Accessibility links

logo-print

ქართველ ფილოსოფოს ნიკო ჭავჭავაძის დაბადების 80 წლის იუბილე მისმა კოლეგებმა


ქართველ ფილოსოფოს ნიკო ჭავჭავაძის დაბადების 80 წლის იუბილე მისმა კოლეგებმა,

მეგობრებმა, ნათესავებმა ორი წლის წინ აღნიშნეს... ნიკო ჭავჭავაძე უხმაუროდ გაიხსენეს – ქართული მედია თითქმის არ გამოეხმაურა ნიკო ჭავჭავაძის იუბილეს. მაგრამ ნიკო ჭავჭავაძის ახლობლებს ამაზე ყიჟინა არ აუტეხიათ. საიუბილეო დღეებში დაიბადა დოკუმენტური ფილმის გადაღების იდეა... ოღონდ არა მარტო ნიკო ჭავჭავაძის, არამედ მისი შვილის, ზურაბ ჭავჭავაძის კინოპორტრეტის შექმნის იდეაც. ფილმის ავტორები, კინორეჟისორი ირაკლი პაპავა და ნიკო ჭავჭავაძის ქალიშვილი, ფსიქოლოგი ნინო ჭავჭავაძე იმხანად, ალბათ, ვერ წარმოიდგენდნენ რაოდენ აქტუალური გახდებოდა ეს სურათი... ისიც ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ კინოს სახლში, აუტანელ სიცხეში, დოკუმენტურ ფილმ “ნათელი იგი”-ს პრემიერაზე უამრავ ადამიანს სეანსის ბოლომდე ფეხზე დგომა მოუწევდა. ფილმის სამხატვრო ხელმძღვანელი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი დიდხანს უხდიდა ბოდიშს საზოგადოებას:

[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] “დიდ ბოდიშს გიხდით, რომ ადგილები არ გეყოთ და ფეხზე გიხდებათ ზოგიერთებს დგომა. ეს, ალბათ, ნიშნავს უდიდეს ინტერესს, რომელიც არის ბატონ ნიკოსა და ბატონ ზურაბის მიმართ გამოხატული... მათ უზარმაზარი კვალი გაავლეს ქართველთა აზროვნებაში, ზრდილობაში, ღირსებაში, ნიჭიერებაში.”

მერაბ კოკოჩაშვილი ახალი ქართული დოკუმენტური ფილმის წამყვანიცაა. მთელი ფილმის მანძილზე იგი ჯერ ნიკო, შემედეგ ზურაბ ჭავჭავაძეების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე გვიამბობს. თუმცა ისტორია აქ უფრო ადრე იწყება, მე-15 საუკუნიდან, როცა ჭავჭავაძეების გვარის შესახებ პირველი ცნობები გაჩნდა. ჭავჭავაძეები მე-16, მე-18 საუკუნეებში ძალიან აქტიურად მოქმედებდნენ კახეთის სამეფო კარზე - მეფის მრჩევლები, დესპანები იყვნენ:

[ფილმის ხმა. მერაბ კოკოჩაშვილი] “ბატონ ნიკოს წიგნის ყდაზე ჭავჭავაძეების გერბია გამოხატული. ჰერალდიკოსების განმარტებით, ეს გერბი წარმოადგენს ფარს, რომელიც ოთხ ნაწილადაა გაყოფილი – ციხე-კოშკი ძალაუფლების სიმბოლოა, ირემი – კეთილი საწყისის, ღუზა – იმედის, ერთგულებისა და სიმყარის სიმბოლო და ხმალამოღებული ხელი – მებრძოლი სულის სიმბოლო. მანტიის თავზე აღმართული გვირგვინი – გამორჩეულობის, ღირსების და გამარჯვების სიმბოლოა.”

ნიკო ჭავჭავაძის მამამ, ზურაბ ჭავჭავაძემ, ამ გერბის შინაარსი თავისი ცხოვრებით გაამართლა. მოგვიანებით ნიკო ჭავჭავაძე იგონებდა:

“მამაჩემი მსოფლმხედველობით ტოლსტოველი იყო, ამიტომ იარაღით მას არ უბრძოლია, მაგრამ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან მეგობრობის გამო 1924 წელს დააპატიმრეს. მე მაშინ ერთი წლის ვიყავი – მე და დედაჩემს მამა-პაპის კარი დაგვატოვებინეს და ყვარელში ცხოვრება აგვიკრძალეს. მთელი ზაფხული ტყეში, ნასახლარში, ვცხოვრობდით.”

ზურაბ ჭავჭავაძე გაათავისუფლეს, მაგრამ 1929 წელს ისევ დააპატიმრეს. გადასახლებამდე მამა ბავშვმა სამჯერ ნახა. 6 წლისას ნიკო ჭავჭავაძეს უკანასკნელი შეხვედრა ჰქონდა მამასთან. ნიკო ატირდა. მამა პირველად და უკანასკნელად გაუჯავრდა. ზურაბ ჭავჭავაძე ურალში გადაასახლეს, სადაც 36 წლისა გარდაიცვალა. რეპრესიებს ომი მოჰყვა. 13-ჯერ დაჭრილი, ომგამოვლილი ნიკო ჭავჭავაძე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჩამოყალიბდა გამოჩენილ ფილოსოფოსად.

ფილმში, რომელიც საათზე მეტხანს გრძელდება, ჯერ ნიკო და შემდეგ ზურაბ ჭავჭავაძეს ახლობლები, კოლეგები იგონებენ. სურათის ავტორებმა თითქოს განზრახ შეარჩიეს სრულიად განსხვავებული მსოფლხედველობის, განსხვავებული ბიოგრაფიის ადამიანები. მაგალითად, ფილოსოფოსი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ვახტანგ გოგუაძე:

[ვახტანგ გოგუაძის ხმა] “ფილოსოფიის ინსტიტუტს ყველაზე მეტად უჭირდა ცენტრალური კომიტეტისაგან, ერთი პერიოდი იყო პირდაპირ აწიოკებდნენ... როცა დაიძაბებოდა ვითარება, როცა ამბობდნენ, ნიკო ახლა ციმბირს ვერ გადარჩებაო, ისე იხუმრებდა სოკრატულად, რომ მაშინვე ამარცხებდა იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებს.”


ამბობენ, რომ ნიკო ჭავჭავაძე ფილოსოფიას და სარწმუნოებას ათავსებდა თავის თავში. ამიტომ მარქსიზმ-ლენინიზმის დამცველი ქართველი ფილოსოფოსები მოსკოვში საჩივარს საჩივარზე გზავნიდნენ. ერთხელ მოსკოვიდან კომპარტიის სპეციალური კომისია ჩამოვიდა, რომელსაც უნდა დაესაჯა ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი. მაგრამ ნიკო ჭავჭავაძე თურმე ისე მშვიდად ლაპარაკობდა, ისეთი იუმორით, რომ ყველა გაოგნდა.

[ხმა. ფილმი]“ცეკას მდივანმა, ედუარდ შევარდნაძემ, უარი განაცხადა ნიკო ჭავჭავაძის განთავისუფლებაზე – კომისია პირში ჩალაგამოვლებული დაბრუნდა მოსკოვში.”

ფილმში “ნათელი იგი” ზოგჯერ ზედმეტია მუსიკალური გაფორმება, რომელიც ემოციის გამძაფრებას ემსახურება. კადრები ისედაც ემოციურია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ავტორები ნიკო ჭავჭავაძის ვაჟზე, ზურაბ ჭავჭავაძეზე, გვიამბობენ. ფილმის ამ ნაწილიდან ნათელი ხდება “ნათელი იგი”-ს აქტუალურობა.

70-იანი წლების მიწურულს პროფესიით ქიმიკოსი ზურაბ ჭავჭავაძე კათალიკოს- პატრიარქის რეფერენტად იწყებს მოღვაწეობას. შვილის გადაწყვეტილება ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორს, ცხადია, უხერხულობას შეუქმნიდა. მაგრამ, როგორც ამბობენ, ნიკო ჭავჭავაძემ შვილს გადაწყვეტილება მოუწონა. ახალ ქართულ დოკუმენტურ ფილმში ზურაბ ჭავჭავაძის მეგობარი კახა ჩიტაია ამტკიცებს, რომ 1979 წელს სწორედ ზურაბ ჭავჭავაძის ინიციატივით მოხერხდა რომის პაპის, იოანე-პავლე მეორის, შეხვედრა ილია მეორესთან.

ამის შემდეგ ზურაბ ჭავჭავაძემ ჯერ გრიგოლ ფერაძეზე შეაგროვა მასალა, მერე ქართული სასულიერო ლიტერატურით დაინტერესდა, დაამტკიცა, რომ “გალობანი სინანულისანი” არ არის ნაწარმოების სახელი, ეს ჟანრის დასახელებაა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ზურაბ ჭავჭავაძის პოლიტიკური მოღვაწეობა იყო... მით უფრო მნიშვნელოვანია ის დღეს, როცა ქვეყანა ცდილობს ახლებურად გაიაზროს თავისი უახლესი ისტორია. ამ მხრივ საყურადღებოა ის უნიკალური ქრონიკა, რომელიც ჩართულია ფილმში “ნათელი იგი” – თუნდაც ზურაბ ჭავჭავაძის გამოსვლები 80-იანი წლების მიწურულს გამართულ მიტინგებზე:

[ზურაბ ჭავჭავაძის ხმა] “ჩვენი მოვალეობა ის კი არ არის, ვინც გვიყვარს, იმასთან მოვნახოთ საერთო ენა, ჩვენი მოვალეობა არის, საერთო მოვნახოთ იმასთან, ვინც ჩვენდამი მტრულადაა განწყობილი, ეს არის პოლიტიკური მოღვაწეობის ხელოვნებაც და აუცილებლობაც.”

ეს ის დროა, როცა საქართველოში დაიწყო ოსების გაუცხოების მიზანმიმართული კამპანია. ზურაბ ჭავჭავაძემ “ანტიქართულად” შერაცხული ორგანიზაციის, “ადამონ ნიხასის” ლიდერ ალან ჩოჩიევთან მშვიდობიანი დიალოგის წარმართვა მოახერხა. 1990 წლის ივლისში “ადამონ ნიხასმა” და “ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ” ოსი და ქართველი ხალხებისადმი ერთობლივ მიმართვას მოაწერეს ხელი.

“დღეს, როდესაც შიშის დათესვის მეშვეობით ცდილობენ ჩვენს ურთიერთიზოლაციას, კი არ უნდა გავუცხოვდეთ, კი არ უნდა გვეშინოდეს ერთმანეთის, არამედ, პირიქით, უნდა დავამყაროთ ერთმანეთთან უშუალო კონტაქტები და ვეძებოთ ის, რაც გვაერთიანებს და არა ის, რაც განვასხვავებს ერთმანეთისგან... ჩვენი ურთიერთობის გაუარესებით დაინტერესებულია ორივე ჩვენი ხალხის მტერი.”

1989 წლის 21 ივლისის ამ შეხვედრაზე საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ოსების პოზიცია ძირეულად შეიცვალა. ოსები მიხვდნენ, რომ საქართველოში არიან პოლიტიკოსები, რომლებთანაც შეიძლება ლაპარაკი.... ამ პოლიტიკოსებისათვის ქვეყნის ყველა მოქალაქის სიცოცხლე – ოსი იქნებოდა ეს, ქართველი თუ აფხაზი - ერთნაირად ფასეული იყო. 1988 წლის 3 დეკემბერს ზურაბ ჭავჭავაძე ამბობდა:

[ზურაბ ჭავჭავაძის ხმა] “არ არსებობს ისეთი აფხაზური პრობლემა, რომელიც ეწინააღმდეგებოდეს ქართულენოვან პრობლემას და პირიქით. ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ ილიას საზოგადოებაში ჩვენს აფხაზ ძმებს და ამოვუდგებით მხარში აფხაზური პრობლემების მოგვარებაში...[აფხაზურად ლაპარაკობს]

დიახ, ზურაბ ჭავჭავაძე აქ აფხაზურად ლაპარაკობს. და ეს ხდება 15 წლით ადრე, სანამ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოსებს, აფხაზებს მათ ენაზე მიმართავს. ქართული საზოგადოების ნაწილს კარგად ახსოვდა 1989 წელს მერაბ კოსტავასთან ერთად ავტოკატასტროფაში დაღუპული ზურაბ ჭავჭავაძის ეს გამოსვლა... მაგრამ ახსოვდა მხოლოდ ნაწილს. ჭავჭავაძეების ზოგიერთი ახლობლისთვისაც კი - იმისთვის, ვინც ფეხზე მდგომმა უყურა ახალ ქართულ დოკუმენტურ ფილმს “ნათელი იგი” - ეს კადრები, ზურაბ ჭავჭავაძის ეს სიტყვა სრულიად მოულოდნელი იყო. ახლა უკვე იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ ამ სიტყვებს მალე საქართველოს ყველა მოქალაქე გაიგებს – ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც.
XS
SM
MD
LG