Accessibility links

logo-print

ის, რომ რუსეთს სამხრეთ კავკასიის მიმართ ჩამოყალიბებული პოლიტიკა არა აქვს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ის, რომ რუსეთს სამხრეთ კავკასიის მიმართ ჩამოყალიბებული პოლიტიკა არა აქვს, კრემლის არაეფექტური მოქმედების მთავარ მიზეზად იქცა - ასეთი მოსაზრება სულ

უფრო ხშირად გაისმის რუსეთის პოლიტიკურ წრეებში. „ინერციული“ პოლიტიკის წარუმატებლობის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოლიტიკის მთავარი მიზანი აქტიურობა უნდა იყოს, - წერს 20 დეკემბრის „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის განყოფილების გამგე სერგეი მარკედონოვი. მინდა ამ პუბლიკაციის შესახებ გესაუბროთ.


სერგეი მარკედონოვი 2004 წელს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოლიტიკისთვის გარდამტეხს უწოდებს. სწორედ 2004 წელს დასრულდა კრახით რუსეთის ე.წ. ინერციული პოლიტიკა, რომელიც შემდეგ პრინციპებს ეყრდნობობა: ჩამოყალიბებული სტრატეგიის უქონლობა; სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რუსეთის საგარეო დამატებად აღქმა; კავკასიური პოლიტიკის დაყვანა 1990 -იანი წლების სტატუს-კვოს შენარჩუნების სურვილამდე. შესაბამისად, ინერციული სცენარის შედეგად, რუსეთის დიპლომატებმა ვერ შეძლეს გაეთვალათ ინტერესები ევრაზიული სივრცის ახალი მოთამაშეების - აშშ-ის და ევროკავშირისა, რომლებიც სულ უფრო და უფრო მეტად ერთვებიან კავკასიის დიდ თამაშებში, - ფიქრობს რუსი პოლიტოლოგი, რომლის აზრითაც, რუსეთისთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა სამხრეთ კავკასიაში იმავე ფასეულობებით ოპერირება, რომელთაც დასავლეთი იყენებს, იქნება ეს ადამიანის უფლებების თუ ეთნიკური უმცირესობების ინტერესების დაცვა.
როგორი უნდა იყოს რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში 2005 წელს? - სერგეი მარკედონოვის აზრით, აღარ ამართლებს რუსეთის ტაქტიკა, რომელიც სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების გაყინვას გულისხმობს. რუსეთის პასიურობის შემთხვევაში, ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებაში გააქტიურდებიან აშშ და ევროკავშირი. შესაბამისად, რუსი პოლიტოლოგის აზრით, რუსეთმა ხელი არ უნდა შეუშალოს დასავლეთის ჩარევას კონფლიქტების მოგვარებაში. „რუსეთის მიზანი სხვა უნდა იყოს - ადეკვატურად გათვალოს დასავლეთის ნაბიჯები და კონტრზომებს მიმართოს,“ - წერს სერგეი მარკედონოვი.
2004 წლის რუსეთის პოლიტიკის ყველაზე დიდ შეცდომად კი რუსი პოლიტოლოგი კრემლის მხრიდან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პერსპექტიული ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონტაქტების ნაკლებობას ასახელებს: “საუბარია ოპოზიციაზე, რომელსაც რეალური შანსი აქვს, მოვიდეს ხელისუფლებაში და არა ფანტომურ ფიგურებზე, იქნება ეს იგორ გიორგაძე საქართველოში თუ აიაზ მუტალიბოვი აზერბაიჯანში.“ სერგეი მარკედონოვის აზრით, რუსეთის გააქტიურება სამხრეთ კავკასიაში იმ ძალებსაც კი დააინტერესებს, ვინც რუსეთის მიმართ არავითარ სიმპათიებს არ ამჟღავნებს. წერილის ავტორის თქმით, კრემლისთვის სიურპრიზად იქცა საქართველოს პრეზიდენტის ენერგიული პოლიტიკა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. „სიურპრიზის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, კრემლს რომ მეტი ემუშავა ტრიუმვირატთან - სააკაშვილი-ბურჯანაძე-ჟვანია. 2004 წელს რუსეთი სამხრეთ კავკასიაში სისტემურობას შეეჯახა, რაც ასე აკლია თავად რუსეთის პოლიტიკას,“ - წერს „ნეზავისიმაია გაზეტას“ ავტორი, რომლის დასკვნითაც, 2005 წელს რუსეთმა თავად უნდა მოახდინოს ახალი სამშვიდობო პროექტებისა და მოლაპარაკებების ინიცირება სამხრეთ კავკასიაში, რადგან ამ რეგიონში არა მოლოდინის, არამედ მოქმედების დრო დადგა.
XS
SM
MD
LG