Accessibility links

თბილისის ცენტრში ორკვირიანი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ საქართველო პრეზიდენტის გარეშე და

  • ნინო როდონაია

თბილისის ცენტრში ორკვირიანი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ საქართველო პრეზიდენტის გარეშე და ნახევრად დანგრეული რუსთაველის გამზირის ამარა დარჩა.

1992 წლის იანვარში,ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, საქართველოს სათავეში ჩაუდგა სამხედრო საბჭო, თენგიზ სიგუას, თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის შემადგენლობით. იმავე წლის შვიდ მარტს მათ მოსკოვიდან თბილისში ჩამოიყვანეს ედუარდ შევარდნაძე, რომელიც დროებითი სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

დღეს თბილისში 13 წლის წინანდელ მოვლენებს სახლებზე დარჩენილი ნატყვიარები და ულამაზესი შენობის - მხატვრის სახლის - ადგილას არსებული სიცარიელე მოგვაგონებს.

თბილისის ომს ყველაზე საშინელ მოვლენას უწოდებენ ისინი, ვინც უშუალოდ საომარი მოქმედების ეპიცენტრში ცხოვრობდა. ბელა ზოიძე,რომლის სახლიც ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარეობს, იხსენებს, რომ, მიუხედავად განუწყვეტელი სროლისა, გარეთ გასვლას არ ერიდებოდა:

[ბელა ზოიძის ხმა] "რატომღაც თავს ვაღწევდით ისე, რომ არ შეგვშინებოდა. ვმოძრაობდი, აბა რა მექნა! ტყვია პირდაპირ ცხვირწინ ჩამივარდა სახლში. საშინელება ის იყო,რომ ამისთანა სიცივეში,ამისთანა... რაღა ვთქვა, არ ვიცი, გახსენებაც აღარ მინდა. დღემდე ვუყურებ იმ ფანჯარას, რომელიც ჩატეხილი მაქვს და ვერ გამოვცვალე." (სტილი დაცულია)

ზუბალაშვილების 30 ნომერში მდებარე სახლის მცხოვრებთ, მიუხედავად არაერთი ხანძრისა, თბილისის ორკვირიანი ომის დროს, ისევე როგორც ბევრ სხვა ადამიანს, საკუთარი ბინები არ დაუტოვებიათ, სნაიპერებიც ახსოვთ და მაშინდელი ოპოზიციის შეიარაღებული წარმომადგენლებიც.
ვისი დამსახურება იყო, რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ხანძარს გადაურჩა, ამ შენობის მორიგე გარადო გელაშვილი ვერ აკონკრეტებს. იგი იხსენებს, რომ თბილისში საომარი მოქმედებების დაწყებიდან რამდენიმე დღეში სასახლის დაწვას სამი მამაკაცი ცდილობდა:

[გარადო გელაშვილის ხმა] ,,ჩვენ წავედით და ვუთხარით, რომ ასეთი ამბავი იყო, მოვიდნენ ბიჭები და წაიყვანეს, სად წაიყვანეს, არ ვიცი. მე მაინტერესებდა შიგნით რამე არ მომხდარიყო. გარეთ რა იყო, სულ არ მაინტერესებდა. ვიცოდი, რომ ომი იყო, მართალია.” (სტილი დაცულია)

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მორიგე, რომელსაც საომარი მოქმედებების მსვლელობისას შენობა არ დაუტოვებია, იხსენებს, რომ ამჟამინდელი პარლამენტის შენობაში პირველი ძლიერი აფეთქება ლამის ქვეყნის დასასრულად აღიქვა.

დავით ნაცვლიშვილი, რომელიც ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელია, თბილისის ომის დაწყებისას 13 წლის იყო და არსენას ქუჩაზე ცხოვრობდა. ის იხსენებს ემოციას, რომელსაც ომობანას თამაშის მოყვარულ თანატოლებში ნამდვილი სროლის განუწყვეტელი ხმა იწვევდა:

[დავით ნაცვლიშვილის ხმა] ,,გვიხაროდა ის, რომ ეს ხმაური განსხვავებული შეგრძნება იყო. ბევრჯერ მაქვს ნაპოვნი დამალული იარაღი, მასრები, ,,ლიმონკა” მაქვს ნაპოვნი. კიდევ კარგი, რომ ვერ მივხვდი რა იყო და არაფერი გავაკეთე.” (სტილი დაცულია)

დათო ამბობს, რომ 13 წლის ასაკში მაშინდელი მოვლენების არსს ვერ ხვდებოდა, დღეს კი თბილისის ომს ამგვარად აფასებს:

[დავით ნაცვლიშვილის ხმა] ,,დიდი უგუნურობა და სისულელე იყო, ქართველი რომ ქართველს მოკლავს. სირცხვილი იყო ეს, ქართველი ხალხის სირცხვილი.” (სტილი დაცულია)

1991 წლის დეკემბრის მიწურულს თბილისში ცნობილი ქართველი მწერალი რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა. მიუხედავად მისი ავადმყოფობისა, იმ პერიოდში ბევრი ამბობდა, რომ მწერალმა სწორედ სამოქალაქო ომი ვერ გადაიტანა.

გასული წლის ნოემბერში სამოქალაქო ომის საფრთხეზე საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საუბრობდა და მოსახლეობისადმი მიმართვისას მოქალაქეებს მოუწოდებდა, არ ჩამოსულიყვნენ თბილისში და არ შეერთებოდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას. ამ აქციებისა და ,,ვარდების რევოლუციის” შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ სამოქალაქო ომის დაწყების ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე დახურა.
ომსა და მშვიდობაზე თითქმის დღეგამოშვებით საუბრობს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც, რომლის ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჟამად თბილისის ომის შედეგად 13 წლის წინ დამწვარ და წლების შემდეგ ხელახლა აშენებულ სახლში ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG