Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალუტო ფონდმა საქართველოს 21,5 მლნ. აშშ დოლარი გამოუყო<br>


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ 21 დეკემბერს ვაშინგტონში გამართულ სხდომაზე საქართველოს, ”სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური

ზრდის” პროგრამის ფარგლებში, 21.5 მლნ. აშშ დოლარის ტრანში გამოუყო. დირექტორთა საბჭოზე საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენების პოზიტიურ შეფასებასთან ერთად რამდენიმე რეკომენდაციული ხასიათის შენიშვნაც გამოითქვა. რას გვირჩევს სავალუტო ფონდი და რა მოსწონს მას მთავრობის პოლიტიკაში?

21 დეკემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის” პროგრამის ფარგლებში 21,5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის მეორე ტრანშის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ტრანში საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე 28 დეკემბერს ჩაირიცხება.

მიუხედავად იმისა, რომ ფონდის ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით ვერ იქნა შესრულებული, საქართველოს ხელისუფლებაში ეჭვი თითქმის არავის ეპარებოდა, რომ ფონდის გადაწყვეტილება პოზიტიური იქნებოდა.

საბჭოზე დირექტორებმა, ტრადიციულად, დადებითად შეაფასეს საქართველოს ფულად-საკრედიტო სფეროში მიმდინარე მოვლენები, ასევე მიესალმნენ საბიუჯეტო სფეროში მიმდინარე პოზიტიურ ძვრებს და გადასახადების ამოღების მაჩვენებლის გაუმჯობესებას. კერძოდ, აღინიშნა, რომ ინფლაცია პროგრამის ფარგლებში დარჩა. ფონდის დირექტორები ასევე გამოყოფენ საქართველოს საბანკო სექტორის კონსოლიდაციაში მიღწეულ წარმატებებსაც და სუსტი კომერციული ბანკების დახურვასა და პრობლემური სესხების შემცირებას დადებითად აფასებენ.

რაც შეეხება შეუსრულებელ რეკომენდაციებს, ის, ასევე ტრადიციულად, ენერგეტიკის სფეროს ეხება. კერძოდ, კვლავ პრობლემატურად რჩება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების დაბალი მაჩვენებელი. ასევე გამოითქვა მოსაზრება მთავრობის მხრიდან ეროვნული ბანკის დე ფაქტო დამოუკიდებლობის გაძლიერების აუცილებლობაზე. ფონდის დირექტორთა საბჭოს სხდომის ანგარიშში აღნიშნულია: ამ ორგანიზაციაში კანადის წარმომადგენელი ლინჩი მიუთითებს, რომ ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერება საქართველოს ეროვნულ ბანკს მის მიერ მოპოვებული ნდობის განმტკიცების შესაძლებლობას მისცემს და მომავალში შესაძლო პოლიტიკური ზეგავლენისაგან დაიცავს.

თუმცა, წინა წლებისაგან განსხვავებით, ეს შენიშვნები არ იყო პრინციპული ხასიათის და, შედეგად, სავალუტო ფონდმა საქართველოს მორიგი ტრანში დაუმტკიცა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ირაკლი მანაგაძის განცხადებით, ეს თანხა ცენტრალური ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვში წარიმართება:

[ირაკლი მანაგაძის ხმა] „ჩატარდა მიმოხილვა იმ პროგრამისა, რომელსაც „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამა“ ეწოდება. ეს პროგრამა არის სამწლიანი. პირველი მიმოხილვის შედეგად, დაახლოებით 21,5 მლნ. აშშ დოლარი ჩაირიცხება საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე და იგი შეავსებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვს.“

„სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ სამწლიანი პროგრამა, მთლიანობაში, 150 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. პირველი ტრანში, დაახლოებით 28 მლნ. დოლარის მოცულობით, ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესავსებად მიმდინარე წლის 21 ივნისს მიიღო.
დღეისათვის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა საქართველოსთვის რეკორდულ 380 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG