Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საკითხების წამოწევა მართებს ხელისუფლებას 2005 წელს


ახალი წელი დადგა, თუმცა საქართველოში საახალწლო განწყობილება ჯერ არ განელებულა. სადღესასწაულო განწყობილებას ამ ქვეყანაში იანვრის შუა რიცხვებამდე ინარჩუნებენ.

ამდენად, წლის პირველი თვე - განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი - ერთმანეთისთვის დღესასწაულების მილოცვასა და საახალწლო სურვილების ურთიერთგაცვლაში გადის. ჩვენც დღეს იმ საახალწლო სურვილებზე ვისაუბრებთ, რომელთა შესრულებაც არა ერთი და ორი ადამიანის, არამედ მთელი ქვეყნის ინტერესებში შედის. რისი გაკეთება სურს საქართველოს ხელისუფლებას 2005 წელს და რა საკითხების გადაწყვეტას უსურვებენ მას მიმდინარე წლის განმავლობაში?


ახალი, 2005 წლის ნომერ პირველ ამოცანად საქართველოს ხელისუფლებას ისევ და ისევ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში გარკვეული ძვრების მიღწევა რჩება. ამ მხრივ, გასულ წელს სასიკეთო არაფერი მოუტანია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ აჭარაში მომხდარ რევოლუციას, რასაც ჩოლოქთან გავლებული ავადსახსენებელი საზღვრის მოშლა მოჰყვა. შეძლებენ თუ არა, ერთი მხრივ, ქართველები და ოსები, მეორე მხრივ, აფხაზები და ქართველები ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმას 2005-ში, არავინ იცის. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ყველაფერი მხარეთა შორის ნდობის აღდგენაზეა დამოკიდებული, ნდობის აღდგენის პროცესს კი ხელს უშლის ძალისმიერი მოწოდებების შემცველი განცხადებები, ვთქვათ, ისეთი, როგორიც ახალი წლის ღამეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ოსიაურში, რეზერვისტთა საწვრთნელ ბანაკში, მეკვლეობისას გააკეთა:

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] “2005 წელი არ იქნება გამონაკლისი, იმიტომ რომ საქართველოს კიდევ ერთი დაკარგული ტერიტორია შემოუერთდება და თქვენ იქნებით ის ადამიანები, რომლებიც ამას მიაღწევენ. “

ერთია ეს განცხადება, მეორე - პრეზიდენტის დანაპირები იმის შესახებ, რომ 2005 წლის დასაწყისშივე საქართველოს ხელისუფლება აფხაზებსა და ოსებს ახალ სერიოზულ სამშვიდობო წინადადებებს შესთავაზებს. საქართველოს ხელისუფლებაში დაწყებულია მუშაობა ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე. იქნება თუ არა ის მიღებული აფხაზებისა და ოსების მიერ, ამაში გარკვევა ჯერ არავის შეუძლია.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მისაღწევად საქართველოს ხელისუფლებას ყველასთვის - და, მათ შორის, პირველ რიგში, აფხაზებისა და ოსებისთვის - მიმზიდველი ქვეყნის შენებას ურჩევენ, ისეთი ქვეყნისა, სადაც იქნება ძლიერი თვითმმართველობა, როგორც დემოკრატიული მმართველობის გამოხატულება. 2005 წელი, ალბათ, არ იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წელიწადი, მიუხედავად იმისა, რომ, დემოკრატიის გაძლიერების მიზნით, პრეზიდენტს შეუძლია ამ არჩევნების 2006 წლიდან 2005 -ში გადმოტანა. პოლიტიკოსები არ ელიან, რომ წელს შეიცვლება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის დისკრედიტირებული ორგანოები და მიღწეულ იქნება რეალური თვითმმართველობა, თუმცა სურვილი აქვთ, წელს შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა რეალური თვითმმართველობისთვის. “ თუ ასეთი რამ მოხდა, მაშინ 2005 წლის ბოლოს ვიტყვით, რომ თვითმმართველობის მიმართულებით სასიკეთო ძვრებს ჰქონდა ადგილი, “ - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი ფიქრია ჩიხრაძე:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] “ძვრები იქნება, თუ ვიმუშავებთ ამ კანონმდებლობაზე და თუ უშუალოდ არჩევნების წინ არ შევცვლით კანონებს. საერთაშორისო ირგანიზაციები, მესამე სექტორის წარმომადგენლები ძალიან მობილიზებულები არიან ამ კუთხით და მე იმედი მაქვს, რაღაც ძვრებს მივაღწევთ. “

ხელისუფლებას ძვრებს მარტო იმ მიმართულებით არ სთხოვენ, რომელზეც ფიქრია ჩიხრაძემ ისაუბრა. გასული წლის მანძილზე მას მკვეთრად აკრიტიკებდნენ სასამართლო ხელისუფლების დასუსტების გამო. შეკითხვას, 2005-ში იქნება თუ არა გადადგმული ნაბიჯები სასამართლო ხელისუფლების გასაძლიერებლად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე უპასუხებს:

[ მაია ნადირაძის ხმა] “ იქნება, იქნება ნამდვილად, რადგან ეს სასამართლო არ არის ის, რაც უნდა ჰყავდეს ღირსეულ ქვეყანას. “
XS
SM
MD
LG