Accessibility links

მადლობა ბოდიშის ნაცვლად და ჩაფარცხული ხულიგნური სკანდალი პარლამენტში


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი დავით კირკიტაძე და მის მიერ ახლახან დაჩაგრული, პარლამენტის დაცვის თანამშრომელი,

რიგითი სოსო ჯებისაშვილი დღეს ოფიციალურად შერიგდნენ. ყველაფერში დამნაშავე საშვების ახალი სისტემა აღმოჩდა, რომლის შემოღების შესახებ დეპუტატ კირკიტაძეს არაფერი სცოდნია. სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შესრულების გამო შეურაცხყოფილ რიგითს მართალია გავლენიანი დეპუტატისაგან ბოდიში არ მოუსმენია, მაგრამ იგი მთავარი ისაა, რომ მმართველმა პარტიამ უსიამოვნო მითქმა-მოთქმის დასრულება მოახერხა.

მმართველი პარტიის აღმასრულებელ მდივანს, რეზერვისტთა ბატალიონის მეთაურს, დეპუტატ დავით კირკიტაძეს პარლამენტის დაცვის თანამშრომელმა მისი თანმხლები პირის საშვი მოთხოვა. ამ პირს საშვი არ აღმოაჩნდა, რიგითმა სოსო ჯებისაშვილმა წესდების თანახმად უარი განაცხადა ამ ადამიანის პარლამენტის შენობაში შეშვებაზე. ამით განრისხებულმა დავით კირკიტაძემ რიგითი თავის კაბინეტში ძალით შეიყვანა, საიდანაც ყვირილის და ავეჯის მტვრევის ხმა ისმოდა, შემდეგ დაცვის თანამშრომელი ოთახიდან გამოვარდა. მას გინებით მოსდევდა დეპუტატი და თან წიხლებს ურტყავდა”. ეს ინფორმაცია სააგენტო “ინტერ-პრესმა” 24 დეკემბერს დილით გაავრცელა. მოლოდინის მიუხედავად დეპუტატის ამ საქციელის გამო ხელისუფლების წარმომადგენლებს არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ. უფრო მეტიც ამ ამბავზე ქართულ ტელეკომპანიებს იმ დღეს სიტყვაც არ უთქვამთ.თავად დავით კირკიტაძე იმავე საღამოს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლად გაემგზავრა. ახლა კი დეპუტატი და მის მიერ დაჩაგრული რიგითი საჯაროდ შერიგდნენ.

[დავით კირკიტაძის და დაცვის თანამშრომლის ხმები] "კიდევ ერთხელ ჩამოვართვა სოსოს ხელი. მოუხადო უღრმესი მადლობა. ჩავთვალოთ, რომ ეს ინცინდენტი არის ამოწურული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე პარლამენტის წევრი დავით კირკიტაძე ვაფიქსირებ უღრმეს პატივისცემას ამ ადამიანის მიმართ. რამეთუ ის იცავდა კანონს და იცავდა ზედმიწევნიტ კარგად. მე მოვუწოდებდი მას საშვთა რეჟიმის დარღვევას და მან ეს არ გააკეთა. დაცვის თანამშრომლის ხმა - ფიზიკურ შეურაცხყოას ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ გვქონია სიტყვიერი შელაპარაკება. საქმის კურსში ჩავაყენე ჩემი უფროსობა. რის შედეგადაც მიიღეს შესაბამისი ზომები, როგორც კანონი მოითხოვდა." (სტილი დაცულია)

ამდენად რიგითმა ჯებისაშვილმა ცემის ფაქტი უარყო, დეპუტატმა კი ბოდიშის მოხდის ნაცვლად დაზარალებულს მადლობა გადაუხადა. უნდა ითქვას, რომ 12 ოქტომბერს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანომ მანამდე უპრეცედენტო - დეპუტატთა ქცევის კოდექსი მიიღო. ამ კოდექსის ხელმომწერთა შორის დავით კირკიტაძეც იყო. კომენტარი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ სწორედ 12 ოქტომბერსაა ჩაწერილი

[დავით კირკიტაძის ხმა] "აუცილებლად დავიცავ და ვიცავდი ამ ნომრებს რაც აქ წერია. სიტყვას ვდებ, რომ დარბაზში არ ვიჩხუბებ არასოდეს. დარბაზის გარეთ, არაფერი არ წერია დარბაზის გარეთზე." (სტილი დაცულია)

როგორც ჩანს დავით კირკიტაძემ თავიდანვე დაიზღვია თავი და ეთიკის კოდექსის მხოლოდ პარლამენტის დარბაზში და არა მთელ შენობაში დაცვა ივალდებულა. რაც შეეხება 24 დეკემბრის ინცინდენტს, დღევანდელი შერიგების ცერემონიით, როგორც ჩანს იგი საბოლოოდ ჩაიფარცხა და სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შემსრულებელი 19 წლის რიგითის მცემელი, თუ მხოლოდ სიტყვიერად შეურაცხმყოფელი დეპუტატი ყოველგვარი სასჯელისაგან გათავისუფლდა.
XS
SM
MD
LG