Accessibility links

logo-print

მუხროვანის ინციდენტის გამოძიება სამი ჯარისკაცის პასუხისმგებლობისკენ იხრება


უცხო სახელმწიფოს სპეცსამსახურების პროვოკაციად მონათლული მასობრივი გაქცევის ფაქტი მუხროვანის შინაგანი ჯარების ბატალიონიდან ჯერჯერობით კვლავ

ვერსიების დონეზე რჩება. ხუთშაბათს გაირკვა, რომ სამი გაუჩინარებული ჯარისკაცი, რომლებსაც სარდლობა წამქეზებლებად მიიჩნევდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში შინაგანი ჯარების ოპერატიულ ბრიგადაში ჩვენებებს იძლეოდა. თუმცა გამოძიებას ჯერჯერობით არც ერთი დონის მეთაურის პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუყენებია.

მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან სკანდალური გაქცევის მორიგი ისტორია ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა. ყველა დამნაშავის სასტიკად დასჯის შესახებ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული მრისხანე განცხადებების მიუხედავად, დამნაშავეები ისევ ამ ნაწილის რიგითები აღმოჩნდნენ. ჯერჯერობით მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის, თბილისელი ნოდარ შმოევის, გვარია ცნობილი. დანარჩენი ორის ვინაობას შინაგანი ჯარების ოფიციალური წარმომადგენელი ნინო მელაძე არ ახმაურებს, თუმცა ადასტურებს, რომ სამივე ოპერატიულ ბრიგადაში იმყოფება და არსად ისინი არ გაუჩინარებულან, როგორც ამას რიგითი ნოდარ შმოევის მამა აცხადებდა:

[ნინო მელაძის ხმა] “ხო, იცით რაშია საქმე, ისინი არც ყოფილან დაკარგულები არსად. მიმდინარეობს მათი დაკითხვა. მეტი არაფერი. ის მოკვლევა მიდის ამ ჩარჩოებში.”

მაგრამ ინციდენტიდან მესამე დღეს არავინ საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოახერხა ამ სამმა ჯარისკაცმა, წაექეზებინა დანარჩენი 60, დაეტოვებინათ ნაწილი და თბილისამდე ისე გამოევლოთ დაახლოებით 40 კილომეტრის მანძილი, რომ ვერც ერთმა პასუხისმგებელმა ოფიცერმა ამ ორგანიზებული პროტესტის მზადების შესახებ ვერაფერი გაიგო. თუკი ასე მოიკოჭლებს დისციპლინა საქართველოს შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ელიტურ სამხედრო სტრუქტურაში, მაშინ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა ხდება დანარჩენ, ცენტრიდან დაშორებულ, სამხედრო ქვედანაყოფებში. ის, რომ ინციდენტიდან მესამე დღეს არ გამოიკვეთა არც ერთი დონის მეთაურის პასუხისმგებლობის საკითხი, სერიოზულად აკვირვებს სახალხო დამცველის მოადგილეს ბაჩო ახალაიას, რომელიც ინციდენტის პირველი დღეებიდან მოითხოვს, რომ პასუხისმგებლობა, ინციდენტის უშუალო წამქეზებლების გარდა, თანამდებობრივად გულგრილ მეთაურებზეც გადანაწილდეს:

[ბაჩო ახალაიას ხმა] “თუ რომელიმე კონკრეტული ოფიცერი არის და უნდა იყოს ამ საქმეზე პასუხისმგებელი, ჯერჯერობით არ დასახელებულა არც სახელი დ არც გვარი. იქ თითქოს უშიშროებამ ცალკე აწარმოა მოკვლევა, აქ - გენერალურმა ინსპექციამ, მაგრამ, სამწუხაროდ, პრეზიდენტის განცხადების გარდა, აქ კონკრეტული არაფერი ყოფილა და თუ ასე უდგებიან ამ საკითხს, ძალიან სამწუხაროა ეს.”

თანაც, ინციდენტიდან მესამე დღეს არავინ იცის, თუ რა სამართლებრივ შეფასებას მისცემენ შინაგანი ჯარების შიდა მოკვლევისა და უშიშროების სამსახურის გამომძიებლები მუხროვანის ინციდენტს. კანონის თანახმად ხომ პროტესტის ნიშნად სამხედრო ნაწილის ერთი დღით მიტოვება არ ითვლება დეზერტირობად. ამ ქმედებაზე სამხედრო მოსამსახურეს, შესაძლოა, მხოლოდ დისციპლინური სასჯელი დაეკისროს, რადგან მეთაურს არც იმის უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ჰაუპტვახტში სამდღიანი პატიმრობა მიუსაჯოს წესდების დამრღვევ ჯარისკაცს. ამ რეფორმებს თავის დროზე სათავეში ედგა სწორედ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა მუხროვანიდან 20 დეკემბერს გაქცეული ჯარისკაცების სასტიკად დასჯას კატეგორიულად მოითხოვს.
XS
SM
MD
LG