Accessibility links

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის წარმატების შემდეგ რუსეთის პრესაში სულ უფრო აქტუალური ხდება „პერმანენტული რევოლუციების“ ტექნოლოგიების თემა.

მით უფრო, რომ 2005 წელს დსთ-ს სივრცეში არაერთი არჩევნების ჩატარებაა მოსალოდნელი, რაც ახალი რევოლუციების პროგნოზისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. „რევოლუციების კულისებს მიღმა“ - ასეთი სათაურით აქვეყნებს ჟურნალი „იტოგი“ სტატიას, რომლის თანახმადაც, აზრი, თითქოს პოსტსაბჭოთა სივრცეში რევოლუციების გამარჯვება დასავლეთის ფინანსებმა განაპირობა, გადაჭარბებულია. დღეს ამ პუბლიკაციის შესახებ გესაუბრებით.

ჟურნალ „იტოგის“ შენიშვნით, რუს პოლიტოლოგებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სულ უფრო მყარი ხდება მოსაზრება, რომ ყველა ხავერდოვანი რევოლუცია, ჯერ ერთი, დასავლეთის მიერ ფინანსდება და, მეორეც - მიზნად რუსეთის დასუსტებას ისახავს. ჟურნალს ეს აზრი, ერთი მხრივ, საკამათოდ ეჩვენება, მეორე მხრივ კი, იმ საერთო თვისებებზე საუბრობს, რაც სხვადასხვაფერ რევოლუციას თან სდევს. ჟურნალი წერს:

"ძნელია ეჭვი არ შეგეპაროს, რომ სადღაც დასავლეთში არსებობს „რევოლუციების“ შტაბი, რომელიც ამა თუ იმ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში ხელისუფლების ჩამოგდების სცენარს წერს და ამ გეგმის რეალიზაციისთვის ძალისხმევას კოორდინაციას უწევს. მაგალითად, ფაქტია, რომ საქართველოში მოქმედი ორგანიზაცია „კმარა“ და უკრაინული „პორა“ - სერბული „ოტპორის“, ასე ვთქვათ, კლონები არიან.“

ჟურნალის თქმით,“კმარასა“ და „პორასგან“ განსხვავებით, ამ ქვეყნების საზოგადოებები ნაკლებად იცნობენ ოპოზიციის კიდევ ერთ მხარდამჭერ ორგანიზაციებს, რომლებიც ასევე ყველა ქვეყანაში მოქმედებდა. კერძოდ, თუ „კმარა“ და „პორა“ ნეგატივზე მუშაობდა, ორგანიზაცია „ვიცი“ ამომრჩევლებს შორის ოპოზიციის საარჩევნო პროგრამის აგიტაციას ეწეოდა.
ერთმანეთს სხვა დეტალებიც ემთხვევა. მაგალითად:

"როგორც წესი, ოპოზიციის ლიდერს რაღაც შეხება ჰქონდა აშშ-თან. მაგალითად, თუ მიხეილ სააკაშვილი იქ სწავლობდა, ვიქტორ იუშჩენკოს იქ ნათესავები ჰყავს, რომლებიც ამერიკის მთავრობაში მუშაობენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ოფიციალურ ვაშინგტონთან მცირე კონტაქტიც კი ახლა რევოლუციის პროგნოზის საფუძველი ხდება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის მოგზაურობამ და ჯორჯ ბუშთან შეხვედრამ აქტუალური გახადა სომხეთში მოახლოებული რევოლუციის თემა."

არადა, სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2003 წელს ჩატარდა და პრორუსულად განწყობილი რობერტ კოჩარიანის ხელისუფლებას საფრთხე თითქოს არ ელოდება, - წერს ჟურნალი „იტოგი“. უკრაინის უმაღლესი სასამართლოსგან განსხვავებით, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო სომხეთის ოპოზიციის სარჩელი, თუმცა მალე სომხეთში მთავრობის ნდობის საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება. შესაბამისად, გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის მუშაობის ბოიკოტს ახდებს და უკრაინული გამოცდილების გაზიარების დაპირებას იძლევა.
ექსპერტთა ერთი ჯგუფის აზრით,ხავერდოვანი რევილუცია, შესაძლოა, მოლდოვაშიც მოხდეს, სადაც არჩევნები ასევე 2005 წელს ჩატარდება.
XS
SM
MD
LG