Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ცუნამით დაზარალებულთა დახმარებას ცდილობს


6 იანვარს ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში ცუნამით გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებული სამიტი იმართება.

ამ დღეს აზიის იმ ქვეყნების ლიდერები შეიკრიბებიან, რომლებსაც ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა ცუნამით გამწვეულმა კატასტროფამ. ბრიუსელში ამბობენ, რომ ჯაკარტის სამიტზე გამგზავრებას აპირებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჯოზე მანველ ბაროზო, ასევე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ჟან-კლოდ იუნკერი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიით დაზარალებული რეგიონებისთვის ევროკავშირის მხრიდან გათვალისწინებული დახმარება 240 მილიონ ევროს აღწევს.

ევროკომისიის პრეზიდენტი ჯაკარტაში ინდონეზიის პრემიერ-მინისტრის მიწვევით მიემგზავრება. ამის შესახებ ორშაბათს ევროკავშირის წარმომადგენელმა გრეგორ კროიცჰუბერმა განაცხადა:

[კროიცჰუბერის ხმა]
"კვირას საღამოს პრეზიდენტი დათანხმდა ინდონეზიის პრემიერ-მინისტრის მიპატიჟებას 6 იანვარს ცუნამის კატასტროფისადმი მიძღვნილ აზიის ლიდერთა სამიტზე. პრეზიდენტ ბაროზოსა და განვითარების საკითხებში ევროკომისრის – ლუი მიშელის მონაწილეობა ამ შეკრებაში იქნება იმის მაჩვენებლი, თუ როგორ სერიოზულად უდგება ევროკავშირი შექმნილ კრიზისს".

ჯაკარტის სამიტს ევროკავშირის მხრიდან ბლოკის ახლანდელი თავმჯდომარე ქვეყნის - ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ჟან-კლოდ იუნკერი დაესწრება. იქ ელიან აგრეთვე გაეროს გენერალურ მდივანს – კოფი ანანსა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელს.

ჯაკარტის სამიტი ერთი დღით უსწრებს წინ ევროკავშირის დახმარების მინისტრთა შეკრებას. ისინი ცუნამით დაზარალებულთავის ევროკავშირის დახმარების მიწოდების კოორდინაციის საკითხებს შეათანხმებენ.

ცუნამით დაზარალებულ რაიონებში ევროპის ასობით მოქალაქე დაიღუპა.

ევროკავშირს სურს, რომ ცუნამით დანგრეულ რაიონებში არა მარტო ჰუმანიტარული, არამედ აღდგენითი სამუშაოების ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლად იქცეს.

ევროკომისიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ 240 მილიონი ევრო არ არის საბოლოო თანხა, რომელსაც ევროკავშირი აზიისთვის გაიღებს. ევროკავშირის მოწადინებულობის ნათელსაყოფად კროიცჰუბერმა 23 მილიონი ევროს დაუყოვნებლივ გამოყოფა დაასახელა. მისი თქმით, ევროკავშირს თანხის მობილიზება "სილამაზის კონკურსი" არ ჰგონია და კარგად ესმის, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის მის დაუყოვნებლივ გადარიცხვას დღევანდელ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს:

[კროიცჰუბერის ხმა]
"ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ, როცა ამ 23 მილიონ ევროს ვახსენებთ, იგულისხმება თანხა, რომელიც არის არა - დაპირებული, არამედ ევროკავშირის ჰუმანიტარული პროგრამის – "ექოს" ხაზით უკვე გამოყოფილი თანხა. ეს არის რეალური, დასახარჯად გამზადებული თანხა, რომელმაც, შესაძლებელია, დაუყოვნებლივ მიაღწიოს გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანებამდე. ეს ყოველთვის ასე არ არის ხოლმე".

ევროკომისარმა ლუი მიშელმა მოინახულა ცუნამით დაზარალებული ადგილები, მათ შორის – შრი ლანკა, ინდონეზია, მალდივის კუნძულები და შენიშნა, რომ ევროკავშირი აღმოჩნდა დახმარების ყველაზე სწრაფი მიმწოდებელი ამ რეგიონებისთვის.

დახმარების გაღებაში ევროკავშირის ქვეყნებს შორის დიდი ბრიტანეთი გამოირჩეოდა. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ ორშაბათს ლონდონში განაცხადა:

[სტროს ხმა]
"ბრიტანეთის მთავრობამ უკვე გაიღო 55 მილიონი ფუნტის ღირებულების დახმარება. ბრიტანელებმა კი გამოავლინეს დიდი გულუხვობა და ადამიანობა და 60 მილიონ ფუნტზე მეტი გაიღეს ცუნამით დაზარალებულთა დასახმარებლად. ბრიტანელ სამხედროთა მონაწილეობით ეს დახმარება უკვე აღწევს გასაჭირში მყოფ ადამიანებამდე".

სხვადასხვა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მთლიანობაში ცუნამით დაზარალებულთა დასახმარებლად 2 მილიარდი დოლარის გამოყოფისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. გაეროს წილი ამ თანხაში 350 მილიონი დოლარია.

ევროკომისიის წევრ ლუი მიშელის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაეროს მიეცეს საშუალება შეასრულოს წამყვანი როლი ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების მიღება-განაწილების კოორდინაციაში.

მიშელის კომენტარი უნდა მივიჩნიოთ შეფარულ პასუხად პრეზიდენტ ბუშის განცხადებაზე, რომელიც შტატების, ავსტრალიის, იაპონიისა და ინდოეთის მიერ ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის ძირითადი ბირთვის შექმნას შეეხებოდა.

დახმარების ეფექტიანად კოორდინაციის უდიდეს მნიშვნელობაზე ირანის ქალაქ ბამში მიწისძვრით გამოწვეული ტრაგედიის შედეგებიც მიანიშნებს. გაეროს დახმარების მთავარი კოორდინატორი იან ეგელენი სწორედ ბამის მაგალითზე ამბობს:

[ეგელენის ხმა]
"ბამში ასეთი ვითარებაა: ადამიანები იმედგაცრუებულნი არიან, რადგან ჯერაც დროებით თავშესაფრებში ცხოვრობენ და არ დავიწყებიათ, რომ ისინი საცხოვრებლით უნდა უზრუნველყონ. არც ჩვენ დაგვვიწყებია, რომ იყო დაპირებები მათთვის მუდმივი საცხოვრებლების აშენების შესახებ".

საერთაშორისო დახმარების უცნაურობის კლასიკური მაგალითია ქარიშხალი "მიტჩი", რომელმაც 1998 წელს სრულიად გაანადგურა კარიბის ზღვის სანაპირო, შეიწირა 9 000 ადამიანი და 3 მილიონი უსახლკაროდ დატოვა. საერთაშორისო საზოგადოებრიობამ მილიარდობით დოლარის გაღებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ დღემდე დაზარალებულებამდე ამ დახმარების მხოლოდ მესამედმა მიაღწია.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG