Accessibility links

საქართველოში კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა


თბილისის ქუჩებში ღამღამობით სიარული რომ სიცოცხლისათვის სახიფათოა, ამაზე მშრალი სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს,

თუმცა პოლიციაში ამტკიცებენ, რომ ეს მონაცემები კრიმინოგენული ვითარების დამძიმების ტენდენციას კი არ გამოხატავს, არამედ ჩადენილ დანაშაულთა ზედმიწევნით ზუსტად აღრიცვის წარმატებულ მცდელობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ამ არგუმენტს ბევრი ოპონენტი ჰყავს. მათი თქმით, ქვეყნის მასშტაბით კრიმინოგენული ვითარება საგრძნობლადაა გაუარესებული და ამის ძირითადი მიზეზი პოლიციელთა რაოდენობის მკვეთრი შემცირება და უმუშევრობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაზრდაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული სტატისტიკა, რომელზეც ხელი ისედაც ცოტას თუ მიუწვდება, იქით იყოს. ღამით ჩაბნელებულ ქუჩებში სიარული რომ ჯანმრთელობისათვის სახიფათოა, ამას ბევრი მოქალაქე საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამტკიცებს:

[ქალბატონის ხმა] “ერთი უკნიდან მომვარდა და პირზე ხელი ამაფარა, ჩვეულებრივ როგორც ხდება ხოლმე, და მეორე კი მეჭიდებოდა ჩანთაზე. ხელი რომ არ გავუშვი ჩანთას, წამაქციეს, ზურგზე დავეცი და ერთი სამი მეტრი მათრიეს, თან მირტყამდნენ, ერთი წიხლებს მირტყამდა… გადავრჩი, სახეში რომ არ მომხვდა, მაგრამ მკერდის ძვალში კი მომარტყა…”

ჩაბნელებული ქუჩების მსგავსად, სახიფათოა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებიც, სადაც მობილურებსა და ხელჩანთებზე მონადირე მძარცველებს უყვართ ჩასაფრება:

[ქალბატონის ხმა] “დანა არ დამარტყათ და რაც გინდათ, ის წაიღეთ-მეთქი, ვუყვირე. წამებში მოხდა ყველაფერი… იარაღი მართლა არ უხმარიათ, მართლა გადავრჩი. უკვე იმას ვფიქრობდი, თუ რამე დამემართა, ჩემს სადარბაზოში ვარ და ადვილად მიპოვიან-მეთქი ჩემები.”

რამდენად დაცულად გძნობენ საქართველოში მცხოვრები ადამიანები თავს და რისი ეშინიათ მათ? - ამ კითხვებით მარკეტინგული კვლევების ცენტრი “გორბი” დაინტერესდა. ქეთი კიკნაძე, “გორბის” პროექტების მენეჯერი, განმარტავს, რომ კვლევა სულ რაღაც ერთი თვის წინ ჩატარდა:

[ქეთი კიკნაძის ხმა] “2000 კაცზე ჩატარდა კვლევა, საქართველოს მასშტაბით, 15 წლის და უფროსი ასაკის რესპონდენტებისთვის. ძირითადად რისი ეშინიათ? - ეს არის დაყაჩაღების მიზნით თავდასხმა და ძარცვა; ბნელ, მიტოვებულ ქუჩებში სიარული; ახალგაზრდების “ბირჟებთან” გასვლა….”

კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ გამოკითხულთა 21,5 პროცენტს დაბინდებისას გარეთ გამოსვლის ეშინია. ამ კატეგორიის რესპონდენტთა 57 პროცენტს გაძარცვის შიში აწუხებს. “გორბის” მონაცემებით, ირკვევა, რომ გამოკითხულთა 14 პროცენტს ღამით შინ მარტო დარჩენისაც ეშინია. ეს შიში რომ უსაფუძვლო არ არის, ამაზე ჩემი მორიგი რესპონდენტის ნაამბობიც მეტყველებს:

[მამაკაცის ხმა] “გვეძინა, როცა ჩემმა მეუღლემ გამაღვიძა, რაღაც ხმები მესმისო. თავი წამოვწიე, დავინახე, რომ ვიღაცამ ჩვენს ოთახში შემოიხედა - ეტყობა, ჩემი მეუღლის დაყვირების ხმა გაიგონა. გავეკიდე, ის კიდე გაიქცა. პირველ სართულზე ვცხოვრობთ. რომ გვეძინა, ისე შემოძვრნენ, მოიპარეს რაღაცეები და გაიქცნენ.”(სტილი დაცულია)

პოლიციაში ამტკიცებენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, რომ ამგვარი სიხშირით დანაშაულს ადრეც სჩადიოდნენ, რომ კრმინოგენული მდგომარეობა კი არ გაუარესდა, არამედ, პირიქით - გაუმჯობესდა აღრიცხვა, აღარ ხდება დანაშაულის დაფარვა და ამის გამო იქმნება კრიმინოგენული ვითარების დაძაბვის ილუზია. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან განსხვავებით, ამ აზრს საქართველოს პარლამენტში ცოტა თუ იზიარებს. მაგალითად, დეპუტატი კოკა გუნცაძე სულ სხვა მიზეზებზე საუბრობს:

[კოკა გუნცაძის ხმა] “ერთი მიზეზი, ეს არის რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს. მეორე, ეს არის მასობრივი უმუშევრობა: როგორც არასდროს, ისეთი უმუშევრობაა დღეს საქართველოში. და კიდევ: უმწვავესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა.”

ყოველივე ეს, დეპუტატის თქმით, კრიმინალური ვითარების ზრდისთვის საკმაოდ ნოყიერ ნიადაგს ქმნის და გასაკვირი ის იქნებოდა, საქართველოს მოქალაქეებს მდგომარეობის გაუარესება ვერ ეგრძნოთ.
XS
SM
MD
LG