Accessibility links

logo-print

გაიყიდა თუ არა საქართველოს საოკეანო სანაოსნო

  • ნინო როდონაია

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც ქვეყნის ეროვნული ჰიმნით დაიწყო და პრეზიდენტისთვის დაბადების დღის მილოცვით გაგრძელდა,

დისონანსი ,,საოკეანო სანაოსნოს” გაყიდვასთან დაკავშირებული გარიგების თემამ შეიტანა.
დეპუტატები მთავრობისგან პრაქტიკულად ფარულად გაფორმებული ხელშეკრულების გამო ახსნა-განმარტებას მოითხოვენ.
თავის მხრივ, მთავრობა ამტკიცებს, რომ სანაოსნოს გაყიდვის პროცესი ჯერჯერობით არ დასრულებულა.
მოგითხრობთ არსებული გაუგებრობის თაობაზე.


საქართველოს ,,საოკეანო სანაოსნოს” გაყიდვის გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ ბრიტანულ ,,ფაინენშლ თაიმსში” გამოაქვეყნა. ამ ცნობილი გაზეთის მკითხველთა რაოდენობა საქართველოში მინიმალურია, თუმცა მათ, ვინც ,,ფაინენშლ თაიმსს” კითხულობს, ეს ინფორმაცია არ გამოჰპარვიათ.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ,,ამაზე იყო საუბარი, რომ რატომ არ იყო გამოცხადებული ,,პრივატიზაციის მაცნეში,” რაც სასაცილოა ნამდვილად, ისეთ თანხაზეა საუბარი........... ხო, ბოდიში, გაზეთ ,,მესაკუთრეში” - შეიცვალა ამ გაზეთმა სახელი.” (სტილი დაცულია)

თანხა, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოღაიდელს სასაცილოდ არ ეჩვენება, 107 მილიონი დოლარია. ,,საოკეანო სანაოსნოს” სწორედ ამ ფასად ყიდულობს ბათუმის ნავთობტერმინალის მმართველობის თავმჯდომარის იან ბონდე ნილსენის კომპანია ,,გრინუოქი” და ბათუმის პორტის სამი ნავმისადგომის მართვის უფლებას იღებს.

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ,,მაქვს გარკვეული ინფორმაცია, - სპეციალისტები, ექსპერტები ამბობენ, - რომ სანაოსნო და ბათუმის ის სამი ნავმისადგომი რამდენიმე მილიონი დოლარით უფრო მეტი ღირს. ეს დახურულობა საქართველოს მთავრობის მოქმედებისა მე გარკვეულ ეჭვს მიქმნის. ასლან აბაშიძემ დაიწყო სანაოსნოს გასხვისება, მისი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი იყო ლუჩანსკი და პრაქტიკულად იმავე ხალხს აძლევენ ახლა სანაოსნოს. ნილსენის კავშირები აბაშიძესა და ლუჩანსკისთან საყოველთაოდაა ცნობილი.” (სტილი დაცულია)

დეპუტატ დავით ბერძენიშვილის მიერ მოხსენიებული გარი ლუჩანსკი, რომლის რეპუტაციაზე არაერთგვაროვანი აზრი არსებობს, ბათუმის ნავთობტერმინალის სრულ მფლობელ კომპანია ,,ნაფტრანსთან” ასოცირდება. თავად ,,ნაფტრანსის” აქციათა თითქმის 83 პროცენტის მფლობელი კი ნილსენის კომპანია ,,გრინუოქია.”
ბათუმის სანაოსნოს გაყიდვასთან დაკავშირებით პარლამენტი მთავრობისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს, რის გამოც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროსგან მასალები გამოითხოვა. გარკვეულ ეჭვებს პარლამენტში იზიარებს არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელიც. მათ შორის არ არის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს სიტუაციის გარკვევას სთავაზობს:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ,,ეს არ არის საკითხი, რომლისაც ჩვენ გვეშინია. პირიქით, ჩვენ ვთვლით, რომ მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო მეზღვაურებისთვის, ქვეყნისთვის, ფლოტისთვის, საქართველოსთვის და ბიუჯეტისთვის.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის სხდომაზე რამდენჯერმე გაისმა, რომ უმრავლესობის წევრებს სანაოსნოს გაყიდვასთან დაკავშირებით ,,გარკვეული ინფორმაცია” პრემიერ-მინისტრმა ჟვანიამ მიაწოდა, თუმცა ამ ინფორმაციის შინაარსი არავის დაუკონკრეტებია. უმრავლესობასთან ერთად საპარლამენტო ოპოზიციისთვისაც სიტუაციის განმარტებას, მთავრობის სახელით, ფინანსთა მინისტრი შეეცადა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ,,პროცესი იყო გამჭვირვალე და არა ფარული. გამოცხადებული იყო კონკურსი ინტერესის გამოხატვაზე, უპირველეს ყოვლისა. პროცესი დასრულებული არ არის, 27 დეკემბერს თავდება ინტერესის გამოხატვის საბოლოო ვადა. შესაბამისად, თუ ვინმეს ექნება უკეთესი წინადადება, ის გაიმარჯვებს. ამიტომ ჯერჯერობით ღია კარის მტვრევა აქ, საერთოდ, საჭირო არ არის.” (სტილი დაცულია)


მიუხედავად საქართველოს მთავრობის მტკიცებისა, რომ ,,საოკეანო სანაოსნოს” გაყიდვასთან დაკავშირებით მას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია, ერთგვარად საპირისპირო სურათს ქმნის ბრიტანული კომპანია ,,გრინუოქის” მიერ ოფიციალურად გავრცელებული პრეს-რელიზი. მასში ნათქვამია, რომ ბათუმის ნავთობტერმინალის მფლობელები და საქართველოს მთავრობა ყველა საკითხზე და, მათ შორის, ,,გრინუოქის” მიერ ,,საოკეანო სანაოსნოს” 107 მილიონ დოლარად შესყიდვაზე შეთანხმდნენ. ამავე პრეს-რელიზში მოყვანილია კომპანიის ხელმძღვანელის იან ბონდე ნილსენის განცხადება იმის თაობაზე, რომ, ,,მიღწეული შეთანხმების წყალობით, საქართველო კასპიის ნავთობის სატრანზიტო ბაზარზე პოზიციას გაიმყარებს, რაც შეუძლებელი იქნებოდა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას უდიდესი ძალისხმევის გარეშე.”
,,გრინუოქის” ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ კომპანიისა და საქართველოს მთავრობის გარიგება ოფიციალურად ახალი წლიდან ამოქმედდება.
დაახლოებით ერთი წლის წინ იან ბონდე ნილსენის საქმიანობის მიმართ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულ ეჭვს გამოთქვამდა და, სარკინიგზო ტვირთების შეფერხების გამო, რამდენიმე მილიონი ლარითაც კი დააჯარიმა,
თუ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელთა მიერ დასახელებული ვადის - 27 დეკემბრის - შემდეგ სიტუაცია არ შეიცვალა, დღეს უკვე ოფიციალურად მიღებული ნილსენი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ბიზნეს-პარტნიორი იქნება.
XS
SM
MD
LG