Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წლის სხვა სახე: ეთიოპიური ოჯახი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში


ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყოველკვირეული რუბრიკა ‘სხვა სახე’ ქალთა საკითხებისა და უფლებების შესახებ გთავაზობდათ სიუჟეტებს.

ამ სფეროში კი ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემას ოჯახური ძალადობის თემა წარმოადგენს. იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ საქართველოში გასული წლის განმავლობაში, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსლის წარმომადგენლებს ვესაუბრე და გავარკვიე, რომ თურმე ახალი წლის დამდეგს ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში საკმაოდ უჩვეულო ვითარება შეექმნათ.

[ნატო შავლაყაძის ხმა] “ერთი წელი გვისრულდება იანვრის ბოლოს და ჯერჯერობით ცხრამეტ ადამიანს შევძელით, რომ რეალურად დავხმარებოდით. ძალიან ვისურვებდით, რომ ამ ადამიანების რიცხვი ნაკლები იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვხვდებით, რომ გაცილებით მეტია და რომ გაცილებით ბევრ ადამიანს ვერ ვეხმარებით, ვინაიდან ამის შესაძლებლობა არ გვაქვს – როგორც ფიზიკურად ადგილი არ გვაქვს, ისე ეკონომიური შესაძლებლობაც ამის არ გაგვაჩნია.” (სტილი დაცულია)

ეს იყო ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსლის თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე, რომელსაც ქსლის ოფისში შევხვდი და ოჯახური ძალადობის მხრივ 2004 წელს არსებულ მდგომარეობაზე ვესაუბრე. ეს ქსელი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ორგანიზაციიდან, რომლებიც საქართველოში ოჯახური ძალადობის თემაზე მუშაობს და ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობის შემსუბუქებას ემსახურება. ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ოჯახის წევრების მიერ ერთმანეთის მიმართ გამოვლენილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებისთვის. ამას თან ერთვის ისიც, რომ პრობლემა, გარკვეულწილად, ტაბუდადებულის სტატუსს ატარებს, ვინაიდან ‘ქართული ოჯახის ფენომენზე’ და მასში გამეფებულ ურთიერთპატივისცემაზე სიამაყით საუბრის ტრადიცია რეალურად არსებულ პრობლემებს ყურადღების მიღმა ტოვებს.

ოჯახური ძალადობის თვალსაზრისით, საქართველოში არსებულ ვითარებაზე ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა, გაეროს კვლევების მიხედვით, პოსტსაბჭოთა რეგიონში მცხოვრებ ყოველ მეოთხე ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს განცდილი ძალადობა და აგრესია. საქართველოში ოჯახური ძალადობის პრობლემის მოგვარებას ისიც ართულებს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის შექმნილი შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, თუმცა უკვე მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე. მაგრამ როგორც ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსლის წარმომადგენლებმა მითხრეს, თავშესაფარში წინასაახალწლოდ შექმნილმა არაორდინარულმა ვითარებამ ისინი კიდევ უფრო რთულ ბიუროკრატიულ მექანიზმებთან დააკავშირა. საქმე ის არის, რომ, პირველად ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში, მათ თავშესაფარში სხვა ქვეყნის მოქალაქეები აღმოჩნდნენ – ეთიოპიური ოჯახი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ქმრის ნათესავებთან ჩამოვიდა სტუმრად და, ოჯახური კონფლიქტის შედეგად, უსახსროდ და უსაბუთოდ დარჩა. გვესაუბრება ელისო ამირეჯიბი:

[ელისო ამირეჯიბის ხმა] “ერთ მშვენიერ დღეს დაგვირეკეს საავადმყოფოდან და გვითხრეს, რომ მათ საავადმყოფოში არის უცხოელი მოქალაქე, რომლის შვილსაც გაუკეთდა ბრმა ნაწლავის ოპერაცია და ამჟამად უკვე გაწერის სტადიაშია, მაგრამ წასასვლელი არა აქვს, არ სურს იმ ოჯახში დაბრუნება, საიდანაც მოვიდა, რადგანაც საშინელი კონფლიქტი აქვს თავისი ქმრის ნათესავებთან და ეშინია იქ დაბრუნების, რადგანაც ფიზიკურ განადგურებაზეც კია ლაპარაკი.”

ამის შემდეგ ეთიოპიის მოქალაქე ქალი ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსლის თავშესაფარში მოხვდა. როგორც გაირკვა, იგი ქმრის ნათესავებთან იყო ჩამოსული, ვინაიდან მისი მეუღლის დედა წარმოშობით საქართველოდანაა და ეთიოპიაში ქორწინების შემდეგ გადავიდა. უთანხმოება სწორედ რძალსა და დედამთილს შორის მოხდა, რის შედეგადაც ქალი, ორ შვილთან ერთად, საბუთებისა და სახსრების გარეშე აღმოჩნდა თავშესაფარში და, როგორც ელისო ამირეჯიბი გადმოსცემს, ოჯახს მალე მამაც შეუერთდა:

[ელისო ამირეჯიბის ხმა] “ჩვენ ეს ქალბატონი, თავისი ორი შვილით, მივიღეთ თავშესაფარში და მცდელობა გვქონდა, ცხადია, ცოლ-ქმრის შერიგების. ჩვენ ვეცადეთ დედამთილისა და რძლის შერიგებასაც, მაგრამ ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია. შემდეგ ამ ქალის შვილი მოვიდა და თქვა, რომ ცოლ-შვილს წაიყვანდა თავისთან. მაგრამ ორი დღის მერე მოხდა ისე, რომ დაბრუნდა ეს ბიჭი, თავადაც ნაცემი, დაფხაჭნილი და გვთხოვა: მეც შემიფარეთ, მე ჩემი ცოლ-შვილი მინდა და დედაჩემთან ბრძოლა აღარ შემიძლია, იმიტომ რომ მაიძულებს და მთხოვს, დავტოვო ოჯახიო.”

ელისო ამირეჯიბის თქმით, პრობლემის გადაჭრის მიზნით სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირების მათი ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ საბუთების უქონლობის და საქართველოდან გამგზავრების შეუძლებლობის გამო ოჯახის წევრებს დარღვეული აქვთ სავიზო რეჟიმი და, შესაბამისად, საქართველოში მათი ყოფნა არალეგალურ სტატუსს ატარებს, გაირკვა, რომ ქვეყანა ვერანაირ ზომას ვერ იღებს მათ გასამგზავრებლად:

[ელისო ამირეჯიბის ხმა] “ეს ძალიან რთული პროცესია. ჩვენ მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გვითხრა, თუ მოგვიტანთ საბუთებს და მოგვიტანთ ბილეთებს, გავამგზავრებთ სამშობლოშიო. და კითხვა ისმის, აეროპორტში მიყვანაზეა ლაპარაკი თუ რა უნდა გააკეთონ სხვა?”

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსლის თანამშრომლების დახმარებით, მე თავშესაფარში მცხოვრებ ეთიოპიურ ოჯახთანაც მოვახერხე შეხვედრა. მათ საკმაოდ თბილად მიმიღეს და ინტერვიუზეც დამთანხმდნენ. ოჯახის უმცროსი წევრები - ოთხი წლის გოგონა და ცხრა წლის ბიჭი – მშობლებთან შედარებით ბევრად უდარდელად და მხიარულად გამოიყურებოდნენ; ოჯახის მამამ შექმნილ ვითარებაზე შემდეგი რამ მითხრა:

[რესპონდენტის ხმა]: ჩემმა ცოლმა დედაჩემთან იჩხუბა და ცოლმა აღარ ისურვა სახლში დაბრუნება. ასე მოხვდა აქ. მერე მეც ვეჩხუბე დედას და აქ აღმოვჩნდი. მე ჩემს შვილებთან და ცოლთან ერთად დავრჩები და ეთიოპიაში დავბრუნდები.

ჩვენი საუბრის დროს ოთახში მეუღლე შემოვიდა და ძალადობისგან დაცვის ქსლის წარმომადგენლებისთვის სიუჟეტში მადლობის გადახდა მთხოვა. მითხრა, რომ მათი დახმარების გარეშე მას და მის შვილებს უკიდურესი გაჭირვება ემუქრებოდათ.

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსლის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ მალე შეძლებენ ამ უჩვეულო შემთხვევის მშვიდობიანად გადაწყვეტას, მომავალი წლიდან კი გააგრძელებენ დახმარების გაწევას მათთვის, ვინც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდება. მათი ცხელი ხაზის ნომერი – 26 16 27 – კვლავაც განაგრძობს მუშაობას.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG