Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 556–ე გამოშვება

გალერისტი ხელოვნებაშიც უნდა ერკვეოდეს და ბიზნესშიც

მარიამ ჭიაურელი: დღევანდელი პროგრამის ერთ-ერთ სიუჟეტში, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებზე საუბრისას, რამდენიმეჯერ ვახსენეთ მსოფლიო სავაჭრო ცენტრი - ნიუ-იორკის ორი ცათამბჯენი, რომლებიც ტერორისტების თავდასხმამ მიწასთან გასწორდა. რა აიგება იმ ადგილას, უკვე გადაწყდა - ახალი, გრანდიოზული პროექტის ავტორია ცნობილი ამერიკელი არქიტექტორი დანიელ ლიბესკინდი. და ლიბესკინდსვე შეეხება საუბარი შემდეგ სიუჟეტში. ოღონდ ნიუ-იორკიდან პრაღაში გადმოვინაცვლებთ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ შემდეგი სიუჟეტის “გმირი” არის არა ლიბესკინდი, არამედ ერთი პრაღელი ხელოვანი - მიროსლავ სმოლაკი. რატომ?

მიროსლავ სმოლაკს ორი-სამი დღის წინ ვესაუბრე. რატომ? მასთან საუბრის მიზეზის, თემის გამონახვა ძნელი ნამდვილად არ არის... რად ღირს თუნდაც ის, რომ სმოლაკი პრაღის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს: ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული გამოფენები პრაღაში, თამამად შეიძლება ითქვას, მიროსლავ სმოლაკის გალერეაში იმართებოდა - გალერეა “მიროში”. საქმე არ ეხება მხოლოდ საყოველთაოდ აღიარებული, გნებავთ უდიდესი ხელოვანების, მათ შორის პიკასოს, შაგალის, დალის ქმნილებებს. “მირო” მასპინძლობდა ასევე სხვა ამპლუაში სახელმოხვეჭილი ადამიანების, თუნდაც ჯონ ლენონის, კარელ გოტის ჩანახატების, სხვა ნამუშევრების ექსპოზიციებს ...

ასე რომ, რა გასაკვირია, “მიროს” პრაღაში ყველა იცნობს - გალერიისა და მისი მფლობელის, გალერისტ მიროსლავ სმოლაკის შესახებ ურიცხვი სტატია იბეჭდება: არა მარტო ჩეხეთის პრესაში.

[გამოფენის ხმაური] გალერეაში მისულმა, ვიდრე ბატონი სმოლაკი ჩემთვის მოიცლიდა, ორი სქელი საქაღალდის ფურცვლა დავიწყე - რას არ წავაწყდი? მიროს შესახებ სტატიებს ჩეხურ, სლოვაკურ, გერმანულ, პოლონურ, ინგლისურ, არაბულ, თქვენ წარმოიდგინეთ ჩინურენოვანი გაზეთებიდან, თვით გალერეის მეპატრონის ურიცხვ გამოსახულებას.

გამოხმაურება არ აკლია არც ამჟამინდელ გამოფენას. რა გასაკვირია? - ექსპოზიციას ფრანსისკო გოიასა და სალვადორ დალის ნამუშევრები შეადგენს. ჩემი პირველი შეკითხვაც ამ ექსპოზიციას ეხებოდა. მაინც რატომ ესპანელი მხატვრები, იქნებ არსებობს რაიმე განსაკუთრებული მიზეზი?

მირო: “არა, რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს... თუმცა, შეიძლება, არსებობდეს კიდეც. პრაღისთვის ვამზადებ პროექტს დანიელ ლიბესკინდთან ერთად - ამერიკელი არქიტექტორია, რომელიც ნიუ-იორკში მსოფლიოში უმაღლესი შენობის აგებას შეუდგა იმ ადგილას, სადაც ტერორისტებმა ორი ტყუპი კოშკი დაანგრიეს. და მე ვამზადებ სალვადორ დალის ნამუშევრების მუდმივ ექსპოზიციას პრაღაში შენობისათვის, რომლის პროექტიც დანიელ ლიბესკინდს ეკუთვნის. რაც შეეხება ჩემს გალერეაში ამჟამინდელ გამოფენას, გოიას და დალის ნამუშევრებს, მან ბევრი ქალაქი შემოიარა, პრაღამდე მოსკოვში იყო.”

მარიამ ჭიაურელი: სალვადორ დალი გალერეა “მიროში” აქამდეც იყო გამოფენილი - თანაც რამდენიმეჯერ. რა არის დალისადმი პრაღელი გალერისტის ასეთი ინტერესის მიზეზი?

მირო: “დალის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი, მეტ-ნაკლებად, შემთხვევით გამიჩნდა - 5 წლის წინ, როცა ჩემს ფრანგ პარტნიორთან ერთად პრაღაში სალავადორ დალის პირველი გამოფნა მოვაწყე. მას შემდეგ დალის დიდი თაყვანისმცემელი ვარ და მინდა, ხელოვნების სასახლეში, რომლის აგებასაც პრაღაში ვგეგმავთ, დალის ნამუშევრების მუდმივი გამოფენა იყოს”.

მარიამ ჭიაურელი: “ალბათ იმის თქმაც შეიძლება, რომ თქვენთვის, ბიზნესმენისათვის, ფინანსურადაც მომგებიანია სალვადორ დალის გამოფენა?”

მირო: “არა მარტო ჩემთვის - ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრისთვის მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. დალი ბიზნესია - ისევე როგორც შაგალი, პიკასო, ვორჰოლი. დალი არის ნომერი პირველი - ხელოვნებასთან დაკავშირებულ ბიზნესში...”

მარიამ ჭიაურელი: “თქვენ კი ნათქვამი გაქვთ, რომ გალერისტი ხელოვნებაშიც და ბიზნესში ერთნაირად უნდა ერკვეოდეს...”

მიროს ხმა: “რასაკვირველია, ასეა! ხელოვნება ბიზნესია. ამ გამოფენაში 12 000 ათასი ევროს გადახდა მიწევს. მე ხომ სახელმწიფო არ მიხდის ფულს გამოფენის დასაფინანსებალდ! მე ვარ კულტურის სფეროში მოღვაწე კერძო მეწარმე. ყოველ თვე ხელფასი უნდა ვუხადო 8 თანამშრომელს, უნდა ვიხადო გადასახადები, დაზღვევა, ელექტროენერგიის საფსური, ქირა. ხელოვნება ბიზნესია! “
მიროსლავ სმოლაკისაგან კიდევ ბევრი საინტერესო რამ შევიტყე - მაგალითად, რატომ იყო ადვილი სახელგანთქმული და ურიცხვი პროექტით დაკავებული ამერიკელი არქიტექტორის დაყოლიება პრაღაში ახალი შენობის აგებაზე...
[მიროს ხმა] “ჩემთვის ადვილი იყო იმიტომ, რომ ვაპირებ განვახორციელო ის, რაც ღმერთებს სურთ, რომ დედამიწაზე იარსებოს..."

მარიამ ჭიაურელის ხმა: “რა იცით, ღმერთებს რა სურთ?”
[მიროს ხმა] “ამას ვგრძნობ. მე ხომ ჩემთვის არაფერს ვაკეთებ - ისტორიას ვუკეთებ! ლიბესკინდის პროექტით აგებულ სასახლეს საფლავში ხომ არ ჩავიტან?! და ეს ლიბესკინდმაც იცის. ამიტომაც ვაპირებთ ამ პროექტის რეალიზებას..."

შენობა, რომელმაც “ღმერთებსაც კი სურთ, რომ პრაღაში იარსებოს”, სავარაუდოდ, 2007 წლის მიწურულს იქნება მზად სალვადორ დალის ქმნილებების გამოსაფენად. მაგრამ ეს მომავლის საქმეა, ახლა წარსულზე. წეღან ვთქვით, რომ მიროსლავ სმოლაკთან შეხვედრის მიზეზი ძნელი მოსაძებნი არ არის - რად ღირს თუნდაც ეს მიზეზი...

მირო: “საქართველო არასოდეს დამავიწყდება. იქ, ალბათ, ასე, 30 წლის წინ ვიყავი, სულ 25 წლის ვიქნებოდი. მეგობარმა დამპატიჟა - ლიტერატურათმცოდნე გურამ ჭოხონელიძემ, რომელიც მაშინ ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა. ჩავფრინდი - დიდი რუსოფილი ვიყავი. საბჭოთა კავშირი ისე მიყვარდა, რომ თბილისში თვითმფრინავიდან რომ ჩავედი, დავიჩოქე და მიწას ვეამბორე. წარმოიდგინეთ, ხალხი როგორ გაოცდებოდა! გურამი მეუბნება - “მირო, ადექი არ შეიძლება!” მე კი ვპასუხობ - “ რატომ-მეთქი?” ვერ მივხვდი! რომ ავდექი და ავტობუსში ჩავსხედით, ხალხი ახლოს არ მეკარებოდა - ალბათ, გიჟი ვეგონე! მოკლედ ძალიან მიყვარს საქართველო. მაშინ ედუარდ შევარდნაძე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მახსოვს ოქტომბერში ჩავედი, როცა “თბილისობას” ზეიმობდნენ და ჩემი სამოყვარულო კამერით ¨თბილისობა¨ გადავიღე. ეს მასალა დაედო საფუძვლად დოკუმენტურ ფილმს, რომელიც მოგვიანებით ბერლინში გამოვუშვი. “

მარიამ ჭიაურელი: "ახლა თუ ადევნებთ თვალ-ყურს იმას, რაც საქართველოში ხდება?"

[მიროს ხმა] "კი, პოლიტიკურ პროცესებს. ამ სიშორიდან მათი ობიექტურად შეფასება გამიჭირდება, მაგრამ ახალი პრეზიდენტი ჩემზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ის, რასაკვირველია, რთული ამოცანის წინაშე დგას. ჩემი რჩევა იქნებოდა, ცოტა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს რუსეთთან. ამერიკელი ძმა ძლიერია, დიდია - ის მეც მიყვარს...

მარიამ ჭიაურელი: “რუსებიც ძველებურად გიყვართ?”

მირო: “რასაკვირველია! მიყვარს რუსები, მიყვარს ქართველები, სომხები. მიყვარს ტაჯიკები - ჩემი უახლოესი მეგობარი ტაჯიკია - მოქანდაკე, პარიზში ცხოვრობს, მიყვარს ჩემი ქუვეითელი მეგობარი მოჰამედ ალ-კადირი. ყველა მიყვარს, ყველა ქვეყანაში... მე ვარ ადამიანი, რომელიც სიკეთის საკეთებლად მოევლინა დედამიწას.”
თუმცა, პრაღელი გალერისტი ასპარეზად არც დედამიწას სჯერდება...

მირო: “ხვალ-ზეგ, 12 სექტემბერს 53 წლის ვხდები, 60 წლისა კი ჩემს დაბადების დღეს - ასევე 12 სექტემბერს - კოსმოსში გავფრინდები. ერთი კვირით. და იქ,უცხოპლანეტელებთან სულიერ კონტაქტს დავამყარებ, რადგან მტკიცედ მჯერა რომ ცივილიზაცია არა მარტო დედამიწაზე არსებობს - და რომ უცხოპლანეტელები გონიერებით გაცილებით აღგვემატებიან ჩვენ, პრიმიტიულ ადამიანებს, რომლებიც აქ სისხლს ვღვრით და ომებს ვაჩაღებთ. სამარცხვინოა ... მრცხვენია იმის, რასაც კაცობრიობა სჩადის!”

მარიამ ჭიაურელი: მიროსლავ სმოლაკი უკვე დამპირდა ინტერვიუს კოსმოსიდან დაბრუნების შემდეგ. თუმცა, მანამდე კიდევ 7 წელი რჩება და რახან საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პრაღელ გალერისტთან საუბრის მიზეზი არ გამოილევა, მიროს ჩვენს გადაცემებში შესაძლოა მანამდეც შეხვდეთ. ახლა კი დაბადების დღეს ვულოცავთ ამ უჩვეულოდ ენერგიულ და წარმატებულ ადამიანს და...

მირო: “ნახვამდის”.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG