Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაახალწლო რჩევა მათთვის, ვინც ფინანსური ამნისტიის გამოცხადების გამო 1 იანვრიდან ფინანსური დოკუმენტაციის განადგურებას აპირებს


პირველი იანვრიდან საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდება "ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების ლეგალიზების კანონი"

და ახალი საგადასახადო კოდექსი.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ამ ორი დოკუმენტის საბოლოო შინაარსს არ იცნობს უდიდესი ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებმაც ახალი კანონებით უნდა იხელმძღვანელონ.

საქართველოს პარლამენტმა "ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების ლეგალიზების" კანონპროექტი კანონად ისე აქცია, რომ რამდენიმე შეთანხმებული ცვლილება დოკუმენტში არ ეწერა.
მთავრობისა და პარლამენტის ორთვიანი დავისა და დეპუტატების პერიოდული პროტესტის შემდეგ ქვეყანაში ერთჯერადი ფინანსური ამნისტია დაკანონდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი წლის პირველივე დღიდან მეწარმეებსა და ბიზნესმენებს უფლება ექნებათ გაანადგურონ 1992 წლიდან 2003 წლის ჩათვლით დაგროვილი დოკუმენტაცია, რომელიც მათ მიერ დაფარულ გადასახადებს შეეხება:

[გიორგი ისაკაძის ხმა] "ვისაც უნდა გაანადგუროს, მაგრამ გაანადგუროს მხოლოდ მას შემდეგ, რაც წაიკითხავს ამ კანონს და კონსულტაციებს გაივლის იურისტებთან. მანამდე მე არავის არ ვურჩევ ამის განადგურებას." (სტილი დაცულია)

ბიზნესმენთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ისაკაძეს ამგვარი რეკომენდაციის საფუძველს უქმნის ის ფაქტი, რომ ამნისტიის კანონის, ისევე, როგორც საგადასახადო კოდექსის საბოლოო რედაქცია პრაქტიკულად არავის უნახავს:

[გიორგი ისაკაძე] "1-2 იანვარს, უქმე დღეების გარდა, საგადასახადო დეპარტამენტმა, საბაჟო დეპარტამენტმა და კერძო სექტორმა უნდა დაიწყონ ახალი თამაშის წესებით ურთიერთობა. მე მაინტერესებს, ვინ რომელი დოკუმენტით ხელმძღვანელობს. ეს თუ არ არის რეალურად გამოსული და მისული უწყებებამდე, უბრალოდ იანვარში რა მოხდება, საკმაოდ საინტერესო იქნებოდა ამ ყველაფრის მოსმენა და პრაქტიკულად ნახვა." (სტილი დაცულია)

რაც შეეხება მთავრობისთვის საამაყო ახალი საგადასახადო კოდექსის უკვე ცნობილ პუნქტებს, გიორგი ისაკაძე ამბობს, რომ თუ ადმინისტრირების გაუმჯობესებას არ ჩავთვლით, სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. მით უმეტეს, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირების საკითხი ივლისამდე გაურკვეველია:

[გიორგი ისაკაძის ხმა] "მე ვეჭვობ, რომ საგადასახადო კოდექსში გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო და მათი გარკვეული ნაწილის ინიციატორი თავად საქართველოს მთავრობა იქნება." (სტილი დაცულია)

იანვრიდან საგადასახადო დეპარტამენტი გადამხდელთა ხელახალი რეგისტრაციის ერთწლიან პროცესს დაიწყებს და როგორც თავად აცხადებს, მეწარმეებისა და ბიზნესმენების საგადასახადო კულტურის ამაღლებას შეეცდება. გადასახადების ნებაყოფლობით გადახდისა და კანონმორჩილების პრინციპთა დამკვიდრების მიზნით საკუთარი პროგრამა აქვს ბიზნესმენთა ფედერაციასაც.

მანამდე კი გადასახადების ამკრეფებმაც და გადამხდელებმაც ახალი წლის აღნიშვნის რამდენიმე დღიანი პროცესი უნდა დაასრულონ და რაც მთავარია, საბოლოოდ გაეცნონ იმას, რასაც ფინანსური ამნისტია და ახალი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG