Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2004 წლის ათი მთავარი ამბავი


რომელმა მოვლენებმა მიიქცია ყველაზე მეტად ჩვენი ყურადღება 2004 წლის ახალი ამბების გამოშვებებში? ამის დასადგენად რადიო "თავისუფალი ევროპა"-რადიო "თავისუფლების"

ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების განყოფილებამ წლის მიწურულს გამოკითხვა ჩაატარა ჩვენი რადიოს თანამშრომელთა შორის. გამოკითხვის შედეგად შეირჩა ის ათი ამბავი, რომელთა გახსენებას ბოლოდან დავიწყებთ.

[ოლიმპიური მუსიკა]

მთავარი მოვლენების სიაში მეათე ადგილზე გავიდა ზაფხულის 28-ე ოლიმპიური თამაშები, რომელიც 108-წლიანი შესვენების შემდეგ თანამედროვე ოლიმპიადების დედაქალაქში - ათენში დაბრუნდა. ათენის თამაშები ოლიმპიადების ისტორიაში უდიდესი თამაშები გამოდგა - მასში მონაწილეობა მიიღო ათი ათასზე მეტმა სპორტსმენმა - და, არაერთი ექსპერტის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, საუცხოოდ იყო ორგანიზებული.

მეცხრე ადგილი ერგო ტრაგედიას, რომელსაც გაერომ მსოფლიოს უსასტიკესი ჰუმანიტარული კატასტროფა უწოდა. ეს გახლავთ ტრაგედია დასავლეთ სუდანში მდებარე დარფურის პროვინციაში, სადაც არაბთა შეიარაღებულმა რაზმებმა ათიათასობით ადამიანი დახოცეს, ხოლო კიდევ ორ მილიონამდე სუდანელი საკუთარი მიწა-წყლიდან აყარეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დარფურში მომხდარს გენოციდი უწოდა:

[კოლინ პაუელის ხმა] "დავასკვენი, რომ დარფურში განხორციელებულ იქნა გენოციდი და მისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ სუდანის მთავრობასა და მის მხარდამჭერ არაბთა შეიარაღებულ რაზმებს."

კოლინ პაუელის ამ განცხადებისა და გაეროს არაერთი მოწოდების მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობა დიდად არ ჩარეულა დარფურში მომხდარ მოვლენებში.

[მუსიკა. Pink Floyd. "Money"]

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე დოლარმა ევროს მიმართ თავისი ღირებულების ერთი მესამედი დაკარგა. ამ ამბავმა ჩვენს სიაში მერვე ადგილი დაიკავა. სარეკორდოდ დაბალ ნიშნულს დოლარმა დეკემბერში მიაღწია, როცა ერთი ევროს საყიდლად დოლარი და 35 ცენტი იყო საჭირო. ევროპაში შიშობენ, რომ მეტისმეტად მყარი ევრო "ძველი კონტინენტის" ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს.

ახლა კი მოუსმინეთ 2004 წლის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც მადრიდის საგარეუბნო მატარებლის მემანქანე ქალი ახლომდებარე სადგურის დისპეტჩერს ატყობინებს, რომ მატარებელში ბომბია, და დახმარებას ითხოვს.

[ესპანელი ქალის ხმა, აფეთქებები, კივილი]

ეს მოხდა 11 მარტს. მადრიდის ცენტრში მდებარე რკინიგზის სადგურ ატოჩაში, რომელიც ტერორისტებმა თავიანთ მთავარ სამიზნედ შეარჩიეს, ზედიზედ აფეთქდა საგარეუბნო მატარებლებში ჩადებული ბომბები. აფეთქებებმა, რომლებისთვისაც პასუხისმგებლობას ისლამისტ ექსტრემისტებს აკისრებენ, უდიდესი გავლენა იქონია სულ რამდენიმე დღეში გამართულ საყოველთაო არჩევნებზე. ესპანეთის ამომრჩეველმა ზურგი შეაქცია მმართველ სახალხო პარტიას, რომელიც მხარს უჭერდა ერაყში მიმდინარე სამხედრო კამპანიას, და ხმა მისცა ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს სოციალისტურ პარტიას. საპატერომ პირობა შეასრულა და ერაყიდან ესპანეთის სამხედრო შენაერთები გაიყვანა. მადრიდის აფეთქებები ჩვენს სიაში მეშვიდე ამბად შევიდა.

ახლა კი მეექვსე ამბის შესახებ. ევროპელთა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი თარიღი იყო მიმდინარე წლის 1 მაისი. ამ დღეს ევროპის კავშირის 15 ქვეყანას ათი ახალი წევრი დაემატა. ევროკავშირის მაშინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ბერტი აჰერნი მიესალმა ახალ წევრებს და განაცხადა, რომ ეს დღე ევროპელთათვის ახალი დასაწყისის მანიშნებელია. მის სიტყვებს აღტაცების შეძახილებით შეხვდნენ ტალინში, ხოლო ფოიერვერკების სროლით - პრაღაში.

[ბერტი აჰერნის ხმა, შეძახილები, ფოიერვერკი]

ევროპიდან აზიაში, მეექვსედან მეხუთე ამბავზე გადავინაცვლოთ. ეს გახლავთ ერაყი, სადაც სექტემბერში, დროებითი მთავრობის თავმჯდომარემ იად ალავიმ ასეთი სიტყვები წარმოთქვა:

[იად ალავის ხმა, ტაში]

მაშინ იად ალავიმ, გარდა იმისა, რომ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს, განაცხადა, რომ ერაყი სტაბილურობისა და დემოკრატიისკენ მიემართება. თუმცა, შემდგომმა მოვლენებმა, უდანაშაულო ადამიანთა მოტაცებებმა და სიკვდილით დასჯამ, შემდეგ კი სისხლიანმა ბრძოლებმა ფალუჯასა და ნაჯაფში, გვიჩვენა, რომ სტაბილურობის მიღწევამდე ერაყს კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი.

რადიო "თავისუფლების" თანამშრომელთა გამოკითხვაში მეოთხე ადგილი ხვდა ნოემბერში მომხდარ მოვლენას - იასირ არაფატის გარდაცვალებას.

[სამგლოვიარო მარში]

იასირ არაფატს პალესტინელები დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში თავიანთ ლიდერად მიიჩნევდნენ, ისრაელის თვალში კი იგი, უბრალოდ, ტერორისტი იყო. არაფატის სიკვდილში ბევრმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის გამოცოცხლების შანსი დაინახა. ამ შანსის გამოყენება დიდად იქნება დამოკიდებული ავტონომიის ახალ ხელმძღვანელზე, რომელსაც პალესტინელები 9 იანვარს აირჩევენ.

ახლა კი 2004 წლის სამი უმთავრესი მოვლენა. აუდიომონტაჟში რომელსაც სულ მალე მოისმენთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი ჯონ კერი ამერიკელებს ეუბნება, საშუალება გეძლევათ, ჯორჯ ბუშს ბოლო ოთხი წლის მანძილზე ჩადენილისთვის პასუხი მოსთხოვოთო. ჯორჯ ბუში კი - უკვე პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ - კმაყოფილი აცხადებს, ამერიკამ თავისი სიტყვა თქვაო, და ნდობისთვის მადლობას უხდის თანამემამულეებს.

[აშშ-ის ჰიმნი, ჯონ კერისა და ჯორჯ ბუშის ხმები]

აშშ-ის პრეზიდენტად ჯორჯ ბუშის ხელახალი არჩევა რადიო "თავისუფალი ევროპა"-რადიო "თავისუფლების" თანამშრომლებმა წლის მესამე მოვლენად დაასახელეს.

სიაში მეორე ადგილი ერგო უდანაშაულო ადამიანთა ხოცვა-ჟლეტას, რომელმაც სექტემბერში მთელი მსოფლიო შეძრა.

[ჭირისუფალთა ტირილი, სროლა, ვლადიმირ პუტინის ხმა]

"საქმე გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ტერორის პირდაპირ ინტერვენციასთანო", ეს სიტყვები ვლადიმირ პუტინმა ბესლანის ტრაგედიის დღეებში წარმოთქვა. მსმენელს შეხსენება არ სჭირდება, მაგრამ მაინც ვიტყვი: ბესლანის საშუალო სკოლაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 340-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათგან ნახევარზე მეტი ბავშვები იყვნენ. რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში აუცილებელია უფრო მკაცრი ზომების გატარება. ერთ-ერთ ასეთ ზომად პუტინმა რეგიონების ხელმძღვანელთა არჩევითობის პრინციპის გაუქმება მიიჩნია.

დაბოლოს: 2004 წლის ამბავი ნომერი პირველი - უკრაინის "ნარინჯისფერი რევოლუცია". მოისმინეთ ეუთოს მეთვალყურეთა დელეგაციის ხელმძღვანელის ბრუს ჯორჯის განცხადება, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ნოემბრის მიწურულს გააკეთა.

[ბრუს ჯორჯის ხმა] "უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა ვერ დააკმაყოფილა ეუთოს მოთხოვნათა მნიშვნელოვანი ნაწილი, ვერ უპასუხა დემოკრატიული არჩევნებისთვის ევროპის საბჭოს მიერ დადგენილსა და სხვა ევროპულ ნორმებს."

ამ შინაარსის განცხადებები ბრუს ჯორჯის გარდა არაერთმა უცხოელმა მეთვალყურემ გააკეთა. ამასობაში კი კიევის ცენტრში ოპოზიციის ლიდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ვიქტორ იუშჩენკოს მხარდამჭერთა მრავალათასიანი დემონსტრაცია მიმდინარეობდა. საბედნიეროდ, არ გამართლდა პესიმისტური პროგნოზი, რომ ორი კანდიდატის მხარდამჭერთა დაპირისპირება შეიარაღებულ შეტაკებებში, ან სულაც, სამოქალაქო ომში გადაიზრდებოდა.

26 დეკემბერს ჩატარებულმა ხელმეორე კენჭისყრამ კი გამარჯვება ვიქტორ იუშჩენკოს მოუტანა. და მთავარი ამბების მიმოხილვა სწორედ უკრაინის ახალი პრეზიდენტის სიტყვებით მინდა დავამთავრო:

[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] "ეს არის უკრაინელი ხალხის, უკრაინელი ერის გამარჯვება. ამ დღემდე, შეიძლება ითქვას, რამდენიმე საუკუნე მოვდიოდით. 14 წლის მანძილზე ჩვენ დამოუკიდებელნი ვიყავით, ახლა კი თავისუფლება მოვიპოვეთ."

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG