Accessibility links

logo-print

იუშჩენკო და უკრაინის საგარეო პოლიტიკის მომავალი


მართალია, ფრთხილად და საერთაშორისო დიპლომატიური ეტიკეტის დაცვით,

მაგრამ მაინც – დასავლეთის ლიდერებმა აღიარეს უკრაინაში დემოკრატიის გამარჯვება. თუკი 21 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემდეგ მთელი დასავლეთი არჩევნების მასობრივ გაყალბებაზე ლაპარაკობდა, 26 დეკემბერს ტურის ხელმეორედ ჩატარება მან დემოკრატიის გამარჯვებად აღიქვა. ფაქტია, დასავლეთს სჯერა, რომ იუშჩენკოს გამარჯვებით, რაშიც ეჭვი აღარავის ეპარება, უკრაინასთან ურთიერთობის ახალი ეტაპი იწყება.

არჩევნების მეორე ტურის განმეორებით ჩატარების მეორე დღესვე ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც უკრაინის ხალხს ულოცავს იმას, რომ მათ შეძლეს მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენა ქვეყნის მომავალზე ზრუნვის გამოჩენა. გარდა ამისა სოლანა აცხადებს: "ევროკავშირის საბჭო ადრეც აღნიშნავდა უკრაინის, როგორც ევროკავშირის უშუალო მეზობლისა და პარტნიორის სტრატეგიულ მნიშვნელობას. მოუთმენლად ველი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას". ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა კი განაცხადა: "მოვუწოდებ ყველა მხარეს სცნონ საარჩევნო ყუთების ვერდიქტი და თავი შეიკავონ გამონათქვამებისგან, რამაც შეიძლება უკრაინის დანაწევრება გამოიწვიოს". ტერი დევისმა გამოთქვა იმედი, რომ მალე შეხვდება უკრაინის ახალ ლიდერს. დუმილი დაარღვია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და უკრაინის არჩევნებს "დემოკრატიის ისტორიული მომენტი უწოდა".

ახალ ეპოქასა და დემოკრატიის გამარჯვებაზე განაცხადა კიევში გამოსვლისას ვიკტორ იუშჩენკომაც:

[იუშჩენკოს ხმა]
"დღეს ჩვენ ახალ ფურცელს ვშლით და უკან ვიტოვებთ ხალხის უგულვებელყოფას, სიცრუეს, ცენზურასა და ძალადობას. ისინი, ვინც ქვეყანას უფსკრულისკენ უბიძგებდა, ამ წუთიდან წარსულის საკუთრებაა. ეს არის ყველა თქვენგანის უდიდესი მიღწევა. ახალი, დიადი დემოკრატიის ახალი ეპოქა იწყება".

იუშჩენკოს გუშინდელ ემოციით დატვირთულ გამოსვლას ყურადღებით უსმენდნენ არა მხოლოდ კიევში, არამედ მოსკოვშიც, ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და მსოფლიოს სხვა დედაქალაქებშიც. "ნარინჯისფერი რევოლუციის" ლიდერი აცხადებს, რომ ის მოიტანს ცვლილებებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით რეფორმების გატარების, არამედ საგარეო პოლიტიკის ცვლილების თვალსაზრისითაც.

მართალია, იუშჩენკო ლეონიდ კუჩმას მემკვიდრეობის აღმოფხვრით იმუქრებოდა, მისი საგარეო პოლიტიკის პლატფორმა ძალიან ჰგავს იმას, რასაც კუჩმა ჰპირდებოდა მსოფლიოს. როცა პრეზიდენტი გახდა, კუჩმა ევროკავშირთან დაახლოებაზე ლაპარაკობდა. კუჩმამ ხელი მოაწერა ნატოსთან პარტნიორობის შეთანხმებასაც და ალიანსში გაწევრიანების ალბათობაც არ გამორიცხა.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ანალიტიკოს ტარას კუზიოს კი მიაჩნია, რომ კუჩმას არ გააჩნდა რეალური საგარეო პოლიტიკა და ყველა მისი დანაპირები და განცხადება მისი კლანისთვის ხელისუფლების შენარჩუნებას ისახავდა მიზნად:

"კუჩმას ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას ადამიანთა მცირე ჯგუფი განსაზღვრავდა. თუკი მმართველი ელიტა – კუჩმა და ოლიგარქები – გადაწყვეტდნენ, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია კარგია, რადგან რუსეთიდან საფრთხეს იგრძნობდნენ (ასე იყო 1990-იანებში), მაშინ საგარეო პოლიტიკა ხდებოდა პრო-დასავლური. თუკი დასავლეთი უკრაინის მტრად იქცეოდა, როგორც ეს კუჩმას მეორე ვადით პრეზიდენტობისას 2000 წლის შემდეგ მოხდა, მაშინ საგარეო პოლიტიკა გახდა პრო-რუსული. ასე რომ, საგარეო პოლიტიკა კუჩმას დროს ასახავდა არა ქვეყნის, არამედ ადამიანების ძალიან მცირე ჯგუფის ინტერესებს".

ექსპერტ ტარას კუზიოს აზრით, იუშჩენკოს ხელისუფლებაში მოსვლით მოიშლება უკრაინის საშინაო და საგარეო პოლიტიკას შორის შეუთავსებლობა.

მეორე ექსპერტს ალექსანდერ რარს მიაჩნია, რომ იუშჩენკოს ხელისუფლებაში მოსვლით უკრაინის საგარეო პოლიტიკა საფუძვლიანად შეიცვლება.

"ჩემი აზრით, იუშჩენკო უარს იტყვის პრეზიდენტ კუჩმას მიერ უკრაინის მომავალ საგარეო პოლიტიკაზე გაკეთებულ განცხადებებზე. როცა კუჩმამ განაცხადა, რომ მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე ვერ ხედავდა უკრაინის მომავალს ნატოსა და ევროკავშირში, ფაქტობრივად ნათელი მოჰფინა უკრაინის საგარეო პოლიტიკის რუსეთზე რეორიენტაციას. ვფიქრობ, იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს ეს შეიცვლება".

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის გეოპოლიტიკური რეოირენტაცია, თუკი ასეთი რამ მოხდება, რუსეთთან ურთიერთობაზე მოახდენს ზეგავლენას, ექსპერტები ფიქრობენ, რომ არაფერი დაუშავდება უკრაინა-რუსეთს შორის ეკონომიკურ კავშირებს. პრემიერ-მინისტრობისას იუშჩენკო აცხადებდა კიდეც, რომ ის მიესალმებოდა რუსეთის ინვესტიციებს უკრაინაში.

თუმცა, გამორიცხულია, იუშჩენკოს პრეზიდენტობის დასაწყისში მაინც, არ მოხდეს უკრაინა-რუსეთის ურთიერთობების ერთგვარი "გაგრილება". ამის წინაპირობა უკრაინის ბოლო არჩევნებში ვლადიმირ პუტინის აქტიურმა ჩარევამაც შექმნა. ტარას კუზიო ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან ამბობს:

"დარწმუნებული ვარ რუსეთთან ურთიერთობაში იქნება მოკლეხნიანი გაუარესება. ამას უკრაინის არჩევნებში ვლადიმირ პუტინის ღია ჩარევა განაპირობებს, აგრეთვე ის ძლიერი ეჭვიც, რომ ვიკტორ იუშჩენკოს მოწამლვის მცდელობის უკან რუსეთი იდგა. მაგრამ ურთიერთობათა ტრანსფორმაციის საუკეთესო გზა იქნებოდა რუსეთთან პრაგმატული ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელება და თანამეგობრობის ფარგლებში რუსეთთან, ბელორუსიასთან და ყაზახეთთან ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ყოფნაზე უარის თქმა".

როგორი პერსპექტივა აქვს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას? ამ კითხვას თავის დროზე ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა რომანო პროდიმ ასეთი პასუხი გასცა "უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების ისეთივე შანსი აქვს, როგორიც ახალ ზელანდიას"-ო. ალექსანდერ რარი გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოდან ამის თაობაზე ამბობს:

"ბევრი ევროპელისთვის უკრაინა დღესაც ძალიან დიდი, ძალიან რთული, ძალიან შორეული და ჩახლართული ეკონომიკური სისტემის მქონე ქვეყანაა, სადაც კორუფცია ბატონობს. ასე რომ, ძალიან ბევრი არგუმენტია, რომელიც ევროკავშირში უკრაინის სრულუფლებიანი წევრობის პერსპექტივას უპირისპირდება".

თუმცა, რარი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირმა უკრაინას საგანგებო პარტნიორობის ფორმატით ურთიერთობა შესთავაზოს, რასაც, სავარაუდოდ, პოლონეთი და გერმანია დაუჭერენ მხარს.
XS
SM
MD
LG