Accessibility links

logo-print

2004 წლის საპარლამენტო წლის დადებითი და უარყოფითი მხარეები


საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აღნიშნავენ, რომ, კანონების მიღების ტემპის თვალსაზრისით, საქართველოს პარლამენტი, არათუ წლის ბოლოს, მთელი წლის მანძილზე რეკორდულად მუშაობდა.

უმრავლესობის წევრები ამით ამაყობენ, ოპოზიციის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ 2004 წელს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კანონებს დაჩქარებულად, ზოგჯერ გაუაზრებლადაც იღებდა. აქედან გამომდინარე, ისინი არ ფიქრობენ, რომ მუშაობის რეკორდული ტემპი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მაინცდამაინც დადებითად ახასიათებს. როგორი იყო 2004 წელი საქართველოს პარლამენტში და როგორ აფასებენ პარლამენტარები პარლამენტის მუშაობას?

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ იყო შიში იმის, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთპარტიულ პარლამენტს აირჩევდა. ასე არ მოხდა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ამომრჩეველმა დიდი სახელისუფლებო ძალა და სუსტი ოპოზიცია მოიყვანა - მემარჯვენე ოპოზიციის სახით. ოდნავ მოგვიანებით არაერთგვაროვან უმრავლესობაში წარმოქმნილ პირველ ბზარებს მისგან დეპუტატთა მცირე, მაგრამ ხარისხობრივად ანგარიშგასაწევი ჯგუფების გამოყოფა და მათი ოპოზიციაში გადანაცვლება მოჰყვა. “რესპუბლიკელებისა” და “კონსერვატორების” სახით, უმრავლესობამ არა მარტო “ვარდების რევოლუციის” კარგად გამოკვეთილი სახეები, რევოლუციამდეც კარგად ცნობილი პოლიტიკური სახეები დაკარგა. მათგან გამონთავისუფლებული ნიშის შევსება გაძნელდა. შეკითხვას, “2004 წლის მანძილზე იყო თუ არა შესამჩნევი უმრავლესობის ახალი სახეების პოლიტიკოსებად ჩამოყალიბება ან “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების” სიით პარლამენტში მოხვედრილმა რომელმა ახალმა სახემ დაამახსოვრა საზოგადოებას თავი, როგორც დამწყებმა პოლიტიკოსმა,” ელენე თევდორაძე უპასუხებს:

[ელენე თევდორაძის ხმა] “მე ნამდვილად გამოჭირდება ამის თქმა, ვერ გეტყვით ნამდვილად. “

თავის გამოჩენის მხრივ, ახალბედა დეპუტატები წლის ბოლოს გააქტიურდნენ. უმრავლესობის ერთ-ერთმა ახალგაზრდა წარმომადგენელმა დავით კირკიტაძემ თავი პარლამენტის დაცვის თანამშრომლის ცემით გამოიჩინა, სხვებმა ერთწლიანი დუმილის შემდეგ მიკროფონთან მისვლა გაბედეს და პარლამენტის სხდომაზე საკუთარი მოსაზრებები ხმამაღლა პირველად გამოხატეს. აღნიშნულის მიუხედავად, პარლამენტში დღემდე ბევრი დარჩა არათუ რიგითი ამომრჩევლისთვის, თვითონ დეპუტატებისთვისაც უცნობ დეპუტატად. იმას, ვისაც მათი გაცნობა სურს, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი იმ მეთოდის გამოყენებას ურჩევს, რომლითაც თვითონაც სარგებლობს ხოლმე:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] “პარლამენტის საიტზე არის პარლამენტარების სია, თავისი სურათებით, და ზოგიერთს აქ მაინც ვათვალიერებთ. არიან ისეთები, რომლებიც სხდომაზე საერთოდ არ ყოფილან, არც კომიტეტში. რატომ არიან პარლამენტში, არ ვიცი."

ამ უცნაური ამბის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში მიღებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა საქართველოს პარლამენტს სერიოზული დარტყმა მიაყენა, რომ, ამავე დროს, პარლამენტში კანონების ყოველგვარი განხილვის გარეშე მიღების წესი ამუშავდა, ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ, მთლიანობაში, საქართველოს პარლამენტი მაინც ბევრად უფრო სიმპათიურად გამოიყურება, ვიდრე აღმასრულებელი ხელისუფლება, ვიდრე, მისივე სიტყვებით, “ეგრეთ წოდებული სასამართლო ხელისუფლება და მეოთხე ხელისუფლებაც კი.“

მოქმედ პარლამენტზე კიდევ უფრო მაღალი წარმოდგენა აქვს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნიკა გვარამიას:

[ნიკა გვარამიას ხმა] “ეს წელი იყო რეკორდული, კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით, კანონპროექტები კი, -მიუხედავად იმისა, რომ იყო სწრაფ ტემპში მიღებული, - ძალიან მაღალი ხარისხის."

მაღალი ხარისხის კანონებში გვარამია გულისხმობს: კანონს სიტყვის თავისუფლების შესახებ, მაუწყებლობის შესახებ, განათლების შესახებ, საგადასახადო კოდექსს და ასე შემდეგ. მალე საქართველოს პარლამენტში არდადეგები დაიწყება. ოპოზიციონერი დეპუტატების საახალწლო სურვილია პარლამენტში მუშაობა გახდეს უფრო ორგანიზებული და უფრო თანმიმდევრული საშინაო და საგარეო პოლიტიკის კურსის განსაზღვრაში.
XS
SM
MD
LG