Accessibility links

წლის დასასრულს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები


წლის დასასრულს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები ტრადიციულ, შემაჯამებელ პრეს-კონფერენციებს მართავენ.

წლის დასასრულს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები ტრადიციულ, შემაჯამებელ პრეს-კონფერენციებს მართავენ.
ხუთშაბათს ჟურნალისტებს შეხვდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მან ისაუბრა როგორც რუსეთის შიდა პრობლემებზე, ასევე საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზეც. სამხრეთი კავკასიის ქვეყნების მიმართ რუსეთის პოლიტიკაზე დასმულ შეკითხვაზე (შეკითხვის ავტორი სომეხი ჟურნალისტი გახლდათ, გაზეთ - "ნოეს კიდობნიდან") პასუხი პუტინმა იმის აღნიშვნით დაიწყო, რომ რუსეთს როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კავკასიაში დიდი ხანია საკუთარი ინტერესები აქვს: [პუტინის ხმა] "ეს ინტერესები ჰარმონიულად უნდა იყოს შერწყმული ჩვენი მეგობრების ინტერესებთან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურ პოლიტიკას ვახორციელებთ. სომხეთი ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია. მოგეხსენებათ, ჩვენ პრაქტიკულად არ გაგვაჩნია პრობლემები ორმხრივ ურთიერთობაში. პრობლემა არის ყარაბაღის საკითხის მოგვარებაში. ჩვენ, ისევე, როგორც მსგავსი სახის სხვა საკითხებზე, ამ საკითხზეც ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს და შემიძლია კიდევ ერთხელ განვაცხადო: ჩვენ მზად ვართ გამოვიდეთ შუამავლისა და გარანტის როლში იმ შეთანხმებების შესრულებაში, რომელთა მიღწევასაც ამ კონფლიქტის მონაწილეები შეძლებენ. მოცემულ შემთხვევაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ არ გვინდა სამომავლოდ ვიქცეთ არასასურველ პარტნიორად რომელიმე მხარისთვის." რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა კრასნოდარელი ჟურნალისტის შეკითხვასაც, რომლის ნაწილი აფხაზეთს შეეხებოდა: [პუტინის ხმა] "რაც შეეხება აფხაზეთს, ეს არის ტერიტორია, ეს არის ხალხი, რომელთანაც რუსეთს მრავალწლიანი... მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა აკავშირებს. ჩვენ ამოვდივართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ცნებიდან, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ყველა სადაო საკითხი, მათ შორის ისეთი მწვავეც, როგორიც აფხაზეთის ან სამხრეთი ოსეთის პრობლემებია, მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებათა საფუძველზე და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ხალხის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. რატომ არ გვინდა იმის დანახვა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში და ევროპაში, კერძოდ. იუგოსლავია დაიშალა? – დაიშალა და მთელმა მსოფლიომ სცნო ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები".
XS
SM
MD
LG