Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა ნაწილი სასტუმრო “აჭარაში” გამოზამთრებას ითხოვს


ოფიციალური მონაცემებით, თბილისში აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან დევნილი 91 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

მათი უმეტესობა ავარიულსა თუ უიმედოდ ამორტიზებულ შენობებს აფარებს თავს. თუმცა ზოგიერთ მათგანს, შეიძლება ითქვას, გაუმართლა. ლაპარაკია დევნილთა იმ ოჯახებზე, რომლებმაც აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დასრულების პირველსავე დღეებში თავი სასტუმროებს - “ივერიასა” და “აჭარას” - შეაფარეს. კერძო ინვესტორი მათ დროებითი საცხოვრებლის დაცლაში 7-7 ათას დოლარს სთავაზობს, მაგრამ ირკვევა, რომ ამგვარი შეთავაზებით ყველა დევნილი ერთნაირად კმაყოფილი არ არის. საქმე ის არის, რომ სასტუმრო “აჭარაში” მცხოვრებმა დევნილებმა ორჯერ დაარღვიეს კერძო ინვესტორთან შეთანხმებული გამოსახლების გრაფიკი. რა არის ამის მიზეზი?

სასტუმრო “ივერიიდან” დევნილების გამოსახლების შემდეგ ბევრს ეგონა, რომ ამ აქტის განხორციელება სასტუმრო “აჭარაშიც” ზედმეტი ხმაურის გარეშე მოხერხდებოდა. მით უმეტეს, რომ შეთავაზებული 7-7 ათასი დოლარი სასტუმროში მცხოვრებმა 237-ივე ოჯახმა უკვე მიიღო. მაგრამ, როგორც სასტუმროს ადმინისტრაციაში აცხადებენ, დევნილთა დიდ ნაწილს ჯერჯერობით “აჭარის” შენობა არ დაუტოვებია.

[ქალბატონის ხმა] “ეს დევნილები დღედადღე გადიან. ჯერ კიდევ გასვლის პროცესში არიან, ასე ვთქვათ…”(სტილი დაცულია)

არადა, შეთანხმებული გრაფიკის თანახმად, სასტუმროს შენობა ჯერ კიდევ 30 ნოემბერს უნდა დაცლილიყო. მაგრამ დევნილები ვერც მათივე თხოვნით შეცვლილ ვადაში ჩაეტივნენ. თბილისის მერიაში ამ საკითხთან დაკავშირებით შექმნილი მუშა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ კიკალეიშვილი აცხადებს, რომ 20 დეკემბრის შემდეგ “აჭარაში” დევნილთა 125 ოჯახი რჩება.

[ზურაბ კიკალეიშვილის ხმა] “გვესმის მათიც, იმიტომ რომ ზამთარია. აქ ჰქონდათ უფასო დენი, უფასოდ წყალი. კერძო სექტორში რომ გადავლენ, იქ ხომ უფასოდ არ ექნებათ. ამიტომ ცდილობენ როგორმე ზამთრის განმავლობაში სასტუმროში დარჩნენ. ამას სთხოვენ ინვესტორს… არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ძალა იქნეს გამოყენებული. მოლაპარაკების გზით გამონახავენ საერთო ენას, რა.”

თავად დევნილები კი თანხის სიმცირესა და ბინების გაძვირებაზე ჩივიან. ისინი სასტუმროში გამოზამთრებასაც ითხოვენ.
[ქალბატონის ხმა] “მეზობელი გამოვიდა ტელევიზიით და თქვა, კმაყოფილი ვარ, ერთოთახიან ბინას ვიყიდი და წავალო. როგორ წავა? ესე იგი შეკრულია ვიღაცასთან და მეტს აძლევენ. ჩვენ არ გვინდა ასე. ჩვენ გვინდა მეტი და ცოტახანი გაგვაჩერონ აქ. არ გაგვყარონ ამ ზამთარში, ცოტახანი გაგვაჩერონ და მეტი მოგვცენ.”

თუმცა საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი ეთერ ასტემიროვა აცხადებს, რომ ინვესტორმა შესაძლებლის მაქსიმუმი გაიღო:

[ეთერ ასტემიროვას ხმა] “5-დან დაიწყეს და 6 ათასამდე მივიდნენ. ბოლოს კი გადაწყდა, რომ იქნება 7 ათასი. რასაკვირველია, ფასებმა იმატა, მაგრამ ეს არის მაქსიმალური, რაც შეიძლება ჩვენ მოგვცენ.”

ბინები კი თბილისში, მართლაც, გაძვირდა, თუმცა არა იმდენად, რომ 7 ათას დოლარად ვერაფერი შეიძინო. მე ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად უძრავი ქონების სააგენტო “სავანეს” მივმართე.

[მამაკაცის ხმა] “ამ ფასით შეიძლება დიდუბეში ერთოთახიანი. 2-3-ოთახიანს გლდანში ან მუხიანში თუ იყიდით. ფასმა რატომ მოიმატა? აი, მიშა რო მოვიდა… ადრე რო “შავი სალარო” იყო, ეგ აღარ არის… ახლა გადასახადები უნდა გადაიხადო და ამიტომაც გაძვირდა.”(სტილი დაცულია)

ამ და სხვა მოსაზრებების გამო “აჭარაში” დარჩენილი დევნილები დამატებით დროს ითხოვენ. თუმცა ძნელი სათქმელია, შეძლებენ თუ არა ისინი ინვესტორის დარწმუნებას და სასტუმროდან გამოსახლების ვადის მორიგ შეცვლაზე მის დაყოლიებას. თავად “სელფორდის” წარმომადგენლობაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისაგან რატომღაც თავს იკავებენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG