Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა კეთდება მიწისძვრითა და ცუნამით დაზარალებული სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის დასახმარებლად


სამწუხაროდ, კიდევ უფრო იზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 26 დეკემბერს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, რომელმაც,

ბოლო მონაცემების თანახმად, 130 ათასს მიაღწია. ჯერჯერობით შეუფასებელია ის მატერიალური ზარალი, რაც სტიქიამ ინდონეზიას, ტაილანდს, ინდოეთს, შრი ლანკას, მალაიზიასა და მალდივის კუნძულებს მიაყენა. დახმარებას საჭიროებს ამ ქვეყნების უსახლკაროდ, საკვებისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა.

[დაზარალებულის ხმა] ”მოულოდნელად ოკეანემ უკან დაიხია 15 წუთის მანძილზე და უცებ, მოულოდნელად, უზარმაზარმა ტალღამ გადაგვიარა. ახლა აქ ყველა, ვინც გადარჩა, იმ ტანსაცმლის ამარაა, რომელსაც მანამდე ვატარებდით.”

[დაზარალებულის ხმა] ”ჩვენი სახლი მთლიანად დაინგრა. ყველაფერი წყალმა წაიღო. გთხოვთ რაიმეთი მაინც დაგვეხმარეთ. ჩვენ არ გვაქვს საჭმელი, ჩვენ არ შეგვიძლია საკვების შეძენა, რამდენიმე დღის მანძილზე ცარიელი სტომაქით დავდივართ - დაგვეხმარეთ, ბატონო.”

ესენი არიან ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მიწისძვრამ და ცუნამმა ჩააგდო. მსგავს მდგომარეობაშია სამხრეთ აზიის უამრავი მცხოვრები და 100 ათასობით ტურისტი. დიდია რეგიონში ეპიდემიისა და სხვა დაავადებათა გავრცელების საშიშროებაც.


ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ფულადი შემოწირულობების შეგროვებას განაგრძობს. უკვე მობილიზებული 500 მილიონი დოლარიდან ნახევარი მსოფლიო ბანკის შენატანია, შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ. თუმცა მხოლოდ ეს თანხა საკმარისი არ არის სტიქიისგან მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ. ამიტომ გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მსოფლიო საზოგადოებრიობას უპრეცედენტო მოქმედებისკენ მოუწოდა:

[კოფი ანანის ხმა] ”ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის კოორდინირება და გაერთიანება, რათა კრიზისზე მაქსიმალური ზემოქმედება შევძლოთ. ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის, რომ ეს მოითხოვს უფრო მეტ ფულს და უფრო მეტ ძალისხმევას.”

კოფი ანანმა ისიც აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ გაუმკლავდება სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის ლიკვიდაციას.

გერმანია, საფრანგეთი და იტალია მსოფლიოს ყველაზე განვითარებული 8 ქვეყნის შეკრების ინიციატივით გამოვიდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ვალების მორატორიუმის საკითხის განსახილველად. ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი უფრო დონორი ქვეყნების კონფერენციის მოწყობის მომხრენი არიან.

ამ ორი ქვეყნის სახელმწიფო მოხელეები არც გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის განცხადებას ეთანხმებიან. მათი აზრით, დაზარალებული რეგიონის დახმარების კოორდინაცია გაერომ უნდა ითავოს.

სწორედ დახმარების გონივრული კოორდინაციაა ახლა საჭირო, რადგან სამხრეთ აზიის ბევრი აეროპორტი გადავსებულია ჰუმანიტარული დახმარებით, საკვები და თბილი ტანსაცმელი კი უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობამდე ვერ აღწევს, რადგან ჩახერგილი ან განადგურებულია საავტომობილო გზები და სხვა სატრანსპორტო მაგისტრალები, ხოლო შვეულმფრენები არასაკმარისია.
XS
SM
MD
LG