Accessibility links

logo-print

ონკოლოგიური დიაგნოსტიკის ცენტრი თბილისში


საახალწლოდ თბილისში, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ონკოლოგიური დიაგნოსტიკის ცენტრი გაიხსნა. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური

დაცვის სამსახურმა სამედიცინო ცენტრისთვის 300 000 ლარი გაიღო. ექიმების თქმით, ცენტრის მიზანია ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია და საწყის ეტაპზე გამოვლენა. რას ნიშნავს “პრევენცია” და რა სარგებლობა მოაქვს ასეთ ცენტრებს?

ამიერიდან საქართველოს მოქალაქეებს უფასოდ შუძლიათ ჩაიტარონ ონკოლოგიური გამოკვლევები: საახალწლოდ გახსნილ ონკოლოგიური დიაგნოსტიკის ცენტრს გადაეცა უახლესი აპარატურა, რომლითაც შესაძლებელი ხდება ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ონკოლოგი არჩილ კაპანაძე აღნიშნავს, რომ ონკოლოგია, რომელიც, როგორც დარგი, მხოლოდ 90 წელს ითვლის, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სფეროა ქართულ მედიცინაში:

[არჩილ კაპანაძის ხმა] “სახელმწიფო ძალიან დიდ მონაწილეობას იღებს ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობაში. ჩვენი სახელმწიფოსთვის ეს ძალიან ბევრია, რასაც კისრულობს... დიდი შეღავათია მაინც.”

თუმცა სახელმწიფოს ბევრად უფრო იაფი დაუჯდება სიმსივნით დაავადებული პაციენტის მკურნალობა, თავად პაციენტებმაც რომ იაქტიურონ. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ყველაზე ეფექტური საშუალება ხომ სიმსივნის ადრეული გამოვლინება და პრევენციაა. შვეციაში, მაგალითად, სადაც ქალები 6 თვეში ერთხელ გადიან დიაგნოსტიკის პროცედურას, მკერდის სიმსივნის პრობლემა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. არჩილ კაპანაძის თქმით, საბჭოთა ეპოქაში არ არსებობდა დიაგნოსტიკის თანამედროვე საშუალებები, მაგრამ სახელმწიფო, მეტ-ნაკლებად, ზრუნავდა მოსახლეობის ეგრეთ წოდებულ “სანიტარულ განათლებაზე”:

[არჩილ კაპანაძის ხმა] “ადრე, საბჭოთა კავშირის დროს, ამას ერქვა სანიტარული განათლება. არსებობდა სახლი, მე ვმუშაობდი იქ, რეფორმა გავაკეთეთ ამ სამსახურის, მაგრამ შემდეგ დაიკარგა ეს ცნება – სანიტარული განათლება. მაგრამ დღეს აშკარად ჩანს, რომ ადამიანებს ეს სჭირდებათ...”

ონკოლოგიური დიაგნოსტიკის ცენტრის გახსნა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სიმსივნეების წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, არჩილ კაპანაძის აზრით, აუცილებელია ცვლილებების შეტანა შესაბამის კანონშიც, რათა დიაგნოსტიკა “ბიოსამედიცინო ეთიკის” ნორმებით არ შეიზღუდოს:

[არჩილ კაპანაძის ხმა] “კეთილი ტყუილის პრინციპი, რაც დღემდე შემორჩა და პირდაპირ კანონშია ჩვენთან ასახული, მართალია, არაპირდაპირი ფორმით, მაგრამ... კანონმდებელი ამბობს, რომ ექიმი ვალდებულია პაციენტს გააცნოს მისი მდგომარეობა, მაგრამ გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ექიმი თვლის, რომ ეს საზიანო იქნება პაციენტისთვის.... ექიმი ვალდებულია, მაგრამ ეს ვალდებულება მერე არსად არ არის გაწერილი, სამაგიეროდ, მეორე ნაწილში ექიმი საკუთარი ავტორიტეტით აგებს პასუხს, პაციენტს რომ რამე მოუვიდეს.”(სტილი დაცულია)

წინააღმდეგობა კანონში აისახება ექიმისა და პაციენტის დამოკიდებულებაშიც. როგორც წესი, ექიმი დიაგნოზს არ უმხელს პაციენტს... სიმსივნე კვლავაც აღიქმება რაღაც ფატალურ დაავადებად, რომლის არსებობას მალავს ექიმიც და პაციენტიც. არადა, არჩილ კაპანაძის თქმით, პაციენტების უმრავლესობას ურჩევნია იცოდეს, თუ რა ხდება მის ორგანიზმში და არსებობს თუ არა მისი განკურნების შანსი. უბრალოდ, სტიგმა, რომელიც ონკოლოგიური ავადმყოფების მიმართ შეიქმნა, პაციენტს სულ სხვა არჩევანს აკეთებინებს:

[არჩილ კაპანაძის ხმა] “სხედან სხივურ თერაპიაზე შესასვლელად, საუბრობენ: “წავიდა, იმ საწყალს კიბო აქვს”... ეს ფსიქოლოგიური თავდაცვის ერთ-ერთი მექანიზმია.”

ონკოლოგიური დიაგნოსტიკის ცენტრის პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ქვეყნის პირველი ლედი სანდრა რულოვსიც დაესწრო. როგორც ჩანს, ხელისუფლება, მართლაც, ცდილობს ქვეყანაში ღიად დაიწყოს მსჯელობა ონკოლოგიურ დაავადებებზე და, მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად, საქართველოს ყველა მოქალაქემ შეძლოს უახლესი აპარატურის დახმარებით გაერკვეს, რა ხდება მის ორგანიზმში. სიმსივნეს ხომ, ისევე როგორც ყველა დაავადებას, მხოლოდ ცოდნა ამარცხებს.
XS
SM
MD
LG