Accessibility links

logo-print

მიხაილ ხოდორკოვსკიმ ქონების დაკარგვით თავისუფლება მოიპოვა


ერთი წელი გავიდა რუსულ ნავთობკონცერნ ”იუკოსის” ყოფილი ხელმძღვანელის მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრების დღიდან.

მას შემდეგ ხოდორკოვსკის მძლავრი და მდიდარი კომპანიის დაღმასვლა დაიწყო. ამ პროცესების შედეგად, ხოდორკოვსკი, თავისუფლებასთან ერთად, 15 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეფასებულ ქონებასაც გამოეთხოვა. თუმცა გაზეთ ”ვედემოსტიში” ორშაბათს გამოქვეყნებულ სტატიაში ის წერს, რომ ქონების დაკარგვით თავისუფლება მოიპოვა.

”ბოლო ერთი წლის მანძილზე 15 მილიარდი დოლარი, რომელზეც წერდა ”ფორბსი”, პრაქტიკულად ნულად გადაიქცა, მალე კი სრული ნული გახდება,” - წერს მიხაილ ხოდორკოვსკი გაზეთ ”ვედემოსტიში” გამოქვეყნებულ სტატიაში. რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, ”ქონების დაკარგვა ჩემთვის აუტანლად მტკივნეული” არ იქნებაო.

ხოდორკოვსკის 15 მილიარდიანი ქონება პრაქტიკულად ნულს იმიტომ გაუტოლდა, რომ მისი დაჭერის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა ”იუკოსის” გასაკოტრებლად. ხოდორკოვსკის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, ”იუკოსის” გადარჩენა ახლა უკვე ვეღარ მოხერხდება. იგი წერს, რომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კომპანია გადაერჩინა - “იუკოსის” მიმართ არსებული საგადასახადო პრეტენზიების დასაფარად საკუთარი აქციებიც კი შესთავაზა რუსეთის ხელისუფლებას.

მაგრამ კრემლმა სხვა გზა აირჩია. როგორც ხოდორკოვსკი წერს, ეს გზა უკანონო და არაკონსტიტუციურია, რადგან ხელისუფლებამ კანონს უკუქმედების ძალა შესძინა და ახლად მიღებული წესები და კანონები წარსულ დროზეც გაავრცელა.

საგადასახადო სამსახურების, სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის, ასევე ხელისუფლების ახლობელი კომპანიების კოორდინირებული მოქმედება, ზეწოლა “იუკოსის” თანამშრომლებზე ხოდორკოვსკის იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ მთელი პროცესი შეკვეთილი იყო. ასობით ადამიანი დაიკითხა, უამრავ მათგანს აბსურდული ბრალდებები წაუყენეს და ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, მათ შორის - ქალებიც. რისთვის? კითხულობს ხოდორკოვსკი და თავადვე უპასუხებს: იმისთვის, რომ რაიმე კომპრომატი მოიპოვონ, იმისათვის, რომ ხელი არავინ შეუშალოს ”იუკოსის” ნგრევის საქმეს.

მიხაილ ხოდორკოვსკი “იუკოსის” 150 ათას თანამშრომელზე და მათი ოჯახების 500 ათას წევრზე წუხს.
ასევე შეშფოთებულია იმ ზარალით. რომელიც ”იუკოსის” წინააღმდეგ წარმოებულმა კამპანიამ რუსეთის ეკონომიკას მოუტანა. თავად კი, როგორც სტატიაში წერს, ქონების დაკარგვით თავისუფლება მოიპოვა.

როდესაც 15 მილიარდის ქონების მფლობელი ვიყავი, ბევრ რამეზე მიწევდა უარის თქმა, ბევრ რამეს საერთოდ არ ვამბობდი და ბევრ რამეს ვურიგდებოდი იმის გამო, რომ ამას ქონების ინტერესები მოითხოვდა. მე კი არ ვმართავდი ქონებას, არამედ თავად ქონება მმართავდაო, - ამბობს მიხაილ ხოდორკოვსკი, რომელსაც ბრალი ედება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის შვიდი მუხლის დარღვევაში. იუკოსის ყოფილი შეფი ამტკიცებს რომ ბრალდებები აბსურდულია და საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება.

”მათ უნდათ ციხეში ჩემი ხუთი წლით ან უფრო მეტი ხნით გამომწყვდევა, იმიტომ რომ შურისძიების ეშინიათ,” - წერს ხოდორკოვსკი და დასძენს, რომ არ აპირებს გრაფ მონტე-კრისტო გახდეს ან წარსულთან ანგარიშების გასწორება დაიწყოს.
XS
SM
MD
LG