Accessibility links

logo-print

აღდგება თუ არა დიალოგი ოფიციალურ თბილისსა და აჯანყებულ რეგიონებს შორის?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი წლის დასაწყისში, თავის ინაუგურაციაზე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი მოღვაწეობის მიზნად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დასახა.



წლის ბოლოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებს ორი კვირის ვადაში აფხაზეთის და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების კონცეფციის მომზადება დაავალა. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხელისუფლებისთვის კვლავ ნომერ პირველ ამოცანად რჩება.

წლის ბოლოს პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობის თემას ააქტიურებს - 24 დეკემბერს იგი არასამთავრობო ორგანიზაციების იმ ჯგუფს ხვდება, რომელიც კონფლიქტების მოგვარების საკითხზე მუშაობს და მათ ორი კვირის ვადაში აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების კონცეფციის მომზადებას ავალებს. პრეზიდენტის განცხადებით, ეს კონცეფცია განსახილველად ევროსაბჭოსა და ვენეციის ჯგუფს გადაეგზავნება. სხვათა შორის, აგვისტოში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ შემოდგომაზე თბილისში ქართულ-ოსური კონფლიქტის თემაზე დიდი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართებოდა. დაპირებული კონფერენცია არ შედგა. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კონფლიქტების თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებების განსაახლებლად კვლავ შიდა რესურსები გამოეყენებინა. 25 დეკემბერს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გამართული სინანულისა და შერიგების წირვა-ლოცვის შემდეგ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით, ხელი მოეწერა ქართველთა, აფხაზთა და ოსთა შერიგების მემორანდუმს.
მემორანდუმს ხელი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოაწერა:
[ მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ ჩვენ არ გვყავს უფრო ახლო ერი, ვიდრე არიან აფხაზები. უფრო ახლო - კულტურით. უფრო ახლო -მენტალიტეტით, წეს-ჩვეულებებით. არა ჰყავთ ოსებს უფრო ახლო ერი, ვიდრე ქართველები. ვერავინ ვერ გაუგებთ უკეთ, ვიდრე ქართველები. არავინ ისე არ დაუდგება გვერდით, როგორც ქართველები.“
საეჭვოა, თუნდაც პრეზიდენტისა და კათალიკოს-პარტიარქის მიერ ინიცირებულმა და ხელმოწერილმა მემორანდუმმა ძირეული ცვლილება შეიტანოს აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების პროცესში. საქართველოს აჯანყებული რეგიონების მმართველებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია რუსეთის პრეზიდენტის განცხადებები.
მაგალითად, სოხუმში ვლადიმირ პუტინის თეზისს კოსოვოსთან დაკავშირებით დიდ გარღვევად აფასებენ. კერძოდ, პროფესორ სტანისლავ ლაკობას, რომელიც აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იყრიდა კენჭს, მიაჩნია, რომ მიუღებელია დასავლეთის მხრიდან აფხაზეთის მსგავსი კონფლიქტების მიმართ ორმაგი სტანდარტები.
“ის, რაც გაცხადდა ვლადიმირ პუტინის მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანია. იუგოსლავია არაფრითაა საქართველოზე ნაკლები. არადა, ქვეყანა დაიშალა, შეიქმნა მთელი რიგი სახელმწიფოები. 1993 წლიდან ძალიან ბევრი დრო გავიდა და არ არის არანაირი მიზეზი, არ იქნეს ცნობილი აფხაზეთის დამოუკიდებლობა,“ - განაცხადა ლაკობამ.
კიდევ ერთ კონფლიქტურ რეგიონთან დაკავშირებით საუბრობდა დღეს კონფლიქტების მოგვარების სფეროში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა, რომელიც გაკვირვებას ვერ მალავდა წინა დღის შეხვედრისას ედუარდ კოკოითის მიერ გამოჩენილი კონსტრუქციულობით. მეორე მხრივ, კოკოითის რიტორიკის შეცვლა გასაკვირი არ უნდა იყოს: იმის მიხვედრა, რომ დღეს დასავლეთისთვის გაცილებით მისაღებია სამშვიდობო და არა საომარი განცხადებები, ძნელი არ გახლავთ.
XS
SM
MD
LG