Accessibility links

წელს საქართველომ რამდენიმე საერთაშორისო ვალდებულება უნდა შეასრულოს

  • ნინო როდონაია

იანვრის ბოლოს სტრასბურგში გაიმართება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია, რომელიც საქართველოს მიერ ვალდებულებათა შესრულებაზე იმსჯელებს და ქვეყანას ახალ რეკომენდაციებს წარუდგენს.

ერთი წლის წინ ასამბლეამ საქართველოს ახალ ხელისუფლებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ამის დასტურად რამდენიმე ვალდებულების შესრულების გადავადებაზე დათანხმდა.
წინასწარი ინფორმაციით, იანვარში დაგეგმილ სესიაზე საპარლამენტო ასამბლეა გაცილებით მკაცრი იქნება და ზოგიერთი რეკომენდაციის შესრულებას 2005 წლის განმავლობაში მოითხოვს.

ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული ახალი რეკომენდაციების თანახმად, წელს საქართველომ რამდენიმე ვალდებულების შესრულება უნდა დაიწყოს. მათ შორისაა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური ვალდებულება, რომელიც დეპორტირებული მესხების დაბრუნებას ითვალისწინებს. ამ პროცესის დასასრულებლად ქვეყანას კიდევ რამდენიმე წელი აქვს, თუმცა ევროსაბჭო მოითხოვს, რომ,ყოველგვარი შეფერხებების გარეშე, წელსვე დაიწყოს მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციისთვის აუცილებელი იურიდიული, პოლიტიკური და ადმინისტრაციული საფუძვლების შექმნა.
ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ დეპორტირებული მესხების პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არანაირი პოლიტიკა არ განუსაზღვრავს:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ,,არჩამოყალიბებული პოლიტიკა უკვე ძალიან ცუდი პოლიტიკაა, იმიტომ რომ, როცა ჩამოყალიბებული არ გაქვს პოლიტიკა, სხვა, ნებისმიერი, სუსტი ჩამოყალიბებული პოლიტიკაც კი შენ გაზიანებს. ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკა. ნატოზეც, ევროკავშირზეც ზღაპარი იქნება ლაპარაკი, თუ ჩვენ ვალდებულებებს არ შევასრულებთ. ეს უნდა ვიცოდეთ. სანამ ჩვენს ვალებს არ გადავიხდით, მანამდე შეუძლებელია სხვა წინადადებები წამოვიდეს ევროპიდან. ამიტომ რაღაც კანონი მაინც დავწეროთ. ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება ამ ხალხს აირჩიოს - წამოვიდეს საქართველოში, თუ დარჩეს.”

იმ საერთაშორისო ვალდებულებათა შორის, რომელიც საქართველომ წელს უნდა შეასრულოს, ევროპის სოციალური ქარტიის რატიფიცირებაა.
ევროსაბჭოს ამ დოკუმენტს, რომელსაც ევროპის სოციალურ კონსტიტუციასაც უწოდებენ და რომელიც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს განსაზღვრავს, საქართველომ ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა პარლამენტს მისი რატიფიცირება დღემდე არ განუხორციელებია:

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] ,,ევროპის სოციალური ქარტია პირდაპირ ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, რომ ებრძოლონ უმუშევრობას, პირდაპირ ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, რომ სამსახურიდან დათხოვნილ პირებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიეცეთ კომპენსაცია, რათა შეძლონ ადაპტირება ახალ პირობებთან და პირდაპირ ავალდებულებს სოციალური ქარტია ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს, რომ თუ ადამიანის პროფესიასა და კვალიფიკაციაზე არ არის მოთხოვნილება, მოხდეს ახალი პროფესიის შეძენა სახელმწიფოს ხარჯზე.” (სტილი დაცულია)

იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი ევროპის სოციალური ქარტიის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში სამსახურებიდან ათასობით ადამიანი დაითხოვეს, კანონით განსაზღვრული ორი თვის კომპენსაციის გადახდის მუხლი კი შეჩერებულია.
,,ადამიანებს პროფესიისა და საქმიანობის თავისუფლად არჩევის საშუალება და საკუთარი თავისა და ოჯახის ღირსეულად ცხოვრებისთვის საკმარისი, სამართლიანი ანაზღაურების უფლება უნდა ჰქონდეთ,” - ნათქვამია ევროპის სოციალურ ქარტიაში. წელს ამ დოკუმენტის პრინციპთა ამოქმედებიდან ზუსტად 40 წელი სრულდება.
ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებულ დოკუმენტში, რომელიც 1999 წლის 27 იანვრითაა დათარიღებული, ერთ-ერთ ვალდებულებად წერია, რომ ჩვენს ქვეყანას გაწევრიანებიდან სამ წელიწადში უნდა უზრუნველეყო ევროპის სოციალური ქარტიის ხელმოწერა და რატიფიცირება. ამასთან, ხელისუფლებას ქარტიით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისი პოლიტიკის წარმოება ევალება. იმავე 1999 წელს, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინ, მაშინდელი მმართველი პარტიის, მოქალაქეთა კავშირის, მთავარი დანაპირები მილიონი სამუშაო ადგილი იყო. ამ ლოზუნგის ავტორი გუნდის წევრთაგან დღეს ერთი პრეზიდენტია, მეორე - პრემიერ-მინისტრი, მესამე კი - პარლამენტის თავმჯდომარე.
მათი მმართველობიდან გასული ერთი წლის განმავლობაში პოპულარული რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად სამსახურების გარეშე დარჩენილ მოქალაქეთაგან გარკვეული სოციალური გარანტიები მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო.
რაც შეეხება დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, წელს მთავრობა მათ 115 ლარიან ხელფასს ჰპირდება.
XS
SM
MD
LG