Accessibility links

logo-print

რას უშველის მეანაბრეთა პრობლემას საპარლამენტო კომისია

  • ნინო როდონაია

საქართველოში ანაბრების გაუფასურების ცნობილ პრობლემას ამჯერად პარლამენტში შექმნილი სპეციალური კომისია იკვლევს.

მის წევრებს მიაჩნიათ, რომ მეანაბრეთა მოტყუების ერთ-ერთი მიზეზი კრედიტების უკანონოდ გატანა იყო. საპარლამენტო კომისიის მთავარი რეკომენდაციის თანახმად, უნდა შემუშავდეს ანაბრების ინდექსაციისა და რეაბილიტაციის თხუთმეტწლიანი პროგრამა, ანაბრების გასასტუმრებელი თანხა კი ბიუჯეტით უნდა განისაზღვროს. მინდა ბოლო ათწლეულის მუდმივ პრობლემაზე მოგითხროთ.

90-იანი წლების დასაწყისში სახელმწიფო ბანკებიდან კომერციული ბანკების მიერ სესხების გატანა, შემდეგ კრედიტების გაცემა სხვადასხვა ფირმებზე, მათ მიერ კრედიტების დაუბრუნებლობა და ინფლაციაა რამდენიმე რგოლი იმ ჯაჭვისა, რომლის შედეგად საქართველოში ათასობით ადამიანი დანაზოგის გარეშე დარჩა. მათი პრობლემა მემკვიდრეობით მიიღო საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, რომლის შემადგენლობაში კრედიტებით მანიპულირებაში შემჩნეული პირებიც არიან.

ანაბრების გაუფასურების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას რამდენიმე რეკომენდაცია აქვს. მათ შორისაა 90-იან წლებში რუსეთიდან საქართველოში - და პირიქით - ფულადი მასის მოძრაობის საკითხის გარკვევა და გაცემული კრედიტების პრობლემის შესწავლა კონტროლის პალატის მასალების მიხედვით.

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი ნიკო ორველაშვილი ამბობს, რომ თუ კომისიის რეალური მიზანი დაზარალებულთა უფლებების აღდგენაა, ბევრი ყოფილი მეანაბრე დღეს ცოცხალი აღარ არის, ამიტომ სრული სამართლიანობის აღდგენა შეუძლებელი იქნება:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] "თუ ეს საფრთხობელაა ვანო ჩხარტიშვილის შესაშინებლად და მაგ კატეგორიის ხალხის, ეს მეორეა კიდევ. მაგრამ ერთი რამ ფაქტია - ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ძალიან დაბალი ალბათობით თუ მოახერხებენ. თუმცა, თუ ძალიან მოინდომებენ, შეუძლებელი არც მანდ არის ბევრი რამ.” (სტილი დაცულია)

იურისტ ანა დოლიძის განმარტებით, ანაბრების გაუფასურების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის დასკვნის სავალდებულო შესრულებას საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს:

[ანა დოლიძის ხმა] "ამ დასკვნების საფუძველზე შეიძლება დაიწეროს სპეციალური კანონი, მაგრამ, ყველა ვარიანტში, თითოეულ ადამიანს, რომელიც დაზარალდა, მოუწევს სასამართლოში დავა - ჯერ ერთი, რომ ანაბრები დაიბრუნოს და მეორე - ზიანი აინაზღაუროს. ყველა შემთხვევაში სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა განიხილოს.” (სტილი დაცულია)

დღეს საქართველოში პრაქტიკულად აღარ არსებობენ ის ბანკები და ფირმები, რომლებმაც 90-იანი წლების დასაწყისში წარმოებული მაქინაციებით ათასობით ადამიანს კუთვნილი თანხები წაართვეს და იმჟამინდელი ეროვნული ვალუტის კურსის ხელოვნური მერყეობითა და კონვერტირებით სოლიდური კაპიტალი დააგროვეს. არსებობს ეჭვი, რომ ის ბანკები და ფირმები, რომელთა ნაწილი მხოლოდ კრედიტის მისაღებად იქმნებოდა, ერთმანეთთან შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ კერძო პირებზე. რომლებიც ხელისუფლებაში - ან მასთან დაახლოებულნი -იყვნენ.

[ნიკო ორველაშვილის ხმა] "ჩვეულებრივი მოვლენაა, პოლიტიკოსების მხრიდან არცთუ გასაკვირი, როდესაც თავიანთ მოკლევადიან პრობლემებს წყვეტენ ხოლმე, ძირითადად, მოსახლეობის ხარჯზე. ,,ფარული გადასახადი” ჰქვია სხვაგვარად ინფლაციას ან თუნდაც დეფლაციას, რისი მოწმეც წელს ვიყავით. გასაგებია, რომ იმ წლებში ყველასთვის ცხადი იყო ინფლაციის ცუდი მხარეები და ბევრი დაზარალდა. მაგრამ წელს ხელოვნურად შექმნილმა დეფლაციამ ვინ და როგორ დააზარალა, ამაზე რატომ არავინ არაფერს ამბობს? დაახლოებით 500 მილიონი დოლარი ამოაცალეს მოსახლეობას იაფად ჯიბიდან.” (სტილი დაცულია)

ნიკო ორველაშვილი ამბობს, რომ როდესაც ხელისუფლება ეკონომიკით თამაშს იწყებს, ნებისმიერ შემთხვევაში მოსახლეობა ზარალდება.
ამ ტიპის თამაშით დაზარალებული მეანაბრეები სოციალური სამართლიანობის აღდგენას ათ წელზე მეტია ელიან. ამ პერიოდში ქართული პოლიტიკური სპექტრი დიდად არ შეცვლილა და მისი ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც თავის დროზე საეჭვოდ მიღებული კრედიტებით სარგებლობდა, დღეს საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირია:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] "მე ნაკლებად მჯერა იმისი, რომ საკუთარ თავს დაისჯის ვინმე.”

მიუხედავად სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნისა, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ მეანაბრეთა პრობლემა კვლავ პოლიტიკური მიზანშეწონილობის და არა სამართლის პრინციპთა მიხედვით გადაწყდეს.
XS
SM
MD
LG