Accessibility links

logo-print

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტრადიციული წლიური პრესკონფერენცია გამართა


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წლის შემაჯამებელ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დასასწრებად აკრედიტაცია დაახლოებით 700-მა ჟურნალისტმა გაიარა.

ამ პრესკონფერენციაზე, რომელიც თითქმის 3 საათს გაგრძელდა, რუსეთის პრეზიდენტი საქართველოსა და აფხაზეთის კონფლიქტსაც შეეხო. პუტინმა კვლავ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, თუმცა აფხაზეთზე საუბრისას იუგოსლავიის დაშლის ფაქტი გაიხსენა.

ორმაგი სტანდარტები უცხო რომ არ არის რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკისთვის, ეს არაერთხელ აღუნიშნავთ ექსპერტებს თუ მოქმედ პოლიტიკოსებს. 2004 წლის ტრადიციულ წლიურ პრესკონფერენციაზე კი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორმაგ სტანდარტებში სხვები ამხილა.

[ვლადიმირ პუტინის ხმა ] ”ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული. როდესაც ჩვენ შევთავაზეთ მონაწილეობის მიღება, მონაწილეობა კი არა, არჩევნების გაკონტროლება ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, არა... არ შეიძლება, იმიტომ რომ პირობები არ არის შექმნილი. არადა, იქ დიდი ხანია საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, შექმნილია მმართველობის ორგანოები... ერაყის ტერიტორიის 100 პროცენტიანი ოკუპაციის პირობებში შეიძლება არჩევნების ჩატარება, ჩეჩნეთში კი - არა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია ასეთი მიდგომა იმ საკითხების გადაწყვეტისადმი, რომლებიც ყველას აინტერესებს.”

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენციას ლაიტმოტივად გასდევდა ამერიკის შეერთებული შტატების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ევროპის კავშირის მხილება არათანმიმდევრულ პოლიტიკაში.



ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მიმართ საერთაშორისო საზოგადოებრიობის ორმაგ სტანდარტებს პუტინმა ხაზი მაშინაც გაუსვა, როდესაც აფხაზეთის სტატუსის შესახებ ალაპარაკდა:

[ვლადიმირ პუტინის ხმა ] ”აი, ყოველთვის ვლაპარაკობდით არა კოსოვოს დამოუკიდებლობაზე, - კოსოვო არასდროს არ იქნება დამოუკიდებელი, ის უნდა იყოს იუგოსლავიის შემადგენლობაშიო. მაგრამ რა ხდება პრაქტიკაში? კოსოვო, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი ხდება. და ყველას ისე უჭირავს თავი, თითქოს ვერ ვამჩნევთ და არ გვესმის, თანხმდებიან. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრე ვართ, მაგრამ აუცილებელი გათვალისწინებით იმ ინტერესებისა, რომელიც აქვს ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს.”

პუტინმა ისიც აღნიშნა, ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად აფხაზეთთან რუსეთის საუკუნოვან მეგობრობას და საქართველოს ხელისუფლებასთან ჩამოყალიბებულ კარგ ურთიერთობას გამოვიყენებთო. სწორედ ამით ახსნა რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ღია ჩარევა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შიდაპოლიტიკურ საქმეებში. როგორც ცნობილია, აფხაზეთში რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის კალესნიკოვის ვიზიტის შემდეგ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩაიშალა და პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები დაინიშნა.

[ვლადიმირ პუტინის ხმა ] ”რაც შეხება თანამდებობის პირთა იქ ჩასვლას, მე არ ვიტყვი, რომ ისინი იქ იმყოფებოდნენ მხოლოდ როგორც კერძო პირები. მაგრამ ჩვენი ყველა ქმედება მიმართული იყო შიდაპოლიტიკური კონფლიქტის მოსაწესრიგებლად თავად ამ ტერიტორიის შიგნით. ამასთან, ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპიდან ამოვდივართ. სათუოა თავად საქართველო იყოს დაინტერესებული, რომ აფხაზეთის შიგნით შეიარაღებული კონფლიქტი გაჩაღდეს. ეს არავის სჭირდება. ნუთუ საქართველოა ამაში დაინტერესებული? რა თქმა უნდა, არა.”

პუტინმა საქართველოსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ორი ქვეყანის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეგრეთ წოდებული ჩარჩო ხელშეკრულების მომზადებაა.

რუსეთის პრეზიდენტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს არ გეგმავს ვიზიტს საქართველოში და დასძინა, საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვში ყოველთვის სასურველი სტუმარიაო. პუტინის ამ განცხადებებს თბილისში კომენტარი გაუკეთა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ. მან აღნიშნა, რომ არც საქართველოს პრეზიდენტს აქვს დაგეგმილი მოსკოვში ვიზიტი და უარყოფითად შეაფასა მოსკოვის აქტიური ჩარევა აფხაზეთის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.
XS
SM
MD
LG