Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


ამ კვირის ქართულმა პრესამ განსაკუთრებული ყურადღება მუხროვანის სამხედრო ნაწილში მომხდარ ინციდენტსა და ,,საოკეანო სანაოსნოს” გაყიდვას დაუთმო,

თუმცა გაზეთებს არც საქართველოს პრეზიდენტის დაბადების დღე დავიწყებიათ.

,,იმ დროს, როცა ხელისუფლება საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაზე, გარემონტებულ ყაზარმებზე, სანიმუშოდ აღჭურვილ და კარგად გამოკვებილ ჯარისკაცებზე საუბრობდა, ბოლო ორ თვეში ნაწილიდან მასობრივი გაქცევის სამი შემთხვევა მოხდა. ექსპერტები მუხროვანის ინციდენტის შემდეგ ასკვნიან, რომ ესაა რეალური სურათი, თუ როგორ პირობებში უწევთ ჯარისკაცებს ცხოვრება,” - წერს გაზეთი ,,ახალი ვერსია” და იხსენებს, რომ შინაგანი ჯარის მუხროვანის ნაწილში არსებულ მძიმე პირობებზე ინციდენტამდე ორი კვირით ადრე წერდა.
,,ახალი ვერსია” აღნიშნავს, რომ სტატიაში ასახული ფაქტები სამხედრო ნაწილში გაწვეული ჯარისკაცების მშობლებისგან შეიტყო. ,,მაშინ ამ სტატიას თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და თითიდან გამოწოვილი უწოდა. სხვა მხრივ კი სტატიას შესაბამისი რეაგირება იქამდე არ მოჰყვა, ვიდრე 65-მა ჯარისკაცმა ნაწილიდან კანცელარიამდე მარშით არ იარა.
მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროსაც კი შინაგან ჯარში სხვა ნაწილებთან შედარებით უკეთესი სოციალური მდგომარეობა იყო, ახალ რეალობაში ირკვევა, რომ შინაგან ჯარს ყურადღება აღარ ექცევა. სხვათა შორის, ეს ის ნაწილია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ირაკლი ოქრუაშვილს ექვემდებარებოდა. საინტერესოა, პრეზიდენტისგან რეფორმების დიდოსტატად შერაცხულმა ოქრუაშვილმა რატომ ვერ შეძლო მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯარის რეფორმირება. მას ხომ ახლა მთელი თავდაცვა ჩააბარეს,”- წერს გაზეთი ,,ახალი ვერსია.”

თემას გაზეთი ,,ალია” განაგრძობს: ,,საოცარი რამეები ხდება დღეს საქართველოში - სახალხო დამცველიც კი ბრალმდებელი გახდა. ,,ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა და ამ სამხედროებს მთელი სიმკაცრით დავსჯით,” - ასეთი იყო სახალხო დამცველის მოადგილის ბაჩო ახალაიას პასუხი იმ ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც საშველად სწორედ მასთან მივიდნენ. მუხროვანის ბრიგადიდან ჯარისკაცები სახლებში კი არ წასულან, ან ტყეებში კი არ გადამალულან, სახალხო დამცველთან მივიდნენ - გვიშველეო. ისინი სამხედრო-სავალდებულო სამსახურს იხდიან, თუმცა გაწვევის დროს ქეჩოში ძალით ხელი არავის ჩაუვლია. ამ ბიჭებზეც იმოქმედა პროპაგანდისტულმა კლიპებმა ქართული არმიის აღმშენებლობის თაობაზე და დეპუტატთა სარეზერვო ბანაკებში სიარულმა. ბევრი მათგანი თავად მივიდა კომისარიატში - მეც სამშობლოს მინდა ვემსახურო და ჯარში წამიყვანეთო. სულ მალე მათ აღმოაჩინეს, რომ სარეკლამო კლიპი ქართული არმიის შესახებ სულ სხვა არის და თავად ქართული არმია - სხვა.”

სტატიაში, სათაურით ,,ომბუდსმენები მიდიან”, გაზეთი ,,24 საათი” წერს: ,,საქართველოში ადამიანთა უფლებების დაცვა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. 21 დეკემბერს თანამდებობა დატოვა სამხედრო ომბუდსმენმა ირაკლი სესიაშვილმა, რადგან მას არ მისცეს საშუალება ქართულ ჯარში ადამიანის უფლებები დაეცვა. რამდენიმე კვირის წინ თანამდებობიდან უხმაუროდ გადადგა მართლმსაჯულების ომბუდსმენი ვახტანგ კომახიძე. ,,სახელმწიფოს სავსებით გაუგებარი რეაქცია ჰქონდა იმაზე, რაც მუხროვანის სამხედრო ნაწილში მოხდა. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას ჩაეტარებინა გამოძიება და რეალური დამნაშავეები დაესაჯა, ჯოხი ყველაზე სუსტზე - ჯარისკაცებზე გადატეხეს. ჩემი ადგილი ამ თანამდებობაზე არ არის. მე ადამიანის უფლებებს ვერ ვიცავ,” - აცხადებს სამხედრო ომბუდსმენის თანამდებობიდან პროტესტის ნიშნად გადამდგარი ირაკლი სესიაშვილი.
სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ღიად აცხადებს, რომ სამხედრო ომბუდსმენისა და მისი აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა. იგი შინაგანი ჯარის მუხროვანის ნაწილიდან ჯარისკაცების გამოქცევას არ ამართლებს და მიიჩნევს, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა პროტესტის ამგვარ ფორმას არ უნდა მიმართონ. ქვეყნის ძალოვანი უწყებების პირველი პირები მომხდარს პროვოკაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ახალწვეულების გაქცევა გარე ძალების მიერ იყო ინსპირირებული. ჯარისკაცებიდან ყველაზე გამბედავი აღმოჩნდა რიგითი აბულაძე, რომელიც პირველი ოპერატიული ბრიგადის შტაბში სარდლობამ ტრიბუნასთან იმის დასტურად მიიწვია, რომ სამხედრო ნაწილში ჯარისკაცებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. სარდლობისთვის მოულოდნელად აბულაძემ განაცხადა, რომ ორი თვის განმავლობაში ბანაობის საშუალება მხოლოდ ორჯერ მიეცათ და რომ ზოგჯერ ხორცსაც აჭმევდნენ. დანარჩენი ჯარისკაცები, რომლებიც მანამდე კომენტარებს ერიდებოდნენ, რიგითი აბულაძის ამ გამოსვლას ტაშით შეხვდნენ,” - წერს გაზეთი ,,24 საათი.”

ამ კვირის ქართული პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ქვეყნის საოკეანო სანაოსნოს გაყიდვაც. გაზეთი ,,ახალი ვერსია” წერს: ,,ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ აგრესიულ პრივატიზაციაზე საუბარი საქართველოს პორტებიდან დაიწყო, მაგრამ როცა იქ არსებული მდგომარეობა შეისწავლა, იმდენად შემაძრწუნებელი სურათი გამოიკვეთა, რომ მათი გაყიდვა გადაიფიქრა. ამავე დროს, პრივატიზაციის ბენდუქიძისეული ხედვა ქართულ ჩარჩოებში ვერ ჩაჯდა და ხელისუფლებამ არჩია, ეს პროცესი ახალგაზრდა და შედარებით გამოუცდელ ახალ მინისტრ ლექსო ალექსიშვილთან ერთად დაესრულებინა. საოკეანო სანაოსნოს გაყიდვის თემამ ყველაზე მეტად ოპოზიცია შეაჩოჩქოლა. მათი განცხადებების სანაცვლოდ ხელისუფლება პოლიტიკაზე მიბმულ ქართველ ბიზნესმენებს სთავაზობს, საოკეანო სანაოსნო მათ იყიდონ. თუკი 27 დეკემბრამდე რომელიმე ქართველი ბიზნესმენი იან ბონდე ნილსენის მიერ შეთავაზებულ თანხაზე ერთი ლარით მეტს გადაიხდის, პრემიერ-მინისტრი ჟვანია გვპირდება, რომ იმ ლარსაც თვითონ დაამატებს და სანაოსნოს ქართველ ბიზნესმენს დაუთმობს. გულდასაწყვეტი ის არის, რომ პრივატიზაციის პროცესი შევარდნაძის დროსაც დაახლოებით ამგვარი სქემით ხორციელდებოდა. ახალმა ხელისუფლებამ, უბრალოდ, ფსონები გაზარდა,” - წერს გაზეთი ,,ახალი ვერსია.”

თემას გაზეთი ,,ალია” განაგრძობს: ,,საქართველოში ატეხილ აჟიოტაჟს, დგას თუ არა საოკეანო სანაოსნოსთან დაკავშირებული გარიგების უკან ასლან აბაშიძე, დანამდვილებით ვერც ვერავინ უარყოფს და ვერც დაადასტურებს. ვერსიები კი მრავლადაა - ეს იმის მიხედვით, ამ თემაზე ვინ პოპულისტური განცხადებებით ქულებს იწერს და ვის ნამდვილად აწუხებს ქვეყნის ბედი. ისე, ვინც კარგად იცნობს ასლან აბაშიძეს, არ შეეჭვდება იმაში, ნილსენი და ,,გრინუოქ ჰოლდინგის” სხვა მესვეურები ამ ნაბიჯს აჭარის ყოფილ ლიდერთან შეთანხმების გარეშე რომ ვერ გადადგამდნენ. რა გამოდის? მან, ვინც საქართველოს მხრიდან მემორანდუმის გაფორმების სულსწრაფობა გამოიჩინა და ტენდერის დასრულებას არ დაელოდა, ხელი ხომ არ შეუწყო აბაშიძესა და მის პარტნიორებს ჩანაფიქრის განხორციელებაში?” - ვკითხულობთ გაზეთ ,,ალიაში.”

სტატიაში, სათაურით ,,235 პარლამენტარი არ გვჭირდება,” გაზეთი ,,რეზონანსი” წერს: ,,ხელისუფლება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამდენი მაღალანაზღაურებადი კანონშემოქმედი ქვეყნისთვის ზედმეტი ფუფუნებაა და პარლამენტართა რაოდენობა 150-მდე უნდა შემცირდეს. ხალხს ეს გადაწყვეტილება კარგა ხანია მიღებული აქვს - შარშან ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს თუ გადავხედავთ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ დეპუტატების რაოდენობის განახევრება მოითხოვა. მით უმეტეს, რომ ბოლო ორი მოწვევის პარლამენტართა დიდი ნაწილი კანონშემოქმედებითი მუშაობისთვის თავს არ იწუხებს. სპიკერატი რეგლამენტის გამკაცრებაზე ზრუნავს, ქვეყნის პირველი პირი კი - 85-ის სახლში გაშვებაზე. თუმცა, აღნიშნული ცვლილებები ამ პარლამენტს არ შეეხება. პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ამ პარლამენტის დათხოვნა და 150 სერიოზული დეპუტატის არჩევა,” - ვკითხულობთ გაზეთ ,,რეზონანსში.”

,,მიხეილ ქარელმა იცის, რომ სტალინი დიდია, სააკაშვილი კი - საქართველოს პრეზიდენტი,” - წერს გაზეთი ,,24 საათი.”
,,21 დეკემბერი საქართველოში ბევრისთვის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა, თუმცა არიან ადამიანები, ვისაც ეს არ ახსოვთ, მაგრამ 21 დეკემბერს ქართლის პატარა ქალაქ გორში სოსო ჯუღაშვილის დაბადებას ზეიმობენ. ეს დღე არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დატოვეს უყურადღებოდ. მხარის გუბერნატორი მიხეილ ქარელი თანმხლებ პირებთან ერთად სტალინის სახლ-მუზეუმს ეწვია. ,,მე დიდ პატივს ვცემ დიდ სტალინს, მისი დამსახურების მიხედვით განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის საქმეში,” - აღნიშნა მიხეილ ქარელმა. ჟურნალისტების შეკითხვას, საქართველოს პრეზიდენტს თუ მიულოცა დაბადების დღე და რაიმე კავშირს ხომ არ ხედავს ამ ორ პიროვნებას შორის, ქარელმა უპასუხა: ,,მე ის ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც საქართველოს გაამთლიანებს.” მიუხედავად სტალინისადმი პატივისცემისა, გუბერნატორი არ მივიდა სახლ-მუზეუმის წინ შეკრებილ მოსახლეობასთან, რომლის უმრავლესობას პენსიონერები შეადგენდნენ. მათთან საქართველოს კომპარტიის ლიდერი პანტელეიმონ გიორგაძე მიბრძანდა,” - გვამცნობს გაზეთი ,,24 საათი.”
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG