Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2005 წლის ბიუჯეტით ხელისუფლება მოსახლეობას სოციალური პრობლემების შემსუბუქებას ჰპირდება


გადახალისებული მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ პარლამენტის საგანგებო სესიის დღის წესრიგში 2005 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება დადგა.

ახალი წლის დადგომის წინ მთავრობამ პარლამენტს იმ პროექტის მიღება მოსთხოვა, რომლითაც 2005 წელს ყველა სოციალური დავალიანების გასტუმრება დაიგეგმა. მთავრობაც და მისი მხარდამჭერი საპარლამენტო უმრავლესობაც ამტკიცებს, რომ 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი ორიენტირი სოციალურ საკითხებზე, მაგრამ ოპოზიცია ასეთ ორიენტირს ვერ ამჩნევს. მაინც რას ჰპირდება საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას ახალი საბიუჯეტო წლისთვის?

სოციალური პროგრამებისა და თავდაცვის ხარჯების დაფინანსების ზრდა - ასეთია ხელისუფლების მთავარი საბიუჯეტო ორიენტირი 2005 წლისთვის. კიდევ უფრო კონკრეტულად - რას გვპირდება მთავრობა? ამ შეკითხვას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე უპასუხებს:

[რომან გოცირიძის ხმა] "მომავალი წლის ბიუჯეტი იზრდება 300 მილიონი ლარით და ზრდის ძირითადი ნაწილი მოდის სოციალურ პროგრამებზე. იზრდება თავდაცვის ხარჯები, სოციალურ ნაწილში მთლიანად დაფარული იქნება სახელფასო და საპენსიო დავალიანება, ანუ 2005 წელს სიტყვა “დავალიანება” ჩვენს სინამდვილეში აღარ იარსებებს."

დავალიანების გაქრობის გარდა, გეგმაშია პენსიების გაორმაგება და მინიმალური ხელფასის 115 ლართან გატოლება. რომან გოცირიძე იმედოვნებს, რომ 2005 წელს, ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით, პრობლემები არ წარმოიქმნება. მისი იმედი ახალ საგადასახადო კოდექსს ემყარება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საშემოსავლო, სოციალური თუ დამატებითი ღირებულების გადასახადების შემცირება გადასახადების გადახდის პრობლემას მკვეთრად შეამსუბუქებს. გოცირიძე არ იზიარებს ოპოზიციის შენიშვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი კოდექსი არ არის ლიბერალური.

ოპოზიციამ 2005 წლის ბიუჯეტის პროექტი ბევრი მიზეზით და, მათ შორის, იმის გამოც დაიწუნა, რომ ის არალიბერალურ საგადასახადო კოდექსს ეფუძნება:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] "ეს არის ტყუილი, რომ ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში ეს არის ყველაზე ლიბერალური პროექტი. საგადასახადო ტვირთი არ შემსუბუქებულა, გამჭვირვალე არ არის, გაიზარდა საგადასახადოს ფუნქციები ისე, რომ ის სასამართლოს ფუნქციას ასრულებს. ასეთ კოდექსზე დაფუძნებული ბიუჯეტის პროექტი ჩვენთვის მისაღები არ არის."

ეს იყო რესპუბლიკელების წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი. საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენელი, დავით საგანელიძე (ის მემარჯვენე ოპოზიციიდანაა) ამბობს, რომ 2005 წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენისას მთავრობამ უარი თქვა იმ დაპირებებზე, რომლებითაც ადრე გამოდიოდა. მან დაივიწყა, მაგალითად, რომ სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანებისთვის გარკვეული დახმარება უნდა გამოეყო. “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლის შენიშვნით, 2005 წლის ბიუჯეტი აბსოლუტურად გაუმჭვირვალედ დაიგეგმა, არ გამოიკვეთა რა პროგრამებზე უნდა დაიხარჯოს ამა თუ იმ უწყებისთვის გამოყოფილი ფული. ამას გარდა, გადაწყდა მთელი შემოსავლების ცენტრალურ ბიუჯეტში მობილიზება, მთავრობამ დაივიწყა რაიონი და სოფელი:

[დავით საგანელიძის ხმა] “მთელი თანხები თავმოყრილი იქნება ცენტრში, ტრანსფერტებით მოხდება რაიონების დაფინანსება. ეს ნიშნავს, რომ რაიონები სულ თვალებში უნდა შესციცინებდნენ ხელისუფლებას.”
ასეთი შენიშვნების მიუხედავად, მმართველ ძალას სჯერა, რომ 2005 წლის ბიუჯეტით ხელისუფლება მიაღწევს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
XS
SM
MD
LG