Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება რუსეთში დევნილთა დიასპორის ორგანიზებას შეეცდება


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი თბილისში მოქმედი აფხაზეთის დევნილი ხელისუფლება რეგიონალური პოლიტიკის ცენტრს აფუძნებს. ეს წარმომადგენლობა რუსეთში მცხოვრები დევნილების კოორდინაციას შეეცდება.

ცენტრის პრეზენტაცია სამშაბათს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობაში გაიმართა. ამ რეგიონალური პოლიტიკის ცენტრის დაარსების იდეა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს თემურ მჟავიას ეკუთვნის. ამ იდეას უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები. ექსპერტთა ნაწილის აზრით, დევნილ ხელისუფლებას არ გააჩნია საზღვარგარეთ საკუთარი წარმომადგენლობების გახსნის უფლება.

აფხაზეთის ავტონომიური ხელისუფლების უმაღლესი საბჭოს რეგიონალური პოლიტიკის ცენტრი მოსკოვში განთავსდება და მისი უმთავრესი მიზანი რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი აფხაზეთიდან დევნილების დიასპორის ჩამოყალიბება იქნება. ლეგიტიმური ხელისუფლების ინფორმაციით, ამჟამად რუსეთში 45 ათასამდე დევნილი ცხოვრობს და, მათი ძალისხმევის გაერთიანების შემთხვევაში, აფხაზეთთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჟავია ფიქრობს, რომ ამის გაკეთება ადრეც შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების გამოსწორება აუცილებელია:

[თემურ მჟავიას ხმა] “არ გამოიყენებოდა ის პოტენციალი, რომელიც საზოგადოდ გააჩნდა ქართულ დიასპორას რუსეთის ფედერაციაში. ყველა ცივილიზებული სახელმწიფო იყენებს, რა თქმა უნდა, ამ პოტენციალს და იყენებს ამ პოტენციალს, გამომდინარე საკუთარი ინტერესებიდან, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უპირისპირდება ხოლმე იმ ქვეყნის ინტერესებს, რომელშიც უხდებათ ცხოვრება და მოღვაწეობა.”

აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების მეორე პირი, მთავრობის თავმჯდომარე ირაკლი ალასანია რეგიონალური პოლიტიკის ცენტრის პრეზენტაციას არ დასწრებია. როგორც აგვიხსნა, მას უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა. რაც შეეხება თავად იდეას, მისი აზრით, ნებისმიერი მსგავსი წამოწყება მისასალმებელია:

[ირაკლი ალასანიას ხმა] “მინისტრთა საბჭოს არავითარი წვლილი არ მიუძღვის ამ საქმეში. ძალიან ნორმალურია. რაც მეტი ორგანიზაცია იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს დიასპორის დარაზმვას და პრობლემების გადაჭრას, მით უკეთესია. აქ აფხაზეთიდან დევნილ დიასპორაზეა ლაპარაკი.”

ირაკლი ალასანიასგან განსხვავებით, თემურ მჟავიას ინიციატივას მკვეთრად აკრიტიკებს აფხაზეთის ავტონომიური ხელისუფლების ყოფილი იუსტიციის მინისტრი პაატა დავითაია. იგი ამ იდეას უსაქმურობის ნაყოფს უწოდებს და მიიჩნევს, რომ უმაღლეს საბჭოს საზღვარგარეთ საკუთარი წარმომადგენლობების გახსნის უფლება არ გააჩნია.

[პაატა დავითაიას ხმა] “რა კოორდინაცია უნდა გასწიოს, რა საქმიანობა უნდა გააკეთოს. სახელმწიფო წარმომადგენლობაა ეს, საელჩოა. უსაქმურობისგან გამოიგონეს რაღაც ფორმა და ამ ფორმით არიან დაკავებულები. არ შეიძლება უმაღლესი საბჭო ნიშნავდეს რაღაც თავის წარმომადგენლებს რუსეთში, ან ეგვიპტეში, ან საფრანგეთში. არ შეიძლება ეს.” (სტილი დაცულია)

კრიტიკის მიუხედავად, მოსკოვში აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლობა მაინც გაიხსნება. მის თავმჯდომარედ მოსკოვში მოღვაწე ბესარიონ ხინთელიანი დაინიშნა. წარმომადგენლობა, უმეტესწილად, შემოწირულობებით იარსებებს. რამდენად გაართმევს თავს ცენტრი ნატვირთ მოვალეობებს, ამას დრო აჩვენებს.
XS
SM
MD
LG