Accessibility links

logo-print

რა საფრთხეს უქმნის საყოველთაო პრივატიზაციის პროცესი საქართველოში შემორჩენილ წიგნის მაღაზიებს

  • ნინო როდონაია

საქართველოს მთავრობა აპირებს აუქციონის წესით გაყიდოს წიგნის მაღაზიები და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო "საქწიგნი",

რომელიც ქვეყანაში წიგნებით ვაჭრობის ერთადერთი ადგილობრივი ქსელია და ჯერჯერობით საკუთარი მაღაზიების ნაწილსაც ინარჩუნებს.

"საქწიგნის" წარმომადგენლებს, საქართველოში არსებულ გამომცემლობებს და არამხოლოდ მათ, მიაჩნიათ, რომ აუქციონზე ამ ქსელის გაყიდვა სერიოზულ საფრთხეს ქმნის.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში - მათ შორის, იქ, სადაც, საქართველოსგან განსხვავებით, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები რეალურად მოქმედებს - წიგნის ბიზნესის განვითარებას ხელს სახელმწიფოც უწყობს, განსაკუთრებით საქართველოს მსგავს პატარა, ოღონდ ნორმალურ ქვეყნებში.
90-იან წლებში ჩვენში დაწყებულმა პრივატიზაციის პროცესმა წიგნის მაღაზიების დიდ ნაწილს პროფილი შეუცვალა. ანალოგიური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ,,საქწიგნის” მფლობელობაში დღემდე დარჩენილი მაღაზიები, რომლებიც, თავად ,,საქწიგნის” მსგავსად, აუქციონზე უნდა გაიყიდოს. ადამიანები, რომლებიც შექმნილი პრობლემის განსახილველად ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ, მიიჩნევენ, რომ, ამ პროცესის შედეგად, საქართველოში წიგნის მაღაზიები კიდევ უფრო დიდ იშვიათობად იქცევა.
გამომცემლობა ,,აზრის” დირექტორი მერაბ ქათამაძე ამბობს, რომ წიგნი არა მხოლოდ ბიზნესპროდუქტი, არამედ კულტურული ფასეულობაა, ამიტომ სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია შესაბამისი დამოკიდებულება:

[მერაბ ქათამაძის ხმა] "ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობა ყოველთვის აცხადებდა ხმამაღლა, იმავე წიგნთან დაკავშირებით, რომ დიახ, უნდა გავაკეთოთ პრივატიზაცია, თან უნდა მოხდეს აუქციონით, ანუ ვინც მეტს გადაიხდის, იმისია, ხოლო რაც შეეხება წიგნის მაღაზიის ქსელს, ამას ბაზარი დაარეგულირებს. მაგრამ თუკი წიგნი არ არის მხოლოდ საბაზრო პროდუქტი, როგორ შეიძლება ბაზარმა დაარეგულიროს ის, რაც არ არის მხოლოდ მისი საგანი." (სტილი დაცულია)

მერაბ ქათამაძე ამბობს, რომ წიგნის ქართული ქსელის ხელაღებით გაყიდვა დაუშვებელია და მას რეგულირების მექანიზმები სჭირდება. არსებობს ევროსაბჭოს ექსპერტთა სპეციალური რეკომენდაციაც, რომლის თანახმად პრივატიზაციის შემდეგ "საქწიგნმა" წამყვანი როლი უნდა შეინარჩუნოს და ყველა გამომცემლობას მოემსახუროს.
დღემდე შემორჩენილი წიგნის მაღაზიების გაყიდვის იდეას არ ეთანხმება ,,ტრადიციონალისტთა კავშირის” თავმჯდომარე აკაკი ასათიანი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრას, როგორც თავად თქვა, მხოლოდ წიგნის მოყვარულის სტატუსით დაესწრო:

[აკაკი ასათიანის ხმა] "ჩვენნაირ ქვეყანაში ეს ამბავი თუ მართლა არ იქნა გააზრებული პოლიტიკის მიხედვით მართული, გაქრება ყველაფერი და გავქრებით ჩვენც. თუ ეს არის ამოცანა, უნდა ვიცოდეთ წინასწარ. გაიცა ბრძანება პრივატიზაციის შესახებ და აბსოლუტურად ყველაფერი უნდა დაექვემდებაროს ახლა ამას. არის სფეროები, სხვათა შორის, არცთუ ისე დიდი, სადაც ეს გაუმართლებელია ეკონომიკურადაც. რა წიგნითაც გინდა ივაჭროს ადამიანმა, ის მომგებიანი ვერ იქნება. ამიტომ უნდა შეწყდეს? - მოდი, ასე შევხედოთ ამას." (სტილი დაცულია)

"საქწიგნის" მფლობელობაში არსებული მაღაზიების აუქციონზე გაყიდვა რომ მათ გაქრობას გამოიწვევს, ამის მტკიცების საფუძველს წლების განმავლობაში დაგროვილი მაგალითები აძლევს ,,საქწიგნში” საგანგებოდ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს ლია მეტრეველს:

[ლია მეტრეველის ხმა] ,,რუსთაველზე არაჩვეულებრივი წიგნის მაღაზია, -სახელად ერქვა ,,მეგობრობა,” - სხვათა შორის, ძალიან წიგნიერმა კაცმა იყიდა. მაგრამ იმ წიგნიერმა კაცმაც კი მეორე დღეს ტოტალიზატორი გახსნა. ,,ჩირაღდანი,” მაღაზია ფილარმონიასთან, ორსართულიანი, არაჩვეულებრივი წიგნის მაღაზია - მე თვითონ მომსწრე ვარ და ჩემი მეგობრები, ვინც ,,საქწიგნში” ვმუშაობდით, როგორ გამოიტანეს წიგნები როგორ გაიყიდა მაშინვე, როგორ მიაყენეს ბულდოზერი და მერე ცეცხლი იქვე, რუსთაველზევე, წაუკიდეს.” (სტილი დაცულია)

ბოლო წლებში საქართველოში წიგნის არაერთი მაღაზია გადაიქცა რესტორნად, სუპერმარკეტად და სხვადასხვა სახის სავაჭრო ობიექტად. მაღაზია ,,საუნჯეში” კი, სადაც 100 წლის წინათაც მხოლოდ წიგნები იყიდებოდა, დღეს წიგნის განყოფილებას ფართობის მხოლოდ მცირე ნაწილი უჭირავს.
"საქწიგნის" მაღაზიების ნაწილი ჯერჯერობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსაც შემორჩა. მათ თანამშრომლები შეძლებისდაგვარად უვლიან, თვეში ერთხელ თბილისში ჩამოდიან და წიგნები ჩანთებით მიაქვთ. აუქციონის შემთხვევაში გაქრობის საფრთხე ამ მაღაზიებსაც ემუქრება:

[ლამარა ვანიშვილის ხმა] "თუკი ეს აუქციონზე გაიყიდება, ჩვენ თავისთავად, ცხადია, ამას ვერ შევწვდებით, რომ წიგნის მაღაზია ვიყიდოთ. ცხადია, ვინც შემოვა, ის იქნება ფულიანი, რა თქმა უნდა. აქ წიგნი არ იქნება." (სტილი დაცულია)

ლამარა ვანიშვილი გორის ცენტრში 1937 წლიდან არსებულ წიგნის მაღაზიაში, სადაც დღემდე მხოლოდ წიგნები იყიდება, რამდენიმე ათეული წელია მუშაობს. ის ამბობს, რომ, მიუხედავად რთული სოციალური მდგომარეობისა, ბოლო ოთხი წელია ქალაქში წიგნის მყიდველთა რაოდენობამ იმატა, და წიგნის მაღაზიის გაუქმების პერსპექტივას საკმაოდ მძიმედ განიცდის.

"საქწიგნის" წარმომადგენლები და გამომცემლები, რომლებიც, სხვათა შორის, პრივატიზაციას არ ეწინააღმდეგებიან, მთავრობას გამოსავლის ძიებას სთხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ თუ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო დროებით უარს იტყვის აუქციონზე, არსებობს არაერთი აპრობირებული მოდელი, რომლის რეალიზება ორივე მხარის ინტერესებს მოერგება. საკუთარ წინადადებებს ,,საქწიგნი” და მისი მხარდამჭერები მთავრობას უახლოეს ხანში გაუგზავნიან და თუ აუქციონი გარდაუვალი იქნება, საწყობებში ამჟამად დაცულ მილიონ წიგნს სახელმწიფო კანცელარიასთან დატოვებენ.
XS
SM
MD
LG