Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები, შესაძლოა, რკინიგზის სადგურის შენობიდანაც გამოასახლონ


როგორც ჩანს, დევნილების სასტუმროებიდან, სანატორიუმებიდან და სხვა კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობებიდან გამოსახლების

პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებს. დევნილებს ჯერ “ივერია” დაატოვებინეს, შემდეგ “აჭარა”. არაა გამორიცხული უახლოეს მომავალში დევნილები რკინიგზის სადგურის შენობიდანაც გამოასახლონ. ყველაფერი რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მოხერხებულობაზე იქნება დამოკიდებული, უფრო სწორად კი, იმაზე, შეძლებენ თუ არა ისინი სადგურის ამორტიზებული შენობით პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის რკინიგზის სადგურის შენობა არც სასტუმროა და, მით უმეტეს, არც ტურბაზა, დევნილთა 30 ოჯახი იქ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ცხოვრობს. ამ ათი წლის განმავლობაში ხმაურიანი ვაგზლის მოედანი მათთვის იმდენად მშობლიურ გარემოდ იქცა, რომ ინფორმაციამ შენობის შესაძლო დატოვების შესახებ დევნილების შეშფოთება გამოიწვია.

[ქალბატონის ხმა ]“გვესმის, კი. ხმები დადის, რომ უნდა გაიყიდოს და ჩვენ უნდა გაგვასახლონ, მაგრამ ამის სათქმელად ჩვენთან არავინ მოსულა.”

სადგურის შენობას თავშეფარებული ადამიანები კომპენსაციის სავარაუდო მოცულობასაც ასახელებენ. ისინი შიშობენ, რომ შვიდი ათასი დოლარი ბინის შესაძენად არ ეყოფათ:

[ქალბატონის ხმა] “აჭარაში” 7 ათასი მისცეს, ვერაფერს ყიდულობენ და რა ვქნათ, ჩვენც თუ ისე მოგვცეს? უფრო უარეს გაჭირვებაში ჩავვარდებით, მე ასე ვფიქრობ.”

დევნილების რკინიგზის სადგურიდან შესაძლო გამოსახლების შესახებ არაფერი სმენია მერიაში შექმნილი იმ საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს, ზურაბ კიკალეიშვილს, რომელმაც “ივერიიდან” და “აჭარიდან” იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლების ორგანიზება უზრუნველყო:

[ზურაბ კიკალეიშვილის ხმა] “ამ საქმესთან ნამდვილად არანაირი შეხება არა აქვს მერიას, იმიტომ რომ ორივე კომისიის თავმჯდომარე ვიყავი და რამე რომ იყოს, აუცილებლად მეცოდინება. მაგრამ შეიძლება, რომ ამას თვითონ რკინიგზის მესვეურები აკეთებდნენ. მერია და სახელმწიფო რომ არაფერშუაშია, ნამდვილად ვიცი.”

არაა გამორიცხული დევნილების გამოსახლებით “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელობა იყოს დაინტერესებული: რკინიგზის სადგური ხომ დღემდე ამ უწყების საკუთრებაში რჩება. თუმცა, მაღალი ალბათობით, ვითარება უახლოეს თვეებში შეიცვლება. “საქართველოს რკინიგზის” პრესსამსახურის უფროსის ირმა სტეფნაძის თქმით, რკინიგზის მესვეურები ზომაზე მეტად ამორტიზებული სადგურისთვის ინვესტორს ინტენსიურად ეძებენ:

[ირმა სტეფნაძის ხმა] “მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ რკინიგზის ცენტრალური სადგური, რომელიც ძალიან მოძველებულია და ვერანაირი სერვისი მომსახურეობის თვალსაზრისით იქ ვერ კეთდება, მოიძებნოს ისეთი ინვესტორი, რომელიც იჯარით აიღებს ამას და ჩადებს რაღაც თანხას მის კეთილმოწყობაზე. აი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასკვნა - რას ვუზამთ იმ ლტოლვილებს, შეუშლის თუ არა იმ ინვესტორს ხელს ეს ლტოლვილები, ამაზე ლაპარაკი საერთოდ არ ყოფილა.”(სტილი დაცულია)

ერთი სიტყვით, რკინიგზის სადგურის შენობაში მცხოვრებ დევნილებს ინვესტორის გამოჩენამდე შეუძლიათ მშვიდად იძინონ. თუმცა რკინიგზის სადგურისათვის დამახასიათებელი ხმაურის, ანტისანიტარიისა და შენობის ავარიული მდგომარეობის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, რომ მომავალმა ინვესტორმა ამ ადამიანებს ცხოვრების უარესი პირობები შესთავაზოს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG