Accessibility links

logo-print

ნდობა და უნდობლობა ჟვანიას რამდენჯერმე გადახალისებული მთავრობის მიმართ


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი წლის მიწურულს გაათმაგებული ენერგიით მომუშავე საქართველოს პარლამენტს სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ზურაბ ჟვანიას კაბინეტისათვის ნდობის საკითხზე

კენჭისყრაც ელის. რაოდენობრივად მცირერიცხოვანი და ინტელექტუალურად საკმაოდ ძლიერი საპარლამენტო ოპოზიციისაგან მინისტრთა ახალი შემადგენლობის მწვავე კრიტიკაა მოსალოდნელი, თუმცა ეს კენჭისყრის შედეგებზე, ალბათ, არ აისახება. ერთი წლის მანძილზე სამჯერ გადახალისებულ და კარუსელგადატანილ “ჟვანიას მთავრობას” პარლამენტი, სავარაუდოდ, უპრობლემოდ დაუჭერს მხარს.

სულ ახლახან რიგით მესამე კარუსელგადატანილი მინისტრთა კაბინეტი პარლამენტისა და, მისი სახით, საქართველოს მოსახლეობისაგან ნდობის დადასტურებას კიდევ ერთხელ ითხოვს. ამ ნდობის მიღება მას არ უნდა გაუჭირდეს, რადგან ხელისუფლებას პარლამენტში თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ჰყავს. პოსტრევოლუციურ პერიოდში მინისტრთა კაბინეტად გადაკეთებულმა მთავრობამ, საერთო ჯამში, სამი მინისტრი დათმო და ამდენივე ახალი მიიღო. რამდენიმე სამინისტრო გადააკეთ-გადმოაკეთა, ხოლო ორ საკმაოდ გავლენიან ფიგურას - ჟვანიას გუნდის წევრს გიორგი ბარამიძეს და ზედმეტად თავისუფლად მოაზროვნე კახა ბენდუქიძეს სიმბოლური თანამდებობები მოუძებნა. ამგვარი შემადგენლობით და სანაოსნოს გაყიდვასთან დაკავშირებული ახალი სკანდალით წარდგა ზურაბ ჟვანია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ის ხალხი, ვინც ხმაურობს დღეს, ეს არის, ძირითადად, ის ხალხი, რომელსაც ყველაფერი უნდა უფასოდ. ნურას უკაცრავად, ვეღარ მიიღებენ ჩვენი მმართველობის პირობებში ესენი ობიექტებს უფასოდ. დამთავრდა ეს. უნდათ ობიექტი - გადაიხადონ ფული. ეს ფული ჩაიდება საქართველოს განვითარებაში.”

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ჟვანიას ამჯერადაც ექომაგება. პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირებაზე საუბარი სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს, მაგრამ საჯაროდ ამის დემონსტრირება არ ხდება. მართალია, პრეზიდენტი სკოლის მოსწავლესავით დაფასთან გასული პრემიერისაგან სანაოსნოსთან დაკავშირებულ განმარტებებს აშკარა კმაყოფილებით ისმენდა, მაგრამ ჯერჯერობით არავითარი ნიშანი არ არის იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ჟვანია უახლოეს მომავალში განტევების ვაცად აქციოს. პრეზიდენტისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრთან უამრავი პრეტენზია აქვს საპარლამენტო ოპოზიციას.

[კახა კუკავას ხმა] “პირველი, ეს არის პოლიტიკური ტერორის პოლიტიკა, რასაც ატარებს ჟვანიას მთავრობა. დაჭერები და ადამიანის უფლებების დარღვევები. ეს არის ყველაზე უფრო მთავარი. მეორე საკითხი - ეს არის ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობაში შეტანილი ცვლილებები. დღესაც მიმდინარეობს ეს ცვლილება და ხდება ავტორიტარული მართვის დამყარება. ეს არის გაუმჭვირვალე პრივატიზაცია, როცა ყველა სტრატეგიული ობიექტი იყიდება პირდაპირი მიყიდვის წესით და, მიუხედავად დაპირებისა, არც ერთი ღია აუქციონი არ ჩატარებულა. ეს არის, მე მგონი, საკმარისი მიზეზები, რომ ჩვენ ჟვანიას მთავრობას გამოვუცხადოთ უნდობლობა.”

პრეტენზიების მიუხედავად, კონსერვატიული პარტიის წევრი კახა კუკავა დარწმუნებულია, რომ მინისტრთა კაბინეტი პარლამენტის ნდობას მიიღებს. თავის მხრივ, ზურაბ ჟვანია მეორე პოსტრევოლუციურ წელს სერიოზულ ეკონომიკურ წარმატებებს გვპირდება.
XS
SM
MD
LG