Accessibility links

logo-print

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს

  • ნინო როდონაია

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორი კანდიდატია რეგისტრირებული.

12 იანვარს ერთმანეთს ,,ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელი სერგეი ბაღაფში და სახალხო პარტიის ლიდერი იაკუბ ლაკობა დაუპირისპირდებიან.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ სოხუმის აფხაზურმა მთავრობამ საინფორმაციო სააგენტო ,,აფსნიპრესი” დახურა და მისი ფუნქცია ბეჭდვითი სიტყვის, ინფორმაციისა და ტელეკომუნიკაციების სააგენტოს გადასცა.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ახალ არჩევნებში მონაწილეობას ძველი კანდიდატები მიიღებენ. ორშაბათს სოხუმში გაიმართა ადგილობრივი ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარეს ბატალ ტაბაღუას ვესაუბრეთ:

[ბატალ ტაბაღუას ხმა] "დღეს ჩვენთან გაიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა. დღის წესრიგში იყო პრეზიდენტობის კანდიდატად სერგეი ბაღაფშის, ვიცე-პრეზიდენტად რაულ ხაჯიმბას და, ასევე, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატად იაკუბ ლაკობასა და ვიცე-პრეზიდენტად სტელა გუნიას რეგისტრაციის საკითხი. დღესვე განიხილებოდა მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო საშუალებებით კანდიდატთა აგიტაციის საკითხიც. რეგისტრაციის შემდეგ მათ ამის უფლება აქვთ.”

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში სერგეი ბაღაფში და იაკუბ ლაკობა სამ ოქტომბერსაც მონაწილეობდნენ. შემოდგომაზე ბაღაფში გამარჯვებულად გამოცხადდა, ლაკობამ კი მხოლოდ 506 ამომრჩევლის ხმა მიიღო.

ჯერ კიდევ ოქტომბერში მათი, უპირველესად კი, სერგეი ბაღაფშის კონკურენტი იყო რაულ ხაჯიმბაც. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებისა და მოსკოვის ჩარევის შედეგად, ბაღაფშმა უარი თქვა მოპოვებულ გამარჯვებაზე, ხაჯიმბამ კი - არძინბას შემცვლელის პრეტენზიაზე. სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების საბაბით, ისინი ერთიანი გუნდის შექმნაზე დათანხმდნენ.

12 იანვრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ბაღაფში პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს, ხაჯიმბა კი - ვიცე-პრეზიდენტის.

რაც შეეხება იაკუბ ლაკობასა და მის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულ სტელა გუნიას, სავარაუდოა, რომ მათი მონაწილეობა მიზნად ისახავს არჩევნებისთვის დემოკრატიულობის ელფერის მინიჭებას, რადგან, სოხუმში გავრცელებული ვერსიით, ლაკობას 12 იანვრის არჩევნებში მონაწილეობის განსაკუთრებული სურვილი არ ჰქონია.

აფხაზური საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები ზეწოლასა და ცენზურაზე ჯერ კიდევ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საუბრობდნენ. იანვრის არჩევნების წინ კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ საინფორმაციო სააგენტო ,,აფსნიპრესი” დახურა და მისი ფუნქციის შესრულება მთავრობის სტრუქტურაში შექმნილ ბეჭდვითი სიტყვის, ინფორმაციისა და ტელეკომუნიკაციების სააგენტოს დაავალა. ,,აფსნიპრესის” ლიკვიდაციას აფხაზი ჟურნალისტები განსხვავებული აზრის საწინააღმდეგო პოლიტიკურ რეპრესიად აფასებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ახალი სააგენტოს სპეციალური განყოფილების მიერ ,,აფსნიპრესის” ფუნქციის პროფესიონალურად შესრულება საეჭვოა:

[რუსლან ხაშიგის ხმა] "მიმაჩნია, რომ ეს არის არასწორი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება. შესაძლოა, იმ ადამიანებს, რომლებიც ამგვარ გადაწყვეტილებას ამზადებდნენ, გაცნობიერებული არა აქვთ, თუ რა ფუნქციები აქვს საინფორმაციო სააგენტოს. მით უმეტეს, რომ აფხაზეთში არ არსებობს სხვა საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც დღეს ამ ამოცანების შესრულებას შეძლებდნენ."

ჟურნალისტ რუსლან ხაშიგს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ,,აფსნიპრესს,” შემდეგ კი სოხუმის ტელევიზიას ხელმღვანელობდა, იმედი აქვს, რომ მთავრობა გადაწყვეტილებას შეცვლის. რუსლან ხაშიგს, ისევე როგორც სხვა აფხაზ ჟურნალისტებს, მიაჩნია, რომ ვლადისლავ არძინბას განკარგულებით 1995 წელს შექმნილი "აფსნიპრესის" დახურვა სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგო იერიშია და სერიოზულად დააზარალებს აფხაზეთის იმიჯს.
XS
SM
MD
LG