Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ქართველები პრაღაში'': ჯიმი დაბრუნდაშვილი


შაბათის ტრადიციისამებრ, დღესაც გთავაზობთ რეპორტაჟს ციკლიდან ”ქართველები პრაღაში” და ამჯერად ჯიმი დაბრუნდაშვილს გაგაცნობთ.

იგი პრაღაში თითქმის 4 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად - მას შემდეგ, რაც ჩეხი ცოლი შეირთო. თუმცა მანამდეც ხშირად სტუმრობდა პრაღას სამსახურებრივი მივლინებების გამო და მისთვის უცხო არ ყოფილა აქაური საზოგადოება. მიუხედავად ამისა, როგორც ჯიმი ამბობს, ჩეხური საზოგადოების წეს-ჩვეულებების გათავისება იოლი არ აღმოჩნდა. ახლა ჯიმი პრაღაში ერთ-ერთი ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლობაში მუშაობს და ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ჩეხეთში საქართველოს პოპულარიზების საქმეშიც.

ჩეხეთის დედაქალაქში, პრაღაში, სირთულეს არ წარმოადგენს რუსული, უკრაინული თუ სომხური სათვისტომოს პოვნა, ისინი კარგად არიან ორგანიზებულნი და გაზეთებსაც კი გამოსცემენ. აი, ქართული სათვისტომო კი პრაღაში რთული საპოვნია, ქართველთა სიმცირისა თუ სხვა მიზეზების გამო.

ჯიმი დაბრუნდაშვილი ის ერთ-ერთი ქართველთაგანია, რომელიც პრაღაში ქართველთა სათვისტომოს ორგანიზებას ცდილობს. იგი სწორედ მაშინ გავიცანი, როდესაც რადიო “თავისუფლების” ქართულ რედაქციაში სათვისტომოს გაზეთის, ”სამშობლოს”, პირველი ნომრის გამოცემის წინ კონსულტაციის მისაღებად მოვიდა. ჯიმი ამ გაზეთის მთავარი რედაქტორია.

[ჯიმი დაბრუნდაშვილის ხმა ] ”ეს გაზეთი გამოვიდა ძალიან სპონტანურად. მე მინდა, რომ წელიწადში ორჯერ მაინც გამოვიდეს. ემსახურება ჩეხეთში მცხოვრები ქართველების ინტეგრაციას ამ საზოგადოებაში... ასევე ჩვენ გვინდა ამ გაზეთით ჩეხეთს გავაცნოთ საქართველო.”(სტილი დაცულია)

ახლა იმის შესახებ, თავად ჯიმიმ როგორ მოახერხა ჩეხურ საზოგადოებაში ინტეგრირება.

ის წლების წინ საქართველოს “მწვანეთა” მოძრაობაში ქართულ-ჩეხურ ერთობლივ პროექტში ენერგიის დაზოგვისა და მდგრადი განვითარების პროგრამის კოორდინატორი იყო და ხშირად უწევდა პრაღაში მოგზაურობა. სწორედ ამ მივლინებების დროს გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე. მანვე შეასრულა ჯიმის მეგზურის როლი ჩეხურ საზოგადოებაში. მე იმით დავინტერესდი, ამ წინაპირობებმა რამდენად გაუადვილა ქართველ კაცს აქაურ საზოგადოებაში ინტეგრირება.

[ჯიმი დაბრუნდაშვილის ხმა]”მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დავდიოდი ევროპაში, აქ გრძელვადიანი დარჩენა და ცხოვრება ცოტა სხვაგვარია, ვიდრე 2-3 კვირით ჩამოსვლა. ბევრ რამეში კაცი კულტურულ შოკს განიცდის, ბევრი რამ არის მიუღებელი და ბევრი რამ - მისაღებიც. ჩემთვის ჩეხეთის საზოგადოება მისაღები აღმოჩნდა...”(სტილი დაცულია)

თუ რა და რატომ მოეწონა ჯიმის ჩეხურ საზოგადოებაში, ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. დღეს კი საინტერესოდ მომეჩვენა პასუხი კითხვაზე, თუ რამდენად მისაღებია საქართველოში აღზრდილი კაცისთვის შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნა.

[ჯიმი დაბრუნდაშვილის ხმა]

[ისმის მუსიკის ხმა]

ჩეხურ საზოგადოებაში ინტეგრაცია ჯიმის გაუადვილა თავად ამ საზოგადოების დემოკრატიულობამაც. თუმცა კი მასში დამკვიდრება იოლი ნამდვილად არ არის, თუ ჩეხურ ენას არ ფლობ და ევროპული შრომისმოყვარეობაც შენთვის უცხოა. ჯიმიმ ეს ბარიერები დაძლია და ამბობს, რომ თუ ჩეხეთში დასაქმებული ხარ, ნორმალური, საშუალო ფენის შესაფერისი ცხოვრებით ცხოვრებას შეძლებ.

ამ ქართველი ახალგაზრდის ჩეხურ საზოგადოებაში წარმატებული დამკვიდრების მიუხედავად, ჯიმი დაბრუნდაშვილი, ისევე როგორც საზღვარგარეთ მყოფ ქართველთა უმრავლესობა, სამშობლოში დაბრუნებაზე თუ არა, სამშობლოს დახმარებაზე მაინც ფიქრობს.

[ჯიმი დაბრუნდაშვილის ხმა] ”რაც მე აქ შევიტყვე 3 წლის მანძილზე,საქართველოსთვის ბევრი რამეა გასაკეთებელი. აქ საქართველოს არავინ იცნობს... საქართველოს პოპულარიზება იმ მილიონზე მეტმა ქართველმა უნდა შეძლოს, ვინც სამშობლოს გარეთ ცხოვრობს. თუ არა მათ, აბა, სხვამ ვინ უნდა გააკეთოს ეს?”

[ჩეხური შობის მუსიკა]
XS
SM
MD
LG