Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუხროვანის მორიგი ამბოხის მიზეზები


საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს თავის 37-ე დაბადების დღეზე ყველაზე არასასიამოვნო სიურპიზი სწორედ არმიამ მოუწყო. 20 დეკემბრის საღამოს პროტესტის

ნიშნად მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან გამოქცეული 70 -ზე მეტი ჯარისკაცის დაკითხვა უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკების მიერ მეორე დღეა გრძელდება. ხელისუფლება აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და უარყოფს მასობრივი თვითნებობის გამომწვევი სოციალური მიზეზების არსებობას. უფლებათდამცველები და თავად გამოქცეული ჯარისკაცების მშობლები კი, რომლებსაც მე დავუკავშირდი, აცხადებენ, რომ მუხროვანის სამხედრო ნაწილში არ არსებობდა სათანადო საყოფაცხოვრებო და საწესდებო პირობები ნორმალური სამსახურისათვის.



ჩხოროწყუელი ბესიკ აბაშიძის დედა შვილის სანახავად მუხროვანში 20 დეკემბერს ჩავიდა, მაგრამ სამხედრო ნაწილის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გაიგო, რომ მის შვილს, რომელიც ორი თვის წინ საკუთარი ნებით წავიდა სამხედრო სამსახურის გასავლელად, სხვა თანამებრძოლებთან ერთად ნაწილის ტერიტორია მიუტოვებია. ბესიკ აბაშიძის დედამ ნახევარი დღე შინაგანი ჯარების ოპერატიული პოლკის შესასვლელთან შვილთან შეხვედრის მოლოდინში გაატარა.

[ბესიკ აბაშიძის დედის ხმა] “მე ვუთხარი, შვილო, რატომ გამოიქეცი, შვილო, თავს მოვიკლავ, შენ რომ რამე დაგემართოსო. არა, დედიკო, მე იქ ვერ წავალ, მუხროვანში ვერ დავბრუნდებიო.” (სტილი დაცულია)


ბათუმელმა გულნაზ სანდარაძემ კი ჩვენთან მხოლოდ ის თქვა, რომ მისი შვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება:

[გულნაზ სანდარაძის ხმა] “რაფერ ვთქვა, მე რომ წავიდე ბათუმში, მაგ ჩემს შვილს აქ მოკლავენ. რა ვქნა, მასეთი უფროსობაა. მაი ჩემს შვილს მოკლავენ და გამომიგზავნიან. ერთი შვილი მყავს მე.”(სტილი დაცულია)
მაგრამ ისეთი რა საშინელება ხდება მუხროვანის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, რომ ახალგაზრდა ჯარისკაცს იქ ყოფნას სიკვდილი ურჩევნია?
როგორც შინაგანი ჯარის სარდლობა აცხადებს, ახალი ხელისუფლების დროს სამხედრო ნაწილის ყაზარმებში მიმდინარეობდა კაპიტალური ევროპული რემონტი და კვებაც სათანადო დონეზე იდგა. ყაზარმების კეთილმოწყობის ფაქტს არც ჯარისკაცთა უფლებათდამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალი და თავისუფლების” იურისტი შალვა თადუმაძე უარყოფს. თუმცა ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თადუმაძემ ყურადღება გაამახვილა სამხედრო ნაწილში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზეც, რამაც, რესპონდენტის თქმით, ახალი ხელისუფლების ერთწლიანი მმართველობის პირობებში რამდენიმე სამხედრო ნაწილში გამოიწვია სოციალური მღელვარება:

[შალვა თადუმაძის ხმა] “ეს არის უკვე მესამე შემთხვევა. პირველად ვაზიანში - იქ, სადაც არის ელიტური სახელმწიფოს საყრდენი ნაწილი - 100 კაცი ტოვებს და მიდის. იგივე მოხდა უახლოეს წარსულში მუხროვანის ბატალიონში, როდესაც 50 კაცმა მიატოვა ნაწილი, ჩავიდა მერვე პოლკში(ოპერატიულ პოლკში) და განაცხადა, რომ არ იმსახურებდა მუხროვანის ნაწილში."


მუხროვანში დისლოცირებული სამხედრო ნაწილიდან პროტესტის ნიშნად გაქცეულ ჯარისკაცთა მშობლების გარდა, სამშაბათს სარდლობასთან შეხვედრას და ვითარების გარკვევას ამაოდ ცდილობდა ომბუდსმენი სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების საკითხში ირაკლი სესიაშვილი. წინა დღეს ოფიციალური პირები არ გამორიცხავდნენ, რომ ჯარისკაცები გარეშე ძალებმა წააქეზეს დაერღვიათ წესდება; ლაპარაკობდნენ ერთი ნაცნობი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელწერაზე. თუმცა, როგორც შინაგანი ჯარების სარდალმა გენერალმა გიორგი თათუხაშვილმა დღის ბოლოს ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერში დამნაშავე რამდენიმე ოფიცერი ყოფილა:

[გიორგი თათუხაშვილის ხმა] “ყველაფერი დადასტურდა: დასასჯელები არიან ოფიცრები და ჯარისკაცებიდან გამოიკვეთა სამი-ოთხი ჯარისკაცი, ინიციატორები. ისინი ჯერ არ ჩანან. მაგათ ჩამოვიყვანთ ნაწილში აუცილებლად და მივიღებთ ზომებს.”

ნიშანდობლივია, რომ მუხროვანის ბრიგადა 2001 წელს ერთხელ უკვე გახდა ამბოხების ეპიცენტრი. პროტესტის მიზეზი იმხანადაც მძიმე სოციალური და საყოფაცხოვრებო პრობლემები იყო. და ეს იცნიდენტი მაშინ 25 მაისს, საქართველოს დამუკიდებლობის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, მოხდა. ამჯერად კი მუხროვანის ნაწილის ტერიტორია 70-მდე ჯარისკაცმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღის წინ დატოვა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG