Accessibility links

logo-print

რუსეთი საქართველოში ეუთოს საზღვრის დაცვის მისიის მანდატის გაგრძელებას ვეტოს ადებს


ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა საქართველო-რუსეთის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე

მონიტორინგის გაგრძელების შესახებ. ეუთოს წარმომადგენლის რიჩარდ მერფის ცნობით, შეთანხმების პროექტს ვეტო რუსეთმა დაადო. პროექტის მიხედვით, ხუთშაბათს ვენაში მიღებული გადაწყვეტილებით ეუთოს საზღვრის მეთვალყურეთა მისიის მანდატი ექვსი თვით უნდა გაგრძელებულიყო. ნინო გელაშვილი უფრო დაწვრილებით ამ შემთხვევის შესახებ:

ვენაში, ეუთოს მუდმივი საბჭოს ერთობ დაძაბულ სხდომაზე რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საზღვრის მონიტორინგის მისამ შეასრულა დაკისრებული ამოცანა და ის აღარ არის საჭირო.

მისიის მანდატი პარსკევს, შუაღამისას იწურება.

რუსეთმა მხარი არ დაუჭირა აგრეთვე ეუთოს მომავალი წლის ბიუჯეტსაც, რითაც ორგანიზაცია შეთანხმების მიღწევამდე ე.წ. ავარიულ რეჟიმში, საგანგებო ფონდებზე დაყრდნობით მუშაობისთვის გაწირა.

ეუთოში გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა მისი 55-ვე წევრის თანხმობა.

ეუთოს წარმომადგენელმა რიჩარდ მერფიმ განაცხადა, რომ ეუთოს მეთვალყურეები საგუშაგოების დატოვებას პარასკევიდან დაიწყებენ და ეს პროცესი შაბათ-კვირასაც გაგრძელდება. მერფისავე თქმით, საქართველო, შეერთებული შტატები, ევროკავშირი და სხვებიც აპირებენ განაგრძონ ზეწოლა რუსეთზე, რომ მან გააუქმოს, უკან წაიღოს თავისი ვეტო:

[მერფის ხმა]
"არ იყო კონსენსუსი საქართველოში საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის გაგრძელების საკითხში. ასე რომ, 31 დეკემბერს, საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის მანდატს ვადა ეწურება. ამ საკითხზე და სხვა მოუგვარებელ პრობლემებზე, როგორიცაა, მაგალითად, 2005 წლის ბიუჯეტის საკითხი, მოლაპარაკება იანვარში გაგრძელდება."

ეუთოს მეთვალყურეების შრომის საფასურს ანაზღაურებს არა ეუთო, არამედ ინდივიდუალური ქვეყნები.

მერფიმ ისიც აღნიშნა, რომ მეთვალყურეების მიერ საგუშაგოების დატოვების პროცესი ისე იქნება ორგანიზებული, რომ კომპრომისის შემთხვევაში მათ სწრაფად შეძლონ დაბრუნება.

"რადიო თავისუფლებას" ვენაში მყოფმა დიპლომატებმა უთხრეს, რომ მუდმივი საბჭოს შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე ცნობილი იყო, რომ რუსეთი მეთვალყურეთა მისიისთვის მანდატის გაგრძელების წინააღმდეგი იყო. ჩავარდა კომპრომისული წინადადება მისიისთვის მანდატის 30 ივნისამდე გაგრძლების შესახებაც.

ეუთომ საქართველოს საზღვარზე მონიტორინგი 1999 წელს დაიწყო, როცა მოსკოვი ირწმუნებოდა, რომ ჩეჩენი მეომრები თავისფულად მოძრაობდნენ საქართველოს საზღვარზე. 30-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმაც, შეიტანა წვლილი ეუთოს მეთვალყურეთა მისიის დაფინანსებაში.

ევროკავშირის წარმომადგენელი დაან ევერტსი ამბობს, რომ "ნაადრევია სამგლოვიარო ზარების ჩამოკვრა", რადგან არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირმა მოისურვოს საკუთარი მეთვალყურეების გაგზავნა საქართველოში და რომ ევროკავშირის მეთვალყურეები ქართველებთან ერთად იმუშავებენ საზღვრის გასაკონტროლებლად. ვენაში მყოფმა არაერთმა დელეგატმა აღნიშნა, რომ ამგვარი ნაბიჯით რუსეთი ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან მოსკოვი დაკარგავს ამ ოპერაციის გაკონტროლების ბერკეტს.

რაც შეეხება ბიუჯეტს, რუსეთი აცხაებს, რომ ის ეუთოს ბიუჯეტს მხარს დაუჭერს იმ შემთხვევაში, თუკი ეუთო მიიღებს მოსკოვის წინადადებას ენერგორესურსების დაცვისადმი მიძღვნილი საგანგებო კონფერენციის ჩატარების თაობაზე და აგრეთვე ეუთოს არჩევნების მონიტორინგის სისტემის შეცვლის შესახებ დისკუსიის თაობაზე. მოსკოვი უკმაყოფილოა ეუთოს მიერ ბელორუსიის, უკრაინისა და უზბეკეთის არჩევნების მონიტორინგით.

რიჩარდ მერფი ამბობს, რომ რუსეთის ვეტო ხელს შეუშლის ეუთოს ოპერაციებს, მაგრამ ვერ შეაჩერებს მათ. ეუთოს განაწესით, დასაშვებია მომავალი წლის სამი თვის მანძილზე გასული წლის ბიუჯეტის 25 პროცენტის დახარჯვა.

მერფიმ შეგვახსენა, რომ რუსეთმა ვეტო დაადო 2002 წლის ბიუჯეტსაც, მაშინ მას ლატვია და ესტონეთი უპირისპირდებოდნენ. მოსკოვმა ვეტოზე უარი მხოლოდ 5 თვის შემდეგ თქვა.

ეუთოს მორიგი თავმჯდომარე ქვეყანა სლოვენია იქნება. ამ ქვეყნის წარმომადგენელთა თანახმად, ეუთოს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა ამ ორგანიზაციის საერთაშორისო ავტორიტეტს უქმნის საფრთხეს.
XS
SM
MD
LG