Accessibility links

logo-print

თბილისი ქართველი და უცხოელი მხატვრების შემოქმედებაში


საახალწლოდ თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა უნიკალური ექსპოზიცია, სახელწოდებით “თბილისი ქართველი და უცხოელი მხატვრების შემოქმედებაში”.

30 მხატვრის ასზე მეტ ნამუშევარში, რომელიც ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმსა და “ქარვასლაშია” დაცული, დედაქალაქის მხატვრულად განზოგადებული ისტორია წარმოჩნდა. რატომ იყო ეს სურათები უცნობი ან მივიწყებული ქართული საზოგადოებისთვის?

ორი წლის წინ დედაქალაქის მერიის კულტურის სამსახურში მოწყობილ კონფერენციაზე ხელოვნების ქართველი და უცხოელი ისტორიკოსები აღშფოთებას ვერ მალავდნენ საქართველოს ხელისუფლების კულტურული პოლიტიკის გამო. ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანმა ისაუბრა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ექსპოზიციაზე. იგი გაკვირვებული იყო იმით, რომ 20-იანი წლების ქართული ფერწერა აქ მხოლოდ ეთნიკური ნიშნით იყო წარმოდგენილი:

[ნანა ყიფიანის ხმა] “ქართული კულტურის მარგინალიზაცია მოხდა... ქართული კულტურა საკუთარ ხალხს აჩვენეს მხოლოდ როგორც... ეთნიკური მნიშვნელობის ლოკალური კულტურა, ჩამოაშორეს ყველა ის გვარი, რომელიც ქართულ კულტურას მნიშვნელობას შესძენდა მულტიკულტურულ სივრცეში.”

ხელოვნებათმცოდნეთა მოთხოვნა იმხანად არავინ შეისმინა. საქართველოში რევოლუციაც მოხდა, მაგრამ ახალ ხელისუფლებას ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ქვეყნის კულტურულ პოლიტიკას ცვლილებები დასტყობოდა. 2004 წლის ბოლოს ისტორიის მუზეუმში, ქართველი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, ბოლოს და ბოლოს, გამოფინეს გაგარინის, ზდანევიჩის, ზანკოვსკის, ზომერის, სარიანის ის სურათები, რომელშიც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისია გამოხატული. ხელოვნების მოყვარულებს, ისტორიკოსებს, უბრალო დამთვალიერებელს პირველად ეძლევა საშუალება იხილოს, თუ როგორ აღიქვა საქართველოს დედაქალაქი უცხოელმა და როგორ ხედავდნენ თბილისს მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართველი ავანგარდისტები. უფრო მეტიც, ექსპოზიციაზე წარმოდგენილნი არიან თბილისელი მხატვრები, რომლებიც განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან – ისინი, ვინც თავის შემოქმედებას ქართული ხელოვნების ნაწილად მიიჩნევდა. 10, 15 წლის წინ ეს მხატვრები, უბრალოდ, “ამოაგდეს” ჩვენი სახვითი ხელოვნების ისტორიიდან. ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მესამე სართულზე, სადაც მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული ფერწერა იყო წარმოდგენილი, მათ ნამუშევრებს ვერ იხილავდით. მდიდარი და მრავალფეროვანი ქართული ფერწერა გაღარიბდა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთ, “გაღარიბებულ ფერწერას” ვაცნობდით თბილისის სტუმრებს. ნიშანდობლივია, რომ დღემდე უცნობი თუ დავიწყებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო “ქარვასლაში” და არა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში... მიზეზი იგივეა: ეთნიკურად არაქართველი მხატვრების სურათებისათვის მუზეუმს ფართობი არ ჰყოფნის.
XS
SM
MD
LG