Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ფიქრობენ საქართველოში 13 წლის დსთ-ზე


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, ანუ დსთ, რომელსაც საქართველოში ხშირად რუსულ აბრივიატურას - ესენგეს ეძახიან, 13 წლის არის.

ხსენებული გაერთიანების დაფუძნების დოკუმენტს 11 სუვერენული სახელმწიფოს მეთაურებმა ალმა-ატაში 1991 წლის 21 დეკემბერს მოაწერეს ხელი. აზერბაიჯანს, სომხეთს, ბელორუსიას, ყაზახეთს, ყირგიზეთს, მოლდავეთს, რუსეთის ფედერაციას, ტაჯიკეთს, თურქმენეთს, უზბეკეთსა და უკრაინას 1993 წელს საქართველოც შეუერთდა. თანამეგობრობაში გაწევრიანებამ ჩვენს ქვეყანაში, თავის დროზე, მართლაც დიდი ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია. რას ფიქრობენ დღეს ამ საკითხის შესახებ საქართველოში?

შედეგებით უკმაყოფილო საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან მხოლოდ უარყოფითი ემოციები აკავშირებთ:

(მამაკაცის და ქალის ხმები) ”დაანგრია საქართველო იმასთან ურთიერთობამ. მის მერე რაც ხდება, სულ მაგათი ბრალია ყველაფერი. იმპერიის ახალი ფორმაა და მეტი არაფერი არ არის ეს ესენგე. / მე არასოდეს არ მქონია რუსების იმედი, სიმართლე რომ გითხრათ, და არ ვიცი - ვისაც აქვს.... (იცინის)”. (სტილი დაცულია)

თუმცა საბჭოთა კავშირის მემკვიდრე დაჯგუფებისგან იმედების გაცრუებას საქართველოში ბევრი გაწევრიანების ეტაპზეც მოელოდა. ისტორია გვატყობინებს, რომ მათ შორის იყო ის 72 დეპუტატი, რომლებმაც 1993 წელს მოქმედ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დსთ-ში გაწევრიანების იდეას მხარი არ დაუჭირეს. მწვავე მოწინააღმდეგეთა შორის იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (იმხანად - პარლამენტარი) ირაკლი წერეთელი. ის ამბობს, რომ იდეის მომხრე დეპუტატები მაშინ მონური პარამეტრებით სარგებლობდნენ:

(ირაკლი წერეთლის ხმა) ”თუ ესენგეში შევიდოდა საქართველო, რუსეთი მისცემდა კარაქს, მისცემდა ბენზინს, დაუბრუნებდა აფხაზეთს... ამ დროს, ცნობილი მონადირული გამოცდილებაა, რომ დათვს რაც მეტ წინააღმდეგობას უწევს ადამიანი, უფრო ერიდება დათვი პრობლემას და გარბის.” (სტილი დაცულია)

ყოფილი თავდაცვის და აწ უკვე სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე კი, აბსოლუტურად არ ნანობს, რომ 1993 წელს ქვეყნის დსთ-ში შესვლას დაუჭირა მხარი და უფრო მეტიც:

(გიორგი ბარამიძის ხმა) ”დღეს რომ იყოს, აი, ის სიტუაცია, 93 წლის, ზუსტად იგივეს გავაკეთებდი. მე რატომაც მივეცი ხმა, მე ვთვლი, რომ მე აბსოლუტურად სწორად მივეცი - რუსეთის მხრიდან აგრესია მნიშვნელოვნად შემცირდა.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ ბარამიძეს და იმდროინდელი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს თანამეგობრობამ იმედები უკვე გაუცრუა:

(გიორგი ბარამიძის ხმა) ”თანამეგობრობა ეს არის გუშინდელი დღე პოლიტიკის ამ სივრცეში. ვთვლი, რომ, პრინციპში, ამ სტრუქტურამ თავის მისია ვერ შეასრულა.” (სტილი დაცულია)

უკმაყოფილების მიუხედავად, სახელმწიფო მინისტრი დსთ-დან გამოსვლის თემას პოლიტიკურ ჭრილში განსახილველ თემად აღიქვამს და ამგვარი სურვილის გამომჟღავნებას მაინც ერიდება.

სამაგიეროდ, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი წერეთელს უკვირს, რომ საქართველო თანამეგობრობიდან გამოსვლაზე არც დღეს ფიქრობს:

(ირაკლი წერეთლის ხმა) ”ესენგეში საქართველოს ყოფნა ნიშნავს, რომ საქართველო, რაღაც დონეზე, რჩება რუსეთის იმპერიის გავლენის სფეროში. რაც ჩემთვის, როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლი პოლიტიკოსისათვის, იყო მიუღებელი. მე მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საქართველო უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე. ლამის არის საქართველო ნატოში შევიდა და დღესაც არ გამოჰყავთ ესენგედან, რა....”. (სტილი დაცულია)

უნდა დატოვოს თუ არა ჩვენმა ქვეყანამ მომაკვდავი და არაფრის მომტანი თანამეგობრობა? ამ საკითხზე საუბრისას საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევათა ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი კარის გამოჯახუნების თეორიას არ ეთანხმება:

(ალექსანდრე რონდელის ხმა) ”ეს ფორმატი, ესენგესი, მომაკვდავი ფორმატია, მაგრამ ჩვენთვის ეს ჯერ კიდევ საჭიროა და იმიტომ ვართ იქ. არა, გამოსვლა შეიძლება, მაგრამ ამით ჩვენ ვერაფერს ვერ მოვიგებთ ჯერჯერობით და შეიძლება რაღაცა წავაგოთ - დავკარგოთ ერთი ფორუმი, სადაც შეგვიძლია საუბარი და სადაც შეგვიძლია რაღაც მოთხოვნებიც კი დავაყენოთ. და ეს კარის გამოჯახუნება არ გვინდა ჩვენ, ისედაც აღელვებული და განაწყენებული არიან იქ, კავკასიის ქედის ჩრდილოეთით. ნელ-ნელა ხდება ჩვენი იქიდან გამოსვლა.” (სტილი დაცულია)

მაგრამ როდის დასრულდება ეს ნელ-ნელა მიმდინარე პროცესი, არავინ იცის. დღეს მხოლოდ ერთი რამ არის ფაქტი - 13 წლის დსთ-ს ფარგლებში საქართველო უკვე 11 წელიწადია თუნდაც მცირე შედეგებს სულ ამაოდ მოელის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG