Accessibility links

logo-print

სამხრეთი აზია ცუნამის შემდეგ და ეპიდემიის საფრთხეების წინაშე


სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც წყალქვეშა მიწისძვრამ ინდოეთის ოკეანეში უზარმაზარი, როგორც მეცნიერები ამბობენ, გრავიტაციული ტალღები - ცუნამი - წარმოქმნა.

ცუნამიმ კი, რომლის ტალღები სიმაღლეში ზოგან 10 მეტრს აღწევდა, სამხრეთი აზიის რამდენიმე ქვეყნის ნაპირებს გადაუარა, მოსპო ათასობით ადამიანის სიცოცხლე, დაანგრია ურიცხვი შენობა, გაანადგურა გზები, ავტომანქანები, სატელეფონო კავშირები...

და კატასტროფა ამით არ დამთავრებულა. რაც დრო გადის, დაღუპულთა რიცხვი სულ უფრო მატულობს: ტალღებს ოკეანიდან სანაპიროებზე გააქვს გვამები. ოთხშაბათს საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულების რიცხვმა 80 000-ს მიაღწია. შიშობენ, რომ ეს რიცხვი საბოლოო არ არის.

დაღუპულთა ცხედრები, რომელთა დამარხვასაც ვერ აუდიან და რომლებიც იხრწნება; კანალიზაციის დამსკდარი მილები; დაბინძურებული სასმელი წყალი: ეს არის არა მარტო საზარელი გარემო, რომელშიც გადარჩენილებს უწევთ ყოფნა, არამედ მწვავე საფრთხე, რომელიც მათს სიცოცხლეს ემუქრება. ეპიდემიებმა რომ იფეთქოს, ინდონეზიაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი დევიდ ნაბაროს ვარაუდით, მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, გაორმაგდეს.

ცუნამით ყველაზე მეტად სწორედ ინდონეზიამ იზარალა - დაღუპულების რიცხვი, ბოლო ინფორმაციით, 45 000-ს კაცს აღემატება, მას მოჰყვებიან შრი ლანკა და ინდოეთი.

ზოგი ექსპერტი ამ დღეებში "გლობალიზებულ" სტიქიურ უბედურებაზე ლაპარაკობს - ეს იმიტომ, რომ კატასტროფა მხოლოდ ერთ ქვეყანას, ან ერთი რეგიონის ქვეყნებს კი არ დაატყდა, არამედ თითქმის მთელს მსოფლიოს (რასაკვირველია, სხვადასხვა მასშტაბით). ტაილანდში დაღუპულების დიდ ნაწილს უცხოელი, უმეტესწილად ევროპელი ტურისტები შეადგენენ. ტაილანდშივე უგზო უკვლოდ დაკარგულებს შორის 1000-მდე შვედი ტურისტია.

ტაილანდში ისვენებდა ყაზახი ლადა ლიც, რომელიც სამშაბათს დაბრუნდა ასტანაში და ჩვენს კორესპონედნტს უთხრა, რა იხილა ცუნამის დროს - რომ მართლაც საშინელება იყო, რომ წყალი მეორე სართულამდე ადიდდა, ფანჯრები ჩაამსხვრია და ხალხი წაიღო ...

გერმანელი ტურისტი, დეტლეფ რიხლერი კი შრი ლანკაზე ისვენებდა: [რიხლერის ხმა] “მინდოდა სახურავზე აძრომა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ტალღები იმდენად ძლიერი იყო, ჯუნგლებში წამიღო, ასე 500-600 მეტრით”.

ამასობაში, ტაილანდში ჩავიდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელ ბარნიე, რომელიც კუნძულ ფუკეტზე ესაუბრა ჟურნალისტებს. [ბარნიეს ხმა] “აქ არის ხალხი, რომელმაც ოჯახის წევრები დაკარგა. ამ ადამიანებს ფსიქოლოგიური დეხმარება უნდა გავუწიოთ. მე ჩამოვედი ფსიქიატრებთან, ფსიქოლოგებთან ერთად, რათა თანადგომა გავუწიოთ დაზარალებულებს”.

და მაინც, ყველაზე მეტად ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალდა: ინდონეზიის პრეზიდენტი ოთხშაბათს აჩეს პროვინციიდან მოსულ შემაშფოთებელ ცნობებზე ლაპარაკობდა. მაშველებმა იქ, ქალაქ მეულაბოში სწორედ ოთხშაბათს ჩააღწიეს და ათასობით გვამი აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ ცუნამის დროს გადარჩენილებსაც სული ძლივს უდგათ - ზოგს ორი დღეა, არაფერი უჭამია.

ისინი, ბუნებრივია, სასწრაფოდ საჭიროებენ ჰუმანიტარულ დახმარებას. და არა მარტო ისინი: გაეროს შეფასებით, სამხრეთ აზიაში ცუნამის შედეგად დაზარალებულებისა და უსახლკაროდ დარჩენილთა რიცხვი მილიონს აღემატება.
XS
SM
MD
LG