Accessibility links

logo-print

ახალი წელი, მთვრალი მძღოლები და პატრული


მთვრალი მძღოლები საჭესთან - ამის გარეშე ახალი წლის დღესასწაულები საქართველოში ნაკლებად თუ ვინმეს წარმოუდგენია. ის კი არა და, ალკოჰოლისა და მძღოლის

მტკიცე კავშირი ამ დროს თვით საგზაო ინსპექტორების თვალითაც კი სავსებით ნორმალურად აღიქმებოდა. ვერაფერს იზამ, 1-დან 15 იანვრამდე საქართველოში ხომ ოფიციალური სმაა გაჩაღებული. და მაინც, აპირებს თუ არა ამ მხრივ მეტი სიმკაცრის გამოჩენას საპატრულო პოლიცია (რომელიც საქართველოში თავის პირველ ახალ წელს ხვდება) და რატომ გაუთამამდა სიმთვრალეს თბილისელი მძღოლი?

33 წლის გოგა ჟვანია, როგორც წესი, ვერც ალკოჰოლს ელევა, ვერც - საჭეს და ამის გამო ვერც სინდისის განსაკუთრებულ ქენჯნას გრძნობს ხოლმე:

(გოგა ჟვანიას ხმა) ”ერთი ნაკლი მაქვს - ნასვამი სიარული მიყვარს ძალიან. მე ვთვლი, რომ ისე ხშირად ვარ ნასვამი, რომ, მე მგონი, მივეჩვიე და ზუსტად ისე დავდივარ, როგორც - ფხიზელი (იცინის). ჩემი მიზანი კი არ არის, რომ ნასვამი დავჯდე რულზე, მაგრამ ხშირად მიწევს და თან ხელს მიწყობს ის, რომ არავინ არ მაჩერებს.” (სტილი დაცულია)

თუმცა ალკოჰოლის მოყვარული ახალგაზრდა მძღოლის გასაგონად თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი ზურაბ მიქაძე ერთ ფრიად ცნობილ ანდაზას იხსენებს:

(ზურაბ მიქაძის ხმა) ”ეტყობა, ვერ მოხვდა პატრულის თვალთახედვის არეში, რა. კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს - ეს უნდა უთხრათ იმას, ვინც ეს თქვა.” (სტილი დაცულია)

ზურაბ მიქაძეს გოგა ჟვანიას სიტყვები, რბილად რომ ვთქვათ, მცდარად ეჩვენება:

(ზურაბ მიქაძის ხმა) ”არა, როგორ არ აჩერებენ?! რეიდის ფორმა არა აქვს ამას - გადაკეტილ ქუჩაზე რომ ყველა მანქანას აჩერებდნენ და პირში სუნავდნენ ხალხს, ასეთი ფორმა არა აქვს, თორემ თუკი იქნება დამრღვევი მძღოლი და თან - აღმოჩნდება ნასვამი, გაფორმდება და ...”. (სტილი დაცულია)

მიუხედავად ყველაფრისა, გოგა ჟვანია ახალი წლის დღესასწაულებზე, რა თქმა უნდა, გვარიანად მოლხენასაც აპირებს და - ავტომანქანით გადაადგილებასაც:

(გოგა ჟვანიას ხმა) ”ვთვლი, რომ ახალი წელი ისეთი დღესასწაულია, რომ ფხიზელი კაცი იშვიათი სანახავია. თუ ავადმყოფი არ არის, ფხიზელი არ დაჯდება რულზე. ახალ წელს კომუნისტების და შევარდნაძის მთავრობაც კი ერთი-ორი დღე ხალხს ნებართვას აძლევდა ნასვამები დამჯდარიყვნენ რულთან და, საერთოდ, გაი თუ გაგაჩერებდა - მარტო ახალი წლის მოსალოცად.” (სტილი დაცულია)

აპირებს თუ არა პატრული, ძველი კოლეგების მსგავსად, ახალი წელი მიულოცოს საჭესთან მსხდომ მთვრალ მძღოლებს?

(ზურაბ მიქაძის ხმა) ”ჩვეულებრივად, სიმთვრალის გამოვლენა იქნება. როგორც გუშინ იყო, ისე იქნება პირველშიც, ორშიც და სამშიც და მუდმივად.” (სტილი დაცულია)

მიქაძე განმარტავს და გვირჩევს კარგად დავიმახსოვროთ, რომ სიმთვრალის გამოვლენა მხოლოდ საგზაო წესების დარღვევების ნაკვალევზე არ ხდება:

(ზურაბ მიქაძის ხმა) ”ახლა, შეიძლება არ დაარღვიოს, მაგრამ ზიგზაგით მიდიოდეს და ნახოს პატრულმა და შეიტანოს ეჭვი და გააჩეროს და მთვრალი აღმოჩნდეს. დარღვევა მარტო ხომ არ არის, არა?! შეიძლება გვერდზე ჩაუაროს და თვალებზე შეამჩნიოს და გააჩეროს იმიტომ, რომ - მთვრალიაო - იფიქროს. ათასი რაღაც მომენტია, რა... ეჭვს მიიტანს თუ არა მძღოლზე, რომ ნასვამია, მაშინათვე აფორმებს.” (სტილი დაცულია)

პირველ ფაქტზე - მართვის უფლების 1-2 წლით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 2-3 წლით ჩამორთმევა. - მთავარი პატრულის თქმით, ძირითადად, ასეთია ხოლმე სიმთვრალეზე წასწრებული მძღოლების ბედი. უკეთეს შემთხვევაში კი, რაც ძალიან იშვიათად ხდება, მათ პირველ ჯერზე - 70-80 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 150 ლარის გადახდა უწევთ.

ისე კი, ალბათ, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ არითმეტიკით საქართველოში ვინმე შეაშინო და მით უმეტეს - ახალი წლის დღეებში.

უსაფრთხო და მშვიდობიან 2005-ს გისურვებთ.
XS
SM
MD
LG