Accessibility links

logo-print

აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ პროექტის განხილვა გრძელდება


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული “აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის” შესახებ პროექტის განხილვა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ამჯერად აფხაზეთის მეცნიერთა კავშირის ინიციატივით, პროექტის ავტორები დევნილი ექსპერტების ჯგუფს შეხვდნენ. რამდენიმე საათიანი განხილვის დროს არაერთი მწვავე შენიშვნა გამოითქვა. იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ პროექტს რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთას უწოდებდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, უმრავლესობამ პროექტის იდეა დადებითად შეაფასა.





[კოტე კუბლაშვილის ხმა] “საერთო ჯამში, ჩვენ გვინდა ძალიან სერიოზული გარანტიები შევუქმნათ აფხაზ ხალხს, რომელიც თავისივე სამშობლოში რაოდენობრივად უმცირესობაში არიან. ვინაიდან ქართველ ხალხს, რომელიც იქ ამჟამად ცხოვრობს და დევნილების დაბრუნების შემდეგ ასი პროცენტით მეტი იქნება აფხაზ ხალხზე, არანაირი საფრთხე არ ემუქრება.” (სტილი დაცულია)

ასე ახსნა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, კოტე კუბლაშვილმა, ამ პროექტის შექმნის უმთავრესი მიზანი. მიუხედავად მისი ამ განმარტებისა, პოლიტოლოგიის ინსტიტუტში შეკრებილ აფხაზეთიდან დევნილი ექსპერტების შენიშვნათა უმეტესობა სწორედ საკუთარ სახლებში დაბრუნების შემდეგ მათ უფლებებსა და გარანტიებს შეეხებოდა. ქართველების უფლებების მკაცრად განსაზღვრას სხვებთან ერთად აფხაზეთის პარლამენტის წევრი ჯემალ გამახარიაც ითხოვდა:

[ჯემალ გამახარიას ხმა] “სადავო საკითხები, რა თქმა უნდა, არის და, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება აფხაზეთის მოსახლეობის რეალური თანასწორუფლებიანობის დაცვას. თუ აფხაზეთის შიგნით მოსახლეობის თანასწორუფლებიანობა იქნება დაცული, მაშინ ეს პროექტი და მისი რეალიზება საქართველოს სახელმწიფოს რაიმე საფრთეს ვერ შეუქმნის, მაგრამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სახიფათოა და მიუღებელი იქნება ჩვენთვის.”

კიდევ ერთი მუხლი, რომელიც ექსპერტებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა, აფხაზეთის პრეზიდენტის ეთნიკურ კუთვნილებას შეეხებოდა. სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ჩილაჩავა პროექტში მოყვანილ ფორმულირებას არძინბას კონსტიტუციის მუხლს ადარებდა:

[თემურ ჩილაჩავას ხმა] “ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის პრინციპი, რომელიც, ფაქტიურად, არის პერიფრაზა არძინბას მიერ 94 წლის 26 ნოემბერს მიღებული ქართველების გამოდევნის რუსების მიერ აფხაზეთიდან. თქვენ წერთ, რომ ერთ-ერთ მოდელში სთავაზობთ, რომ პარლამენტი თავის შემადგენლობიდან ირჩევს პრეზიდენტს. პრეზიდენტი შეიძლება იყოს წარმოშობით მხოლოდ აფხაზი. (სტილი დაცულია)

საბოლოოდ, რამდენიმესაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ორგანიზატორებიცა და მონაწილეებიც პროექტში გარკვეული მოსაზრებების გათვალისწინებაზე შეთანხმდნენ. სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან განხილვების დასრულებისა და იდეის საბოლოო სახით ჩამოყალიბების შემდეგ საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის პროექტი ჯერ საქართველოს ხელისუფლებას, შემდეგ კი აფხაზურ მხარეს ოფიციალურად წარედგინება.
XS
SM
MD
LG