Accessibility links

ხელისუფლება ქვემო ქართლში ინვესტიციების მოზიდვას ცდილობს


საქართველოს ხელისუფლებასა და ქვემო ქართლის მხარეში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის გაუცხოების აღმოსაფხვრელად ოფიციალური თბილისი კონკრეტულ

ნაბიჯებს დგამს. მხარის მასშტაბით განხორციელებული რადიკალური საკადრო ცვლილების გარდა, მარნეულისა და გარდაბნის რაიონებში სპორტული კომპლექსისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ინფრასტრუქტურის მშენებლობაც იგეგმება. პროცესში, როგორც ამას სამხარეო ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, აზერბაიჯანული მხარეც მონაწილეობს. კერძოდ, მეზობელი ქვეყნის ბიზნესმენებს მარნეულის რაიონში სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი ქარხნების აშენება სურთ, აზერბაიჯანის ხელისუფლება კი საკუთარი ხარჯებით იქ გრანდიოზული სპორტკომპლექსის აშენებას გეგმავს.

მარნეულის რაიონში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა - კერძოდ, პირველ რიგში, სოფელ ყუალარში მიწის ნაკვეთის გამო მომხდარმა მკვლელობამ - თვალნათლივ წარმოაჩინა ის პრობლემები, რომელიც წლების მანძილზე აწუხებს მხარის მოსახლეობას. ეკონომიკური სიდუხჭირე, სახნავ-სათესი მიწების უსამართლო განაწილება, სახელმწიფო ენის უცოდინრობა და აქედან გამომდინარე გაუცხოება - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომელთა გადაჭრაც მხარის ახალ ხელმძღვანელობას მოუწევს.

[ზურაბ მელიქიშვილის ხმა] “აზერბაიჯანულ მოსახლეობასაც ვხვდებით და… ამ წუთას შეგიძლიათ თავად დაელაპარაკოთ მათ და თავად დარწმუნდეთ, როგორი რეაქცია აქვთ ჩემს დაბრუნებასთან დაკავშირებით. ჩვენ აქ უნდა დავიწყოთ ეკონომიკური მომძლავრება რეგიონის, უნდა დავიწყოთ მშენებლობა რეგიონის, უნდა მოვაწესრიგოთ მიწის საკითხი, უნდა ვებრძოლოთ კონტრაბანდას, კრიმინალს და ასე შემდეგ… საშინლად გადაკეთებულია მიწის კატეგორიები, როდესაც ჩატარდა მიწის რეფორმა…”(სტილი დაცულია)

ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად ზურაბ მელიქიშვილის დაბრუნებას საკადრო ცვლილებებიც მოჰყვა. რწმუნებულმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ორი მოადგილე; თანამდებობა დატოვა დმანისის რაიონის გამგებელმა, თუმცა ყველაზე პრობლემატური - მიწის ხელახლა განაწილების საკითხი კვლავ ღიად რჩება.

[მამაკაცის ხმა] “მეტი კი არა, სულ იმათ ხელშია! სულ იმათ ხელშია, სულ!”

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის კავშირში კი მიიჩნევენ, რომ ქვემო ქართლის მხარეში ვითარების დაძაბვა ეთნიკური უმცირესობებისადმი ხელისუფლების ქრონიკულმა უნდობლობამ გამოიწვია. “მიწა კანონის მიხედვით უნდა განაწილდეს,” - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯაბა ებანოიძე:

[ჯაბა ებანოიძის ხმა] “ყველა ეს არის საქართველოს მოქალაქე, ქართველიც და არაქართველიც და საქართველოში უნდა იყოს ერთიანი პოლიტიკა და ერთიანი მიდგომა, როგორც აზერბაიჯანელზე, ისე ქართველზე, რადგანაც ყველა ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში იყო ხარვეზები, მაინც მთავრობას უნდა აერჩია კურსი იმისა, რომ გაეთანაბრებინა ყველა თავისი მოქალაქე.” (სტილი დაცულია)


მიწის საკითხის გადაჭრის გარდა, ხელისუფლებას მხარის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც მოუწევს ზრუნვა. უცნაურია, მაგრამ ქვემო ქართლის მხარეში, სადაც მოსახლეობის 90 პროცენტი სოფლის მეურნეობას მისდევს, ერთი საკონსერვო ქარხანაც კი არ მუშაობს. თუმცა, როგორც საქართველოში აზერბაიჯანის სრულუფლებიანმა ელჩმა რამიზ გასანოვმა ქვემო ქართლში სტუმრობისას განაცხადა, აღნიშნული პროფილის საწარმოს ამოქმედებით, შესაძლოა, აზერაიჯანელი ინვესტორები დაინტერესდნენ. ელჩმა ასევე მონაწილეობა მიიღო მარნეულში იმ დიდი სპორტული კომპლექსის მშენებლობის საზეიმო გახსნაში, რომლის დასრულება, წინასწარი მონაცემებით, მეზობელი ქვეყნის მთავრობას მილიონ ნახევარი დოლარი დაუჯდება. ყველაფერი ეს კი, როგორც ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, მხარეში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და რეგიონის ეთნიკურად ჭრელი მოსახლეობის მშვიდობიანი თანაცხოვრების განმტკიცების მიზნით კეთდება.
XS
SM
MD
LG