Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კოდექსი სტრატეგიულ პროდუქტებს გააძვირებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელმაც, მთავრობის მტკიცებით, ზოგადი საგადასახადო ტვირთი მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს, ექსპერტების მტკიცებით,

მთელ რიგ საქონელზე - მათ შორის, ე.წ. ინდიკატურ პროდუქტებზე - ფასების სერიოზულ მატებას გამოიწვევს. ეს განსაკუთრებული სიმწვავით საწვავს ეხება, რომლის იმპორტიორებმაც, ახალი დაბეგვრის რეჟიმის მოლოდინში, წინმსწრები ტემპით უკვე დაიწყეს საცალო ფასების კორექტირება. რამდენად გაძვირდება ისეთი სტრატეგიული პროდუქტი, როგორიც საწვავია და რა გავლენას მოახდენს ის ზოგადად სამომხმარებლო ბაზარზე?

პარლამენტის მიერ მიღებული ახალი საგადასახადო კოდექსი ზოგადად, მართლაც, ითვალისწინებს საგადასახადო ტვირთის შემცირებას, თუმცა ბიზნესის მთელი რიგ სფეროებში, ახალი ფისკალური პოლიტიკით, საგადასახადო განაკვეთები იზრდება. ეს ზრდა შეეხება ე.წ. ინდიკატურ პროდუქტებსაც, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს მთლიან სამომხმარებლო ბაზარზე. მაგალითად, ახალი კოდექსით, იზრდება თამბაქოს ნაწარმის და საწვავის აქციზით დაბეგვრის მექანიზმები. ჩვენთვის ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს საწვავი, რომელიც, როგორც წესი, პირდაპირპროპორციულად პოვებს ასახვას სხვა საქონელსა თუ მომსახურებაზე. ექსპერტი რევაზ საყევარიშვილი საწვავზე ფასების მატებას გარდაუვლად მიიჩნევს:

[რევაზ საყევარიშვილის ხმა] ” თუ, დავუშვათ, დღეს მოქმედი კოდექსით, ბენზინზე აქციზური გადასახადი ერთ ტონაზე 240 ლარია, 1 იანვრიდან ის 250 ლარამდე გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ ბენზინის სარეალიზაციო ფასი თითოეული ჩვენგანისათვის, ავტომობილების მფლობელებისათვის, რამდენიმე თეთრით გაიზრდება. იგივე ითქმის მაზუთზე და სხვა ნავთობპროდუქტებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ პროდუქტების ფასი, რომელიც საწვავისგან იწარმოება, იქნება ეს ელექტროენერგია თუ სხვა, მომატების საფრთხის წინაშე დადგება და, როგორც წესი, ამ შემთხვევაში ფასი ყველა პროდუქტზე იმატებს.”

იმის გამო, რომ ნავთობპროდუქტების თუ თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლები და იმპორტიორები უკვე შეგუებულნი არიან აქციზის მატებას, როგორც ხშირად ხდება ხოლმე საქართველოში, ისინი ცდილობენ კოდექსის ძალაში შესვლამდე დარჩენილ დროში მომხმარებლის ადაპტირებას ახალ ფასებთან და, ამასთან, მეტი მოგების მიღების მიზნით, უკვე ამჟამად რამდენიმე თეთრით ზრდიან საცალო ფასს. რევაზ საყევარიშვილს მიაჩნია, რომ ინდიკატური პროდუქტების დაბეგვრის მკაცრ რეჟიმში მოქცევა აუცილებლად გამოიწვევს სამომხმარებლო ბაზრის გაძვირებას. ამ შემთხვევაში მთავრობას გამოსავლის ძიებაში ორი ალტერნატივა აქვს, თუმცა ორივე ვარიანტი არასახარბიელოა როგორც მომხმარებლის, ისე მთლიანად ეკონომიკისათვის:

[რევაზ საყევარიშვილის ხმა] ” ჩვენ ვდგებით ასეთი არჩევანის წინაშე: ან ეს იყოს ლეგალური და ფასმა მოიმატოს, ან ფასი დარჩეს იგივე და გაიზარდოს კონტრაბანდის წილი. რომელია ამ შემთხვევაში უფრო სახარბიელო, ძნელი განსასჯელი არ არის. ფაქტია, რომ არც ერთი და არც მეორე ეკონომიკის განვითარებაზე დადებით გავლენას არ იქონიებს.”

იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება კონტრაბანდის მეტ-ნაკლები შეზღუდვის შემდეგ მისთვის ”ფართო კარის” გაღებას აღარ დაუშვებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ სტრატეგიულ პროდუქტებზე ფასების ზრდის უკვე დაწყებული ტენდენცია ახალი საგადასახადო კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ უთუოდ გაგრძელდება. ამ შემთხვევაში ფასების ზრდის ეფექტის დასაბალანსებლად მთავრობას, ბიზნესის სტიმულირების, მოსახლეობის დასაქმებისა და დამატებითი შემოსავლის გაჩენის გარდა, ალტერნატივა, უბრალოდ, აღარ დარჩება.
XS
SM
MD
LG