Accessibility links

logo-print

რა ღირს საახალწლო ნაძვის ხე?


ქართველებისთვის ახალი წელი მარტო შემწვარ გოჭთან, საცივში ჩადებულ ინდაურსა და გოზინაყთან როდი ასოცირდება.

თბილისელისათვის ახალი წელი თოვლის ბაბუისა და საზეიმოდ მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხის გარეშე ისევე არაბუნებრივია, როგორც აღდგომა წითელი კვერცხის ანდა სურნელოვანი პასკების გარეშე. თბილისელთა ნაწილი უპირატესობას ეგრეთ წოდებულ ცოცხალ, ტყეში მოჭრილ ნაძვის ხეს ანიჭებს, ნაწილი კი ნეილონის ნაძვის ხით ილამაზებს ახალი წლის ღამეს. არჩევანს, ძირითადად, მოქალაქეთა ფინანსური შესაძლებლობები განაპირობებს.

იაფი, ანუ ეგრეთ წოდებული ცოცხალი, ნაძვის ხე, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ნაძვი კი არა, გურიიდან ჩამოტანილი კლეპტომერიაა, ძირითადად, ბაზრობებზე იყიდება. სწორედ სიიაფის გამო, ჯერ კიდევ ნედლი მცენარეების გამყიდველებს მუშტარი არ ელევათ, თუმცა ჩვენი ქვეყნის შეძლებულ მოქალაქეებს შეუძლიათ თავი ხალხმრავალ რიგებში დგომით არ შეიწუხონ: ელიტარული უბნების ელიტარული სუპერ-მარკეტები ბუნებრივ ნაძვზე უფრო ლამაზი ნეილონის ნაძვის ხეებითაა სავსე:

[ქალის ხმა] “94 ლარის ზევით ყველა ფასში გვაქვს. 1300 ლარი ღირს ყველაზე ძვირი. საკმაოდ მაღალია. მე მგონი, თბილისში ერთი-ორი თუ იქნება ამ სიმაღლის ნაძვის ხე. ერთი ცალი გაიყიდა უკვე. ყველა ხელოვნურია, მაგრამ გვაქვს ისეთი ნაძვის ხე, რომელიც ნამდვილს ჰგავს. უფრო პატარებიც გვქონდა, მაგრამ ის პატარები გაიყიდა უკვე.”

პატარებში სამოცლარიანი ნაძვის ხე იგულისხმება, რომლის მორთვაც დაახლოებით ას ლარამდე ჯდება. შედარებით დიდი - მაგალითად, 300 ლარიანი - ნაძვის ხის გასალამაზებლად კი გაცილებით მეტი სათამაშო და, შესაბამისად, თითქმის ორჯერ მეტი ფულია საჭირო. და კიდევ, რა არის საახალწლო ნაძვის ხე, რომლის ქვეშაც თოვლის ბაბუა არ დგას?

[ქალის ხმა] “თოვლის ბაბუა ღირს 280 ლარი. ერთ ათი ცალი უკვე გაიყიდა. საკმაოდ თეთრი და ლამაზი თოვლის ბაბუაა.”

დუბაიდან ჩამოტანილი თეთრი თოვლის ბაბუა ძალიან ლამაზი და ძალიან ძვირია. ალბათ, ამის გამოა, ჯერჯერობით მხოლოდ ათი ცალი რომ გაიყიდა. თუმცა ბუნებრივი და ნეილონის ნაძვის ხეების არ იყოს, ალტერნატივა, ცოცხალი თოვლის ბაბუის სახით, ამ შემთხვევაშიც არსებობს:

[მამაკაცის ხმა] “გამოძახება ჯდება 35 ლარი. მთავარია დროის შეთანხმება, რომ არ მოხდეს დამთხვევა. 5-წუთიანი პროგრამაა, რომ გაართოს თოვლის ბაბუამ ის, ვისაც უკეთებთ სიურპრიზს. მოაქვს სიმბოლური საჩუქარი, ტკბილეულიც და, თუ თქვენ რაიმეს ჩუქება გინდათ, წინასწარ უნდა შეათანხმოთ ჩვენს კურიერთან.”

მაგრამ თბილისში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც იოლად გადიან ძველი, სხვენში შენახული, სათამაშოებითა და დასაშლელი ნაძვის ხეებით:

[ქალის ხმა] “მე, ფაქტობრივად, სათამაშოს შეძენა არ მინდა, იმიტომ რომ ჩემი ბიჭის ბავშვობიდან მაქვს შემორჩენილი სათამაშოები. სიმბოლურად კი ყოველ წელს თითო სათამაშოს ვიძენ. ბებიაჩემისაგან ვიცი - ერთ ახალ სათამაშოს რომ შეიძენ, თითქოს ოჯახს ემატება სიცოცხლე, გახარება, სიმხიარულე და სხვა… ძველი ხალხის მე მაინც მჯერა ყველაფერი.”

და მართლაც, მთავარი ხომ საახალწლო, ანუ საზეიმო, განწყობილებაა და არა თოვლის ბაბუის, ნაძვის ხისა და მისი მორთულობის ფასი, რომელმაც, შესაძლოა, ბევრ თქვენგანს გუნება უკვე გაუფუჭა კიდეც.
XS
SM
MD
LG