Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას სთავაზობს ახალს საზოგადოებას სახელმწიფო ტელევიზია სახელმწიფო ტელევიზიად არსებობის ბოლო ეტაპზე


ამ კვირაში პარლამენტი მიიღებს კანონს საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ კანონის მიღებიდან 3 თვის ვადაში დაკომპლექტდება საზოგადოებრივი

ტელევიზიის სამეურვეო საბჭო, ეს საბჭო აირჩევს ტელევიზიის დირექტორს, ახალი მენეჯმენტის პირობებში გამოცხადდება ახალი კონკურსები, შეიქმნება ახალი სატელევიზიო პროგრამები და ასე შემდეგ. მოკლედ, ტელევიზიაში, რომელშიც რეფორმის ერთი ეტაპი დასრულდა და რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფო ტელევიზიას წარმოადგენს, რეფორმის ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს, საზოგადოებრივ მაუწყებლობად ჩამოყალიბების ეტაპი. მანამდე სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელობა საზოგადოებას უკვე გატარებული რეფორმის შედეგებს, ახალ პროგრამებს, სთავაზობს. რა სიახლეებია სახელმწიფო ტელევიზიაში, როგორია გარდამავალი ეტაპი საზოგადოებრივი ტელევიზიისკენ?

[ პირველი არხის საინფორმაციო პროგრამის სარეკლამო რგოლი ] “მიუკერძოებელი, ოპერატიული და ობიექტური ინფორმაცია პირველ არხზე - “მთავარი.”

“მთავარი” პირველი არხის მთავარ საინფორმაციო პროგრამას ჰქვია. “მოამბის” ნაცვლად, ახლა სწორედ ამ პროგრამით უნდა შესთავაზოს სახელმწიფო ტელევიზიის პირველმა არხმა მაყურებელს მიუკერძოებელი, ოპერატიული და ობიექტური ინფორმაცია, როგორც საინფორმაციო პროგრამის სარეკლამო რგოლში მოვისმინეთ. სიახლე მარტო “მოამბის” სახეცვლილებაში არ არის. მაყურებელი პირველი არხით იხილავს რამდენიმე ახალ პროექტსაც, თუმცა, როგორც სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაციის თავმჯდომარე ზაზა შენგელია ამბობს, პირველი არხის განახლებისას მთავარი აქცენტი მაინც საინფორმაციო გამოშვებებზე გაკეთდა:

[ზაზა შენგელიას ხმა] “ეს გასვლა არის შედარებით მოკრძალებული, პროგრამირების თვალსაზრისით. ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ საინფორმაციო პროგრამაზე, დილის გასართობ პროგრამასა და შუადღის პროგრამაზე, დანარჩენი არის რამდენიმე საავტორო პროექტი. “

მოკლედ, ახალი პროექტები ასეთია: არხის საინფორმაციო პროგრამა, სახელწოდებით “მთავარი”; დილის გასართობი პროგრამა, სახელწოდებით “ ადრე”; შუადღის პროგრამა, ოღონდ არა “ნაშუადღევს” - მას “სარჩევი” ჰქვია. ეს პროგრამა მაყურებელს სხვადასხვა სასარგებლო რჩევებს სთავაზობს, მაგალითად, რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნეს თავიდან აცილებული ნევროზები. “საზოგადოებას ასეთი თემები აინტერესებს და ჩვენი პროგრამის განახლებაც მთლიანად საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მოხდა,” - ამბობს ზაზა შენგელია. მივყვეთ კიდევ, საზოგადოების რა დაკვეთა შეასრულა პირველი არხის ხელმძღვანელობამ: სპეციალური გადაცემა, სახელწოდებით “ვაკანსია”, დაინტერესებულ პირებს დასაქმების პრობლემის გადაწყვეტაში უნდა დაეხმაროს; სატელევიზიო ფილმების ციკლმა, სახელწოდებით “პროფესიონალი”, მაყურებელს სხვადასხვა პროფესიის რიგითი ადამიანების ცხოვრება უნდა გააცნოს; ჟურნალისტი ეკა ბერიძე, გადაცემით “მედიატორი”, შემოგვთავაზებს დისკუსიებს საყოფაცხოვრებო პრობლემებზე, კოკა ყანდიაშვილი კი აღარ დაგვისვამს შეკითხვას - “რა ხდება?” მის ახალ სატელევიზიო პროექტში იქნება მსჯელობა ცხოვრებისეულ ისტორიებზე.
“საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ამ ადამიანებმა ტენდერში გაიმარჯვეს” - ასეთია ტელე-რადიო კორპორაციის თავმჯდომარის კომენტარი განახლებულ პირველ არხზე ძველი სახეების დაბრუნებასთან დაკავშირებით, რასაც ცოტა ხნის წინ ტელევიზიის მონიტორინგის კომისიის წევრების საპროტესტო განცხადებები მოჰყვა. ზაზა შენგელია ამაყობს იმით, რომ მტკივნეული და ხმაურიანი რეფორმა სახელმწიფო ტელევიზიაში სწორედ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში განხორციელდა და ამბობს, რომ ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ადამიანები მივლენ საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოში. საბჭოს წევრებს პრეზიდენტი შეარჩევს კონკურსის საფუძველზე, მათ პარლამენტი დაამტკიცებს. სამეურვეო საბჭოს წევრები ისარგებლებენ ხელშეუხებლობის გარანტიებით და ისინი აირჩევენ ტელევიზიის აღმასრულებელ დირექტორს. ეს ყველაფერი, როგორც უკვე ვთქვით, 3 თვის ვადაში უნდა მოხდეს, რადგან პარლამენტი ასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ კანონის მიღების პროცედურას. მთავარი და გადამწყვეტი პროცესებიც ამჟამინდელ სახელმწიფო ტელევიზიაში ამის შემდეგ დაიწყება. ამიტომ დეპუტატი გიგა ბოკერია დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს იმას, რაც პირველ არხზე დღესდღეობით ხდება:

[გიგა ბოკერიას ხმა] “იმას, რაც ახლა გადის ეთერში, საზოგადოებრივ ტელევიზიასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ეს არის სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელობის ინიციატივები. “
XS
SM
MD
LG