Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ახალი პრემიერი საკრებულოს წინაშე მთავრობის სტრუქტურული ცვლილებებით წარდგება


24 დეკემბრისათვის დანიშნულ სხდომაზე დედაქალაქის საკრებულოს იმ საკადრო თუ სტრუქტურული ცვლილებების ავკარგიანობაზე მოუწევს მსჯელობა,

რომლის პროექტიც თბილისის ახალმა პრემიერმა თემურ ქურხულმა თანამდებობაზე დამტკიცებიდან არასრულ ერთ კვირაში შეიმუშავა. საკრებულოს კომპეტენციაში ასევე შედის საქალაქო სამსახურის უფროსებისა და ორი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დამტკიცების საკითხი.

პრემიერის დამტკიცების შემდეგ თბილისის საკრებულო საქალაქო სამსახურების უფროსთა კანდიდატურების განხილვისთვის ემზადება. თუმცა, ცალკეული პიროვნებების შეცვლის გარდა, დედაქალაქის მთავრობაში ბოლო ერთი კვირის მანძილზე სტრუქტურული ცვლილებებიც განხორციელდა. პრემიერ თემურ ქურხულის ინფორმაციით, მთავრობაში დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად შევა სპორტისა და ენერგეტიკის სამსახურები, ხოლო კულტურასა და განათლებას, დედაქალაქის მასშტაბით, ერთი ადამიანი უხელმძღვანელებს:

[თემურ ქურხულის ხმა] “ქალაქის განათლებისა და კულტურის სამსახური გაერთიანდა. სამსახურის ხელმძღვანელად წარდგენილია ქალბატონი ნატა მაჩალაძე. ურბანული დაგეგმარების სამსახურში გაერთიანდა კაპიტალური მშენებლობის სამსახური. ხელმძღვანელად წარდგენილია ბატონი გიორგი ასათიანი. ენერგეტიკის საქალაქო სამსახური გამოეყო ეკონომიკის სამსახურს და ასევე სპორტის საქალაქო სამსახური გამოეყო კულტურის სამსახურს.”

თემურ ქურხულს მოადგილეებიც ახალი ეყოლება. უკვე ცნობილია პირველი ვიცე-პრემიერის ვინაობა. ამ თანამდებობაზე ირაკლი თოდუას უჩა გელაშვილი შეცვლის, ხოლო რიგით ვიცე-პრემიერად საკრებულოს წინაშე ისან-სამგორის რაიონის ყოფილი გამგებელი კახა საყვარელიძე წარდგება.

[დავით იოსელიანის ხმა] “ბატონმა თემურმა აღნიშნა, რომ შეთანხმებული არის საკრებულოს თავმჯდომარესთან. საკრებულოს თავმჯდომარე თავისთავად უმრავლესობის ლიდერადაც ითვლება და, მე ვფიქრობ, არანაირი პრობლემა უმრავლესობაში კანდიდატებთან დაკავშირებით არ იქნება. უმრავლესობას აქვს საიმისო რესურსი, რომ უპრობლემოდ გაიყვანოს ნებისმიერი კანდიდატურა.”

ეს საკრებულოს საპრეზიდენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით იოსელიანი იყო. მისი თქმით, მთავრობის ყველა ახალი წევრი თბილისის მერის ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერაა შერჩეული და მოწონებული. თუმცა იმას, რაც სახელისუფლებო ფრაქციისთვის ღირსებაა, ოპოზიციური პარტიები ნაკლად მიიჩნევენ. გია გუგავა, ფრაქცია ლეიბორისტის თავმჯდომარე, აცხადებს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკადრო თუ სტრუქტურულ ცვლილებას მანამდე არ დაუჭერს მხარს, ვიდრე დედაქალაქის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი იქნება:

[გიორგი გუგავას ხმა] “ქალაქის მერი არის ისევ ჭიაბერაშვილი, რომელიც დაკავებულია შიდა ინტრიგებით, საკუთარი გავლენის სფეროების გაფართოებით, ავანტიურებით, მასკარადების მოწყობით და, აქედან გამომდინარე, ქალაქში მნიშვნელოვანი ცვლილებები დადებითი კუთხით ნამდვილად არ არის მოსალოდნელი. ამ პროგნოზს წინასწარ ვაკეთებ.”

ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგობის მიუხედავად, 24 დეკემბერს თბილისის საკრებულო დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას მაინც უპრობლემოდ დაამტკიცებს. “საპრეზიდენტო უმრავლესობა” ხომ 49 წევრიან საკრებლოში ლამის ხმათა სამ მეოთხედს აკონტროლებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG