლემა და იქნება თუ არა მომავალში?

-
დიახ. მიმაჩნია, რომ რელიგიის საკითხი ბევრმა სხვა პრობლემამ გაამწვავა. ზოგი რასიზმს მალავს ისლამის პრობლემის უკან, ვიღაც მუშა-ხელის მიგრაციის პრობლემაზე წუხს. იმედი მაქვს, რომ მომავალი ათი წლის მანძილზე ევროპა უკეთ გაიცნობს თურქეთს და მეტი ადამიანი გაიგებს, რომ თურქეთის ისლამი უფრო პრაგმატულია, ვიდრე ისლამი ევროპაში, რომელიც საფუძველს ნაკლებად განვითარებულ ისლამურ ქვეყნებში იღებს. თურქეთის მუსულმანობასთან შეგუება დროისა და კეთილი ნების საკითხია. ევროპაში არიან ადამიანები, რომლებიც დემონსტრაციებსაც კი აწყობენ თურქეთის წინააღმდეგ. მე მიმაჩნია, რომ თურქეთი კარგი ადგილია ისლამსა და ქრისტიანობას შორის ხიდის გასადებად და მგონია, რომ ეს ხიდი უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე წარუმატებელი.

-
არ შემიძლია არ დაგისვათ ასეთი შეკითხვა: შეგიძლიათ თუ არა იმის დაშვება, რომ სამხრეთი კავკასიის ქვეყნები თურქეთზე ადრე გახდნენ ევროკავშირის წევრები?

-
არა მგონია, რადგან ევროპას არ გააჩნია კავკასიის ქვეყნების მიღების არანაირი გეგმა. თუმცა, ევროპა გვერდს ვერ აუვლის ამ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებას და ეს უკვე სახეზეა. მიმაჩნია, რომ თურქეთი უფრო ახლოს იქნება ევროკავშირთან, ვიდრე სამხრეთი კავკასიის ქვეყნები. ვიცი, რომ საქართველო დიდი ენთუზიაზმით გამოირჩევა ევროკავშირისკენ სწრაფვის თვალსაზრისით და ის შეიძლება კიდეც ჩამოყალიბდეს ერთგვარ ევროპულ ქვეყნად. ამაში მას თურქეთის სახით ევროკავშირთან საზღვრის ქონაც დაეხმარება. თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება კარგი იქნება მისი ყველა მეზობლისთვის.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG