Accessibility links

2004 წლის კულტურული ცხოვრების უმთავრესი ტენდენციები


თუ კულტურა საზოგადოების სულიერებას გამოხატავს, სწორედ კულტურული ცხოვრების ანალიზით უნდა გახდეს ნათელი, რამდენად განვითარდა ქართული საზოგადოების ცნობიერება 2004 წელს.

დღეს მინდა შეგახსენოთ გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენები და მჯერა, რომ ჩემთან ერთად ასეთ ანალიზს თავადაც გააკეთებთ.

[23 ნოემბრის ზეიმი - “რევოლუციურს... ნგრევას, დაუნდობელ ნგრევას ძველისას”]

საქართველოში 80-იანი წლების მიწურულს სიტყვა “რევოლუცია” “ბოლშევიზმის” ასოციაციას ბადებდა. ამიტომ გალაკტიონის ეს ლექსი, რომელიც კომუნისტებმა თავიანთი დღესასწაულების სამკაულად აქციეს, “ეროვნული მოძრაობის” ზოგიერთმა ლიდერმა ლამის “კონიუნქტურულ ნაწარმოებად” შეაფასა.

და აი, 2004 წლის 22 ნოემბერს, სპორტის სასახლეში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე, “დროშები ჩქარა” ისევ აჟღერდა. ”ვარდების რევოლუციის” წლისთავისადმი მიძღვნილი საღამოს წამყვანი უმღეროდა “დაუნდობელ ნგრევას ძველისას”, გაერთიანებული ნაციონალები და დემოკრატები კი ახალ დროშას აფრიალებდნენ, ახალ ჰიმნს მღეროდნენ... მღეროდნენ ბავშვები, მღეროდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები, მღეროდა ხალხი, რომელიც 2003 წლის ნოემბერში ქუჩაში გამოვიდა და ისიც, ვინც სახლში დარჩა. თუმცა ყველამ არ იმღერა... ირაკლი ჩარკვიანი, მაგალითად, ჩვენთან საუბარში აღნიშნავდა, რომ 2004 წელს ქართულ კულტურაში არაფერი შეცვლილა:

[ირაკლი ჩარკვიანის ხმა] “ამბოხი არის სტილი, ამბოხი არის პერმანენტული პროცესი, კულტურულ ერებში ამბოხი უსასრულო ხასიათს ღებულობს... კულტურა არის უსასრულო რევოლუცია, როცა ერი კარგავს შეგრძნებას რევოლუციის პერმანენტულობის, ის გადადის უკულტურო ერებში, რომლებიც არ ვითარდებიან.”

მაგრამ ქართულ საზოგადოებას, როგორც ჩანს, სიმბოლოების შემქმნელები უფრო უყვარს, ვიდრე სიმბოლოს დამანგრევლები. რევოლუციის წლისთავზე თბილისის მერს გაუხსენეს 5 წლის წინ დაწერილი სტატია, რომელშიც ზურაბ ჭიაბერაშვილი “ქართვლის დედაზე” ქილიკობდა, მერე კი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს ემზარ ჯგერენაიას შეუტიეს: საზოგადოების ერთმა ნაწილმა - მათ შორის იმ ხალხმა, ვინც სიამოვნებით აფრიალებდა ახალ ქართულ დროშას - “ეროვნული სუფრის” დაცვა დაიწყო.

გასული წლის კულტურულმა ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ რევოლუციის შემდეგ “რევოლუციური ხელისუფლება” აქტიურად მიმართავს კულტურული სიმბოლოების ჩანაცვლებას. წლის ბოლოს, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა მუშაობა შეაჯამა და ილაპარაკა სამინისტროს დამსახურებაზე სახელმწიფო ჰიმნისა და გერბის შექმნის პროცესში. სამინისტროში გაიხსენეს რეორგანიზაცია, რომელიც ჩატარდა ოპერისა და ბალეტის თეატრში და ნინო ანანიაშვილის ტრიუმფი – ერთაქტიანი ბალეტების საღამო, რომელსაც სპეციალისტებმა ქართული ბალეტის “რეანიმაცია” უწოდეს. წარმატებულ ღონისძიებებს შორის, რომელსაც ახალმა ხელისუფლებამ დაუჭირა მხარი, დასახელდა ფოლკლორული ფესტივალი “არტგენი” და ჯაზის ფესტივალი და ბორჯომის მუსიკალური ფესტივალი, რომელიც, ჩვენში დარჩეს, შევარდნაძის ეპოქაშიც პოპულარული იყო. უბრალოდ, წელს ეს პოპულარული ღონისძიებები არა შევარდნაძის, არამედ მიხეილ სააკაშვილის ან მისი მეუღლის პატრონაჟით ჩატარდა. კულტურის ის დარგები კი, რომელიც ასეთ “ჩანაცვლებას” არ ემორჩილება – ქართული თეატრი და კინო, კვლავაც უმძიმეს მდგომარეობაშია. უფრო მეტიც, წინა წლებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი კინო თუ თეატრალური პრემიერა ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ გამართულა. ქართული კინო ვითარდებოდა იმ ხალხის “ხარჯზე”, ვინც “სიმბოლოებით” გატაცებულ ხელისუფლებას არაფერს სთხოვდა. სტუდია “მობილის” მესვეურებმა, მაგალითად, წლის ერთ-ერთი საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, “გენერალური რეპეტიცია”, რომელიც სოციალური თერაპიის სახლშია გადაღებული, უცხოური ორგანიზაციების დახმარებით დაასრულეს.

[ლიანა ჯაყელის ფილმის ხმა] “მზე გარდაიქმნება მთვარედ და მთვარე ვარსკვლავად, თუ აზრს შეიცვლი, ყველაფერი გამოიცვლება.”

ფილმში ამ სიტყვებს შექსპირის პიესის გენერალურ რეპეტიციაზე ეგრეთ წოდებული “შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანი” წარმოთქვამს. პოლიტიკური გარდაქმნები მოხდა, მაგრამ ქართულ კულტურაში “მთვარის ვარსკვლავად გარდაქმნა” ისევ ვერ ხერხდება.
XS
SM
MD
LG